სიმართლე რომ ვთქვათ, არაფერი ასახავს აწმყოს ისე კარგად, როგორც ჟურნალ-გაზეთების ფურცლები ამბებით მიმდინარე მოვლენებზე… ამიტომაც ბრუკლინელი არტისტი შო შიბუია წლების მანძილზე The New York Times-დან ამოღებულ გვერდებს ტილოებად გარდაქმნიდა, ასოებით აკრეფილ სიახლეებს, მკვეთრი ფერებით, გრადიენტული რუკებითა და მინიმალისტური გრაფიკებით ფარავდა…
თუმცა ტექსტური ნაწილი ბოლომდე არ ჩაუკარგავს, ნამუშევრებს თან სათაურები ახლავს, რომლებიც გამოცემის ტოპ ამბებიდან ყველაზე მნიშვნელოვანზე გვამცნობს. სწორედ ასე, შიბუიას ნაშრომში არაერთი პოლიტიკური, კულტურული თუ გლობალური ამბავი მოექცა, იქნება ეს შიმშილობა ღაზაში, პაპი ფრანცისკეს სიკვდილი თუ სხვა.

„მომწონს ორიგინალი ტექსტების ნახატებთან გაერთიანება… დიდად ვერ ვაანალიზებ ამას რატომ ვაგრძელებ, მაგრამ უკვე ბუნებრივ პროცესად იქცა. ერთი მიზეზი მაინც აშკარაა — პროცესით დიდ სიამოვნებას ვიღებ, ჩემი იკიგაი, ანუ არსებობის მიზეზი გახდა, მიზეზი, რის გამოც ყოველ დღე ვიღვიძებ“.
ეს ამბავი Sunrise From a Small Window-ის სერიებშია გაერთიანებული, რომელიც 2020 წელს პანდემიის დროს დაიწყო — ყოველ დილით ფანჯარაში იხედებოდა და აკვირდებოდა, როგორ გადადიოდა ცაზე ერთმანეთში იასამნისფერი, სტაფილოსფერი და ლურჯი ტონები. ფოტოებს უღებდა და ტილოზე გადაჰქონდა, ახლა კი ეს მის ყოველდღიურობად იქცა…
ამბობს, რომ მზის ამოსვლას ყოველი ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს და თუ როგორია ეს სანახაობა შიბუიასთვის, ქვემოთ გაჩვენებთ:















