in

27 ივლისი! როგორი იქნება ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი Summer Set 2018?

Summer Set ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალია, რომელიც უკვე მე-6 წელია, ყოველ ზაფხულს, მელომანების თავშეყრის ადგილი ხდება. Moderat, ნილს ფრამი, Koreless, Cigarettes After Sex, – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ფავორიტი არტისტებისა, რომელთა შესრულებასაც ისმენთ ხოლმე ღონისძიებაზე. წლევანდელი ფესტივალი 27 ივლისს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. უკვე ცნობილია ღონისძიების Line Up-იც. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ,  Summer Set-ის ფორმატი 2019 წლიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება, რისი საფუძველიც წლევანდელი, 2018 წლის ღონისძიება უნდა გახდეს. დეტალებისთვის ფესტივალის დამფუძნებელს, მირანდა ესაკიასა და PR სპეციალისტს ნიკა დვალიძეს მივმართეთ.

BOG
BOG

M: როგორ დაიწყო Summer Set-ის ისტორია?

“სამერ სეტი” 2012-დან დაიწყო. იმ პერიოდში Warehouse ივენთები და ელექტრონული მუსიკის ფესტივალები პრაქტიკულად არ არსებობდა, ძირითადად, ლაუნჯებში ან ბარებში ერთობოდნენ. Summer Set იყო პირველი მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც 2012 წელს ბათუმში დაიწყო, უკვე შემდეგ ახალ საფეხურზე გადავიდა 2013-ში, როდესაც ჯერ ბათუმში მთელი საფესტივალო ქალაქი მოაწყო, შემდეგ კი თბილისში, Faithless-ის პერფორმანსზე 15 000 მელომანი შეკრიბა.

იმ პერიოდში ვახდენდით არამხოლოდ ელექტრონული მუსიკის, არამედ ზოგადად საფესტივალო კულტურის პოპულარიზაციას, ისეთ ელემენტარულ რაღაცებზე გვიწევდა საუბარი, როგორიცაა რიგში დგომის კულტურა, ბილეთის ყიდვის კულტურა, ერთმანეთთან კომუნიკაციის კულტურა.

M: ყველაზე მეტად, რით არის ფესტივალი განსაკუთრებული? რა როლი აქვს მუსიკისა და გართობის მოყვარულთათვის?

მთავარი, რაც Summer Set-მა იმ პერიოდში გააკეთა, ადამიანების დაკავშირება იყო: ფესტივალზე მოსული მელომანები ხედავდნენ, როგორ ერთობოდნენ კლუბური მუსიკის მოყვარულები და ეს იყო გაზიარებული გამოცდილება, რომელმაც შემდეგ კლუბში გადაინაცვლა და საშუალება მისცა ქართულ კლუბებს ეს ყველაფერი უკვე მსოფლიო მასშტაბით გაეტანათ.

2014-ში იყო მოდერატი, 2015-ში ეს იყო ელექტრონული მუსიკის მოცარტი ნილს ფრამი როიალით სცენაზე, – ყოველთვის ახალ ეტაპზე გადაგვყავდა ფესტივალი, რისთვისაც ხანდახან მსმენელი მზადაც კი არ იყო, მაგრამ ჩვენი ფუნქცია კომერციას სცილდებოდა და რაღაც ახლის შეთავაზებას, ახალ ეტაპზე გადაყვანას მოიცავდა და ეს ახალი ფორმატიც იგივეა.

M: როგორია Line Up?

Cigarettes After Sex ინტუიტიურად შეირჩა, ყველანაირი გამოკითხვების გარეშე. ამ პროექტის მუსიკა ზუსტად შეესაბამება ფესტივალის ამჟამინდელ “ვაიბს” და განწყობას, ისევე, როგორც WhoMadeWho, რომელიც ერთგვარი ჯაზ-ბენდია ელექტრონულ ჟანრში. Koreless ბრიტანელი პროდიუსერია, რომელიც მუსიკაც დიდი ხანია სცდება ელექტრონულ ჟანრს და რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა 2016 წლის “სამერ სეტზე”.

