3
Aug
2018

„სულაკაური“ აღარ გამოსცემს წიგნებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს გააღრმავებენ

3 Aug 2018

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ეხმიანება გოგონებისა და ბიჭების წიგნების ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს: პირველ ყოვლისა, გვინდა, გითხრათ, რომ გამომცემლობის უკლებლივ ყველა თანამშრომელი იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საგამომცემლო პოლიტიკა და გადავწყვიტეთ, აღარ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების რაიმე ნიშნით გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ერთგული მკითხველები ხართ, ასევე ვწუხვართ იმ დისკომფორტის გამო, რომელიც ჩვენ მიერ შერჩეული წიგნების გამოცემამ შექმნა“, –  წერს გამომცემლობა საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

27 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ „ქაღალდის თვითმფრინავის“ სერიაში, „არდადეგების წიგნთან“ ერთად, გამოსცა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი კიდევ 4 წიგნი, რომელიც ორ კატეგორიად, გოგონებისა და ბიჭების წიგნებად იყოფოდა: „პატარა გოგონების წიგნი“, „პატარა ბიჭების წიგნი“, „გოგონების წიგნი“ და „ბიჭების წიგნი“.

წიგნები ერთმანეთისგან ყდის დიზაინით გასნხვავდებოდა და „ბიჭების წიგნის“ შემთხვევაში თუ გარეკანი ცისფერი იყო და რობოტები, დინოზავრები, ქაღალდის თვითმფრინავები და რიცხვები ეხატა, „გოგონების წიგნის“ ვარდისფერ ფონზე: ყვავილები, ფერიები, გაფენილი სარეცხი და ასონიშნებით – „სამკაული“ იყო გამოსახული. 

მას შემდეგ, რაც საზოგადოების უმეტესი ნაწილისგან უარყოფითი რეაგირება მოჰყვა ამ სიახლეს, საგამომცემლო პოლიტიკის გადააზრების შედეგად, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ გადაწყდა, რომ კომპანია აღარ გამოსცემს წიგნებს, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების რაიმე ნიშნით გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

განხილვა