ფერად მთებში ფეხით რამდენიმე საათი მიდიან, თან მიაქვთ აპარატურა და ყველა საჭირო ტექნიკა, შემდეგ მზის ჩასვლას ელოდებიან და აქ იწყება მთავარი სანახაობა. მზის ჩასვლა რომ ფონად გაიხადა, ისეთი. Sunsets Georgia საქართველოში მოგზაურობს, ირჩევს გამორჩეულ ლოკაციებს და მზის ჩასვლის ფონზე Live დიჯეი სეტს გვთავაზობს. ერთი მხრივ, ქვეყნის, მეორე მხრივ კი, Progressive House-ის მიმდინარეობის პოპულარიზაციას ისახავენ მიზნად.
ამასობაში, ეროვნული რეკორდიც დაამყარეს — ცოტა ხნის წინ ყაზბეგში ფეხით ავიდნენ, აპარატურა ცხენებით აიტანეს და დიჯეი სეტი ზღვის დონიდან +3000 მეტრზე ჩაწერეს!
„ყაზბეგში, კოტეჯ ალტიჰატში ავედით, რომელიც 3014 მეტრზე მდებარეობს, ცხენებით ავიტანეთ აპარატურა, ჩვენ კი ფეხით 4-5 საათი ავდიოდით, სასწაული ვიდეოც გამოვიდა, სასწაულ ადგილზე — ეს ოფიციალური რეკორდია დიჯეი სეტი ზღვის დონიდან +3000 მეტრზე — ეროვნული რეკორდი“, — გვიყვება ნიკოლოზ კვიტატიანი, მუსიკოსი.
იდეა პროფესიონალ ვიდეოგრაფ გიორგი ღვალაძეს გაუჩნდა და მის განხორციელებას 3 წლის წინ მეგობარ ნიკოლოზ კვიტატიანთან ერთად შეუდგა. ამგვარად, მოვალეობები ასე გადანაწილდა, გიორგი ვიზუალურ მხარეზე მუშაობს, ნიკოლოზი კი ხმაზე. თუმცა მთებში ლაივ დიჯეი სეტის ჩაწერა ასე მარტივი საქმეც არ არის, ამიტომ ამისთვის მეგობრები ჰყავთ, რომლებთან ერთადაც, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საუკეთესო მოგონებებს ქმნიან:
„ლოკაციას ძირითადად მე და გიორგი ვარჩევთ, გვინდა ხოლმე, რაც შეიძლება უცხო და რთულად მისასვლელი ადგილი იყოს, ასევე, რა თქმა უნდა, მზის ჩასვლა უნდა ჩანდეს ფონად. შემდეგ ვარკვევთ მისასვლელ გზებს, ყველაფრის თითქმის ხელით მიტანა გვიწევს ადგილამდე, იქნება ეს გენერატორი, აპარატურა, მაგიდა თუ სხვა. საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მხოლოდ ორი ადამიანი ამას ვერ შევძლებდით ჩვენი მეგობრების გარეშე, რომლებთან ერთადაც ვაკეთებთ ამ პროექტს — რაც მთავარია, ვაგროვებთ საუკეთესო მოგონებებს. ასევე, ძალიან გვეხმარება და გვერდში გვიდგას დაცული ტერიტორიების სააგენტო. თუმცა ყველაზე გრძელვადიანი პროცესია კარგი ამინდების ლოდინი, ჩვენი მტერი ამ საქმეში“.

ინსპირაცია პროექტი Cercle იყო, რომელიც პიონერია ამგვარი სანახაობის შექმნაში. საქართველოში კი ეს იდეა Sunset Georgia-ს სახელით გაცოცხლდა — მხოლოდ მზის ჩასვლების გამო კი არა, Progressive House-ის მელოდიურობის გამოც დაარქვეს, რომელიც, თუ ამ პროექტის ავტორებს დავუჯერებთ, ძალიან უხდება მზის ჩასვლას. თუმცა Georgia სახელს ცოტა ხნის შემდეგ დაამატეს, რათა უცხოელებსაც მარტივად გაეგოთ, რომ ეს საოცარი ფერადი მთები საქართველოში იყო.
ამჟამად პროექტის ფარგლებში მხოლოდ ნიკოლოზი უკრავს, თუმცა სხვა ქართველ არტისტებთანაც უთანამშრომლიათ, მათ შორის Robox Querubim-თან და Roma J-სთან ერთად. უკვე 18 ლოკაციაზე აქვთ სეტი ჩაწერილი, იქნება ეს ტაბაწყურის გაყინული ტბა, გომის მთა, ზეკარის უღელტეხილი, პრომეთეს მღვიმე, წყალტუბოს ძველი აბანოები თუ სხვა. ძალიან კარგი უკუკავშირიც მიიღეს უცხოელი Progressive House-ის არტისტებისგან და არამარტო, ასევე თანამშრომლობენ წამყვან ლეიბლებთან.
ახლა გეგმაში უცხოელი არტისტების ჩამოყვანა და ივენთების სერიის გაგრძელება აქვთ, ამ დრომდე Sunsets Georgia-მ ორი ივენთი ჩაატარა… შემდგომი ლოკაციები კი, სავარაუდოდ, ვაშლოვანის ნაკრძალი, პალიასტომის ტბა და სამომავლოდ ყველა ის საოცარი ადგილი იქნება საქართველოში, რომლითაც ქვეყანა სხვებისგან გამოირჩევა. ერთ-ერთ ლოკაციაზე მსმენელის წაყვანასაც აპირებენ.
Sunset Georgia-ს პროექტი თავიდან საკუთარი ხარჯებით დაიწყეს, თუმცა შემდეგ ამ ამბავში კანტი (XL), გალფი და მუსიკის სახლი შემოუერთდნენ. სპონსორის არსებობის შემთხვევაში კი, საზღვრებს გარეთ გასვლაც არ აშინებთ… თუმცა სანამ ეს მოხდება, კინჩხას ჩანჩქერთან ჩაწერილი ლაივ სეტით შეგიძლიათ, ისიამოვნოთ:
ავტორი: მაკუნა ჯუღელი