ძალიან მალე გამოვაცხადებთ შერჩევას ახალბედა არტისტებისთვის, ფორმატის კუთხით აქაც არ ვართ შეზღუდულები: ინსტრუმენტები თუ ელექტრონული აპარატურა, სულერთია, მთავარია, ფორმატს მოერგოს.

M: რა იგეგმება მომავალი წლის Summer Set-ზე? რას გულისხმობს ჰიბრიდული ფორმატი ან რა აქტივობებს მოიცავს?

2019 წლიდან სამერ სეტი გუდაურში გაიმართება, 2018 წლის 27 ივლისის ერთდღიანი ღონისძიება თბილისის ზღვაზე ერთგვარი პრეზენტაციაა იმ ყველაფრის, რაც უკვე მომავალი წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს.

ახალი ფორმატი საქართველოს მთის დამსახურებაა, უფრო კონკრეტულად, გუდაურის. კურორტი ყოველთვის დატვირთულია ზამთარში, მაგრამ ცარიელია ზაფხულში, იმიტომ, რომ მთაში დასვენების კულტურა ჩვენთვის ჯერ კიდევ ახალი ხილია. “ანდერგრაუნდის” გარდა, ბაზარზე უკვე გამოთავისუფლებულია ნიშა ექსპერიმენტული მუსიკისთვის, რასაც ძალიან მოუხდება მთა. ჩვენი ჰედლაინერებიც ერთგვარი განაცხადია, რომ “სამერ სეტი” ნელ-ნელა იცვლის ფორმატს, ინარჩუნებს ისტორიას, მაგრამ ამატებს ახალს.

სხვადასხვა ადამიანების დაკავშირება ისევ მთავარ პრინციპად რჩება. ამჯერად, გვინდა ერთმანეთს დავაკავშიროთ მელომანები, ქლებარები და სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულები, იმიტომ, რომ ვთვლით, ერთმანეთში ძალიან ბევრის გაცვლაა შესაძლებელი: ერთ მხარეს შესათავაზებელი აქვს “რეივი”, პროტესტი, თავისუფალი ცხოვრების სტილი, ხოლო მეორე მხარის მიდრეკილება სიჯანსაღისადმი, გატაცება სპორტით, ჯანსაღი კვებით, ცხოველების უფლებებით, გამწვანებით, საშუალებას მოგვცემს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების და ურთიერთობების ტრენდი დავნერგოთ.

M: მუსიკის გარდა…

ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასააზრებელი გარემოს დაცვის, ერთმანეთის, ცხოველების მოფრთხილების და ამის შესახებ კლასიკური ლექციების ჩატარება უშედეგოა, დღეს ეს ყველაფერი ერთმანეთში ინტეგრირებული უნდა იყოს იმისთვის, რომ რეალურ შედეგამდე მივიდეთ.

გვინდა, რაღაც მეტი შევთავაზოთ ადამიანებს, ამის გამო, ჩავუშვით კამპანია სლოგანებით, რომ ადამიანებმა ამ ქვეყანაშივე აღმოაჩინონ რაღაც ახალი, იგრძნონ ირგვლივ გარემო, შეიყვარონ ის, რაც აქვთ, დაიწყონ, პირველ რიგში, საკუთარი თავის მოსმენა, ამოძრავდნენ, შეცვალონ ის, რაც აკმაყოფილებთ, გაუზიარონ ერთმანეთს ის ყველაფერი, რაც აქვთ.

გვინდა, რომ ყველა ჩვენგანმა გაიაზროს ის ძალა, რომელიც აქვს და თუკი რაღაც არის შესაცვლელი, პირველ რიგში, ეს ცვლილებები საკუთარ თავში დაიწყონ.

გუდაური იდეალური საშუალებაა, რომ ზაფხულში, პირდაპირ მთაზე, რამდენიმე დღით, ადამიანები მოწყდნენ რეალობას და ხელახლა დაიმუხტონ იმისთვის, რომ უკვე შემდეგ ქალაქში ჩამოსულებმა მართლა დაიწყონ ცვლილებები.

„სპორტი მომავლიდან“ – Adjarabet-ის ახალი ფუნქციები და დიზაინი JWT Metro-ს მიერ შესრულებულ ვიდეორგოლში

Protected: „ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე“