ადამიანების ცხოვრებაში სუნი დიდ როლს ასრულებს… ისინი არა მხოლოდ სასიამოვნო და უსიამოვნო ხასიათით განსხვავდება, არამედ ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება გარემოს თუ პირადი ჯანმრთელობის შესახებ. ჩაკ მაკგნილისა და მისი ვაჟის, მაიკის მიერ შემუშავებულმა ინოვაციურმა მოწყობილობებმა ამის გაცნობიერებაში დიდი როლი ითამაშა.
მინესოტას გარეუბანში მდებარე არატრადიციულ ლაბორატორიაში მისტერ მაკგნილიმ და მაიკმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღჭურვეს მეცნიერები საინტერესო ინსტრუმენტებით. ასევე, მათ მთავრობებს სუნის რეგულირების შესახებ მოუწოდეს და ადამიანებს საშუალება მისცეს, დაადგინონ, რა სუნს გრძნობენ. თავის მხრივ, ამ ყველაფერს არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან სპეციფიკურ სუნებს ჯანმრთელობის პრობლემების წარმოქმნა ან ცხოვრების ხარისხის შემცირება შეუძლია.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩაკის გამოგონებებს დიდი როლი მიუძღვის სუნის, როგორც დამაბინძურებლის აღიარებაში. განსაკუთრებით საინტერესოა ე. წ. “ცხვირის რეინჯერი” — 14 დიუმიანი სუნის საზომი მოწყობილობა, რომელიც რადარს მოგვაგონებს. მისი მეშვეობით, შესაძლებელია, შორ მანძილზე არსებული სუნი ვიგრძნოთ და დავადგინოთ, საიდან მოდის ის. რა თქმა უნდა, ამისათვის შესაბამისი ნიავი და მოწყობილობაში ჩამონტაჟებული მცირე ზომის ვენტილატორებია საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის გრძნობებს შორის ყნოსვა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ის, შესაძლოა, დროის კაფსულაც კი იყოს, რომელიც ნახევრად დავიწყებულ წარსულში გვაბრუნებს… ან შეიძლება, ამოუცნობი, ენით აღუწერელი გრძნობები აღძრას ჩვენში. ხოლო ინტიუციურ დონეზე, სუნი ღირებულ გაფრთხილებებს იძლევა. მაგალითად, რძის სუნი მაშინვე გეტყვით, არის თუ არა მისი დალევა უსაფრთხო. Covid-19-ის ეპოქაში კი ყნოსვა სადიაგნოსტიკო საშუალებადაც კი იქცა — “ჩვენი ყნოსვა ადრეული გაფრთხილებაა იმისა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის”, — განმარტავს მაკგნილი.
ამასთან, სუნი ჰაერში ქიმიკატების არსებობის შედეგია და ადამიანის ცხვირი ბევრად უკეთ იჭერს მათ, ვიდრე ფიქრობს. სამწუხაროდ, დღეისათვის გარემოს დაბინძურების დონე იმდენად გაზრდილია, რომ ზოგიერთ ადგილას ვიზიტი სასიცოცხლოდ საშიშია. შესაბამისად, შორი რადიუსიდან ქიმიკატების სუნის დადგენა (რამდენიმე წამით ან წუთით) მნიშვნელოვნად დაეხმარება მეცნიერებს.
გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები ზოგიერთ სუნს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ეს ინოვაციური მოწყობილობა საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარებასაც შეუწყობს ხელს.