ჰოლანდიურმა კომპანიამ Suitsupply, რომელიც მამაკაცის სამოსს აწარმოებს და უფრო მეტ აქცენტს ფორმალურ, ოფიციალურ სტილზე აკეთებს, გადაწყვიტა ქალბატონებისთვისაც შეექმნა მსგავსი ხაზი და ახალი ბრენდი Suistudio შექმნა. კომპანიამ სიახლის რეკლამირება საკმაოდ თამამად და პროვოკაციულად გადაწყვიტა. ქალბატონებისთვის მომზადებული ახალი კოლექცია პიჯაკების, კლასიკური შარვლებისა და უფრო მეტად საქმიანი სილუეტის მქონე ტანსაცმლით გამოირჩევა, რაც შეეხება მისთვის მომზადებულ ფოტოსესიას, მან გავრცელებისთანავე გამოიწვია მომხმარებელში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. საქმე ისაა, რომ ფოტოებში ბრენდის სამოსში გამოწყობილი თავდაჯერებული ქალბატონები შიშველი მამაკაცების ფონზე პოზირებენ. #nodressingmen-ის დახმარებით, Suistudio-ს არსებული სტერეოტიპების დარღვევა და იმ ფაქტისთვის ხაზის გასმა სურდა, რომ ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, წარმატებული, თავდაჯერებული და ძლიერი. მართალია, კომპანიის ჩანაფიქრი ერთი შეხედვით არაფერს ცუდს არ გულისხმობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცების ასეთ ფორმაში ხილვამ საზოგადოების ნაწილში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.




















