16
Jan
2018

ქართული ცეკვის ექსპერიმენტი – სუხიშვილები „რესპუბლიკაში“

16 Jan 2018

სანამ ეს სტატია დაიწერება, იმ დრომდე ქართული ფოლკლორისა თუ ზოგადად ქორეოგრაფიის 1000-ობით ექსპერტი დაიბადება ჩვენ თვალწინ (და ალბათ, მეც მათ შორის გავერევი). ეს გასაღიზიანებელი და გასაკვირიც არაა, ვინაიდან საკუთარი აზრის დაფიქსირება ყველასგან გასაგები და ნორმალურია.

ქართული ფოლკლორის – როგორც სასიმღერო, ისე ქორეოგრაფიული მიმართულების ისტორია ასწლეულებს იტევს. საცეკვაო ფოლკლორი ვარიანტულობით, იმპროვიზავიით, ტრადიციების ზეპირი გადაცემით ხასიათდება და მისი გავრცელება საზოგადოებაში მომავალ თაობებზე გადაცემის გზით ხდებოდა. ისინი საწესჩვეულებო რიტუალებში, შრომის პროცესებში, სახალხო დღესასწაულებში მონაწილეობისას თავისთავად სწავლობდნენ ხალხში დამკვიდრებულ საცეკვაო ფოლკლორის იმ ნიმუშებს, რომელთაც დღეისთვის გარკვეულწილად შენარჩუნებული აქვთ კუთხური თავისებურებები.

ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური თუ ლიტერატურული ნაშრომების შედეგად, დასტურდება, რომ ყველა დღეისთვის შემონახული ცეკვის წინამორბედი – სამონადირეო ცეკვა „ფერხული“ გახლდათ.

თუმცა, ეს ყველაფერი საუკუნეების წინ, მეტნაკლებად არაოგანიზებული სახით მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაში, არ უნდა აგვერიოს ტრადიციული ფოლკლორი და ქართული სასცენო ცეკვა. ამ უკანასკნელში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად გვევლინება დამდგმელი ქორეოგრაფი. ქორეოგრაფი ავლენს საკუთარ მსოფლმხედველობას და შესაბამისად ცდილობს სხვადასხვა ქორეოგრაფიული ელემენტებისა  და მოცეკვავეთა დახმარებით სცენიდან კონკრეტული ფსიქოტიპები და მათი ხასიათი გადმოსცეს.

ქართული ხალხური ცეკვები, ისევე, როგორც სიმღერები, ეროვნული ფოლკლორის ორ შტოს განეკუთვნებიან: მეტი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხალხური ცეკვებისა წარმოშობილია გლეხური ცხოვრების წიაღში, დანარჩენი კი – ქალაქური ყოფაცხოვრების ფონზე.

1945 წელს დაარსებული ქართული ეროვნული ბალეტი – სუხიშვილები – ილიკო სუხისშვილისა და ნინო რამიშვილის ქმნილება იყო. ამავე წლიდან, ანსამბლის დადგმული ცეკვები, ქართულ ფოლკლორს ეფუძნება, თუმცა არ დაგვავიწყდეს მათ მიერ გატარებული რეფორმაც და ცეკვის თანამედროვე ბალეტის პრინციპებთან დაახლოვებაც.

გავითვალისწინოთ, რომ იმ დროისთვის პარალელური პროცესები შეერთებულ შტატებშიც მიმდინარეობს. მერს კანინგემმა სრულიად ახალი კონცეფცია შემოიტანა ამერიკულ ბალეტში, თანამშომლობდა რა მის თანამედროვე ვიზუალურ ხელოვანებთან, დიზაინერებთან და მუსიკოსებთან.

“თუ მოცეკვავე ცეკვავს –  რაც არ ჰგავს ცეკვაზე თეორიულ ცოდნას, არც ცეკვის მცდელობას და არც ცეკვის ყურებას – არამედ თუ მოცეკვავე ცეკვავს – აქ ყველაფერი ნათელია. ცეკვიდან გამომდინარე, მიღებული სიამოვნება თავისუფლებაშია. მომენტი, რომელიც გვამხიარულებს და ჩვენს ენერგიას გასაქანს აძლევს. ეს ყველაფერი თავისუფლების სიყვარულიდანაა წარმოშობილი.“

50-იან წლებში, სწორედ კანინგემს, კომპოზიტორ ჯონ კეიჯთან ერთად ეკუთვნის ერთგვარი გადატრიალების მცდელობა ამერიკულ კულტურაში, რაც იმ დროინდელი საზოგადოებისთვისაც გაუგებარი ჩანდა.

ჩვენი მხრიდან კი ქართულ პარალელზე უნდა გავიაზროთ, რომ ის, რაზეც ბოლო 70 წლის განმავლობაში გავიზარდეთ, ვხედავდით, ვცეკვავდით  – არა XI საუკუნიდან დაკოპირებული ავთენტური მოძრაობებია, არამედ მისი „მორჯულებული“, თანამედროვე ვარიანტი, რომელთაგანაც უმეტესობა სწორედ ქორეოგრაფების – მეტწილად კი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის რეფორმის შედეგია.

ცეკვა, როგორც ენა და სხვა კულტურული ელემენტები „ცოცხალი“ ორგანიზმია, მუდმივად ვითარდება, ერწყმის ახალს. თუ ეს პროცესები ვინმეს არ მოსწონს, ეს გასაგებია, მაგრამ მაშინ ალბათ ჯობია დაფიქრდეს: იმავე არგუმენტით რატომ არ საუბრობენ XVII საუკუნის ქართული ტერმინილოგიით და ენისთვის დამახასიათებელი ელემენტებით? ან, მეორე მხრივ, რატომ არ გაგვაჩნია უახლესი ტერმინილოგია, რომელიც კულტურული თუ ტექნოლოგიური პროცესების განვითარებასთან ერთად, მათ აღწერას გაგვიიოლებდა? ალბათ იმიტომ, რომ წინსვლის მაგივრად, წარსულს ვებღაუჭებით – ამ დროს კი წარსულის სწორი გააზრებით უნდა მივიწევდეთ განვითარებისკენ.

13 იანვარს, „რესპუბლიკაში“ დაანონსებული საღამო „Young Georgian Lolitaz“-მა გახსნა. 2000 წელს დაარსებული ბენდისთვის საღამო ერთგვარად გამოწვევა აღმოჩნდა. პირველ სართულზე განლაგებული, აუდიტორიის ნაწილის ალტერნატიული მუსიკით დაინტერესება, თავიდანვე რთული მისია ჩანდა. ბენდის ერთგვარი Magnum opus-ი „Star” საღამოს პირველი სიმღერა აღმოჩნდა.

ამას მოჰყვა ბენდის შედარებით ახალი სიმღერები: „Weakest Link“ 2010 წლის მინიალბომიდან  „Lava“,  „Midnight Gold“, რომელიც ევროვიზიისთვის საქართველოს სავიზიტო ბარათი იყო, ასევე რამდენიმე წლის წინ ჩაწერილი „Gay Swimmer“. პარალელურად, აუდიტორიას თუ თვალს შევავლებდით,  დავინახავდით, რომ სივრცის მეორე სართულზე განთავსებული ახალგაზრდების ნაწილი ბენდს, წინ მჯდარი აუდიტორიისგან მიღებული იმედგაცრუების გადალახვაში ეხმარებოდა.

კონცერტზე ასევე შესრულდა ირაკლი ჩარკვიანის “Wooden Monkey”, მიუხედავად იმისა რომ ბენდი ამ სიმღერას ჯერ კიდევ 2007 წლის Tribute ალბომიდან ასრულებს, ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად არავის უფლებებს არ არღვევდნენ. შესრულდა რამდენიმე სიმღერის ქავერ ვერსიაც, მათ შორის კი 90-იანი წლების ალტერნატიული ჰიტი, EMF-ის „Unbelievable“.

სასიხარულოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ბენდის გამოსვლისას ერთადერთი ქართულენოვანი სიმღერა, ბენდის ვოკალისტის მამას, ასევე ცნობილ მუსიკოსს, ვალერი კოჩაროვს ეკუთვნოდა.

ერთსაათიანი პროგრამის შემდეგ, სცენა ეტაპობრივად სუხიშვილების ანსამბლს დაეთმო. ტრანზიცია კი საკმაოდ საინტერესოდ და ორიგინალურად განხორციელდა. ფრენკ სინატრას ცნობილი “My Way“-ის აკუსტიკური ვერსიის ფონზე (რომელიც სხვათაშორის Sex Pistol-ის ბასისტმა, სიდ ვიშესმა, 1978 წელს სრულიად განსხვავებული ვერსიით წარმოადგინა) სცენაზე ილიკო სუხიშვილი გამოჩნდა და აუდიტორიას დღის პროგრამის განმარტება წარუდგინა.

