იაპონური სასმელების კომპანია Suntory ფიქრობს, რომ ილუზიები ილუზიებად არ უნდა დარჩეს და ამ საქმეს თავის ახალ რობოტ Lidris-ს მიანდობს. პირდაპირ რომ გითხრათ, წყლით სავსე ჭიქაში შეუძლია, ილუსტრაცია დაგიხატოთ, თანაც სასმელად ვარგისი!
Expo 2025 Osaka-ზე კომპანიამ სტუმრებს 3D ნახატების მქონე ლიმონათებით უმასპინძლა, მთავარი ილუსტრაცია კი გამოფენის პერსონაჟი MYAKU-MYAKU გახლდათ… რობოტი სასმელში ხატვის ტექნოლოგიას იყენებს, რათა ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული მელნით პირდაპირ სასმლის შიგნით 3D ილუსტრაციები შემოგვთავაზოს.
თანაც ამას საკმაოდ მოხერხებულად აკეთებს და არც სასმელში შესრულებული ილუსტრაცია იცვლის ფორმას მისი შერყევისას. ჰიპერრეალისტური თხევადი ხელოვნებაა, რომელიც სასმელადაც ვარგისია და გარემოსაც არ აყენებს ზიანს. ტექნოლოგიებისა და ხელოვნების შერწყმით კი Lidris-ს სასმელების ინდუსტრია სრულიად ახალ განზომილებაში გადაჰყავს, რომელიც წყლით სავსე ჭიქაში საყვარელი ფეხბურთელის 3D ნახატსაც კი შემოგთავაზებთ — ასე ჩვეულებრივი სასმელები არაჩვეულებრივად იქცევა.
ამისთვის მხოლოდ პლანშეტი, რობოტის მკლავი და საკვებად ვარგისი მელანი სჭირდება. თან იმხელაა, რომ ნებისმიერ კაფეში მარტივად მოთავსდება. თუმცა ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ილუსტრაციის წყალში დასახატად სითხე კონკრეტული სისქის უნდა იყოს. შედეგი კი ჭიქის შენჯღრევის შემთხვევაშიც 1 საათი ნარჩუნდება.
მართალია, ჯერ არ ვიცით, კომერციულად რამდენად წარმატებული იქნება, მაგრამ თუ კაპუჩინოს მოხატვის გარეშე აღარავინ სვამს, ვინ იცის, იქნებ მალე იმავე სხვა სასმელებზეც გავრცელდეს…