„რესპუბლიკაში“, სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი, ვიწრო და გრძელი სცენა ანსამბლისთვის კიდევ ერთი ექსპერიმენტი აღმოჩნდა. სწორედ ამ სცენაზე გადმოვიდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ადგილებში დადგმული სუხიშვილების მთელი პროგრამა, ტრადიციული ფოლკიდან დაწყებული, ქორეოგრაფიული ინოვაციებით გაგრძელებული – სუხიშვილების საანგარიშო კონცერტის მომსწრენი გავხდით.

ტრადიციულ აკომპანიმენტს – დოლს, აკორდეონს და ჩონგურს – ბას გიტარა და ფლეიტა დაემატნენ. აღსაღნიშნავია, რომ ბასის ჩართულობა, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა – გრუვს, რომელიც ცეკვის ძირითადი ელემენტია, მეტად აძლიერებდა.

5 ფერში შემოსილი 5 მოცეკვავე წყვილი მალევე იპყრობს პატარა სცენას. სვანური, მოხევური და აჭარული ცეკვები ერთმანეთს სწრაფადვე ენაცვლება ჩვენ თვალწინ.

სუხიშვილები, მისი ყველა მოცეკვავე და ბრძოლის მონაწილე დახვეწილი ესთეტიკითა და ცოცხალი მუსიკოსებით გამოირჩეოდნენ. სცენაზე ნახავდით დასარტყამ ინსტრუმენტებს, გიტარას, აკორდეონსა და ფლეიტას. მაღალი ნახტომები და მონაცვლეობითი ტრიალი საინტერესო იყო, მაგრამ გოგონათა მშვიდი მოძრაობები ყველაზე დამაჯერებელი იყო. აქ ყველაფერს შეხვდებოდით, რაც ქართული ტრადიციულ ფოლკლორთან თქვენს ასოციაციებს გააღვივებდა. შესამჩნევი იყო კონცერტის შუა ნაწილში ინსტრუმენტაციისთვის „დიჯერიდუს“ შემატება, რომლისგანაც წამოსული ბგერა, დაბალ ტონალობაში, მაგრამ მაინც ექსპერიმენტის საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა.

აღსაღნიშნავია მოცეკვავეთა სამოსიც – თხელ, გამჭირვალე ნარინჯისფერ, ლურჯ და ვარდისფერ ქსოვილში გამოწყობილები, მოძრაობებთან ერთად საინტერესო სინთეზს ქმნიდნენ.

ტრადიციული პროგრამის შემდეგ – ცეკვა „ქართულის“ ჯერიც დადგა, როგორც ქორეოგრაფმა აღნიშნა, მისი შესრულება ყველა ქართველს ძალუძს, რისთვისაც უბრალოდ საჭიროა გონება დროებით გავთიშოთ და ჩვენს ტანს მივენდოთ. ფოლკლორული ცეკვის თანამედროვე მუსიკასთან დაკავშირება მსოფლიო პრაქტიკისთვის ახალი სულაც არ არის, ფრანგი ქორეოგრაფი კრისტიან რიზო თურქულ ფოლკლორის ელემენტებით ინსპირირებული, ბოლო ათწლეული რიტუალურ წარმოდგენებს ქმნის.

სუხიშვილების უკანასკნელი ნამუშევარიც სწორედ ამ სერიიდან არის. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიდავოთ, მოვიწონოთ ან არ მოვიწონოთ კონკრეტული დადგმა ან ცეკვა, თუმცა ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, ეს პროცესი სტერეოტიპებისგან თავისუფლებმა უნდა გავაკეთოთ. ყველას მოსაწონი ნამუშევარი ალბათ არც არასდროს შეიქმნება, თუმცა იმის აღნიშვნა, რომ ეროვნულმა ბალეტმა ქორეოგრაფიულად განვითარება შეწყვიტოს და მხოლოდ 70 წლის წინ ადაპტირებული და შექმნილი ელემენტებით დაკმაყოფილდეს, ალბათ ნამდვილად ვერ იქნება პროცესის სწორი გააზრების მოდელი.

მანამდე კი დავფიქრდეთ: რას ვიფიქრებდით, რომ დაბადებიდან სწორედ 14 იანვარს შესრულებული ცეკვა ქართული ყოფილიყო ჩვენს ცნობიერებაში გამჯდარი და არა ის ქორეოგრაფიული ელემენტების ჯაჭვი, რასაც დღეისთვის ქართულ ფოლკლორულ ცეკვასთან ვაიგივებთ?

განხილვა