in

ქართულ ტექნოლოგიურ სივრცეში Super App გამოჩნდა!

სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ ტექნოლოგიურ სივრცეში TNET-ის Super App გამოჩნდა. ესაა სუპერ აპლიკაცია, რომელიც მოიცავს ყველა იმ სერვისსა და პროდუქტს, რასაც სხვადასხვა პლატფორმებსა თუ სივრცეში ყოველდღიურად ვეძებთ. აპლიკაცია TNET-ის გუნდმა საზეიმო ვითარებაში, საგანგებოდ მოწყობილ გარემოში წარუდგინა აუდიტორიას. Super App-მა უკვე მოიცვა ის მსხვილი პლატფორმები, რომლებსაც ყოველდღიურად ვსტუმრობთ იქომერსის მოყვარულები: Vendoo, TKT.ge, Swoop.ge. Super App, ამ დროისათვის, ბეტა ვერსიით მუშაობს და 6-თვიანი სამზადისის ფონზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული და რეგიონული მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტი გამოჩნდა. განსხვავებული მიმართულებების პარალელურად, Super App საკუთარი კრიპტოვალურის დანერგვაზეც მუშაობს. საერთო ჯამში, ახალი ციფრული პლატფორმა ეტაპობრივად მოიცავს ყველა პროდუქტსა და სერვისს, რითაც ყოველდღიურად ვინტერესდებით. Super App-ის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე მისი Product Owner ირაკლი სხირტლაძე გვესაუბრა.

M: როგორ დაიწყო Super App-ზე მუშაობის პროცესი?

Super App-ის ჩამოყალიბების საფუძველი იყო ის, რომ ჩვენი ეკოსისტემა ძალიან დიდია, 2 მლნ მომხმარებელს ვაერთიანებთ. მონაცემთა ანალიზის დროს შევნიშნეთ, რომ ერთი მომხმარებელი, დღის მანძილზე, სულ მცირე სამ პლატფორმას სტუმრობს და სხვადასხვა ადგილას ეძებს სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებას. შედეგად, გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის შეგვექმნა სივრცე, სადაც ერთად იქნებოდა ყველაფერი თავმოყრილი და ამავდროულად, ყველასთვის გახსნილი ვყოფილიყავით თანამშრომლობისთვის. მთლიანობაში, გვინდოდა, ყველაფერი, რაც ყოველდღიურად გვესაჭიროება, ერთ აპლიკაციაში მოგვექცია. Super App-ზე მუშაობა, დაახლოებით, 6 თვის წინ დავიწყეთ.

განვსაზღვრეთ, რა უნდა მოეცვა აპლიკაციას და რა ფუნქციონალით გასულიყო ბაზარზე. ამ დროისათვის, აპლიკაციაში ხელმისაწვდომია შოპინგი, ფასდაკლებები, ღონისძიებების ბილეთები, გადახდები. ახლა, ვმუშაობთ food delivery მიმართულებით, ასევე, აუცილებლად დავამატებთ ფარმაციას, ტაქსით მგზავრობას და ყველაფერ სხვას, რაც ადამიანებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ. ამ დროისათვის, აპლიკაციის ბეტა ვერსიაა გამოშვებული. გვინდა, მომხმარბლები მაქსიმალურად ჩავრთოთ აპლიკაციის განვითარებაში და მათგან მოვისმინოთ, რა სერვისების მიღება სურთ. რაზეც დავინახავთ მოთხოვნას, იმ ფუნქციონალს დავამატებთ Super App-ს.

უკეთ წარმოდგენაში რომ დაგეხმაროთ, ჩათვალეთ, რომ Super App არის დიდი მოლი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. მოლის მთელი ხიბლი კი მრავალმხრივი კომფორტია. ჩვენ არ ვართ, ერთი რომელიმე სეგმენტისთვის, პირიქით – აპლიკაციის პრინციპია, რომ აქ ყველასთვის იყოს ყველაფერი.

M: პრეზენტაციაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი Super App-ის ინდივიდუალურ მიდგომას, რაც სიმბოლურად აპლიკაციის ლოგოშიც არის გამოხატული. რას გულისხმობს ეს ინდივიდუალური მიდგომა?

Super App-ის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მომხმარებელზე მორგებულობა. მაგალითად, თუკი ადამიანმა ერთი რომელიმე სერვისი შეიძინა, აპლიკაცია სხვა რელევანტურ შეთავაზებებსაც აჩვენებს – მაგალითად, თუკი აიღეთ ბათუმის ბილეთი, აპლიკაცია შესაბამის თარიღებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებას შემოგთავაზებთ. აპლიკაციის მიზანია, გაჩვენოთ სწორედ ის ინფორმაცია, რაც იმ მომენტში გჭირდებათ.

აქ არ არის სეგმენტური დაყოფა. Super App არის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პლატფორმა. სამუშაო პროცესის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამას დავუთმეთ, რომ შეგვექმნა ისეთი ფუნდამენტი, რომელიც იქნებოდა ძალიან მოქნილი და მდგრადი. ტექნიკურ დონეზე, ისეთი გადაწყვეტილებები გვაქვს დანერგილი, რომლის საშუალებითაც მარტივად შეგვიძლია ვმართოთ back-end-იდან და კონტენტი მარტივად მივიტანოთ მომხმარებლამდე.

M: რა სერვისებია ხელმისაწვდომი Super App-ზე, ამ დროისათვის?

ამ მომენტისთვის უკვე ხელმისაწვდომია ხუთი მიმართულება: ფასდაკლება, ონლაინ შოპინგი, ბილეთები, მობილურის შევსება და ფასდაკლების ვაუჩერები. ონლაინ შოპინგით ნებისმიერი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი, ტანსაცმლისა და მსხვილი ტექნიკის ჩათვლით. ასევე, ამ მომენტში, 1500 მერჩანტისგან გვაქვს ფასდაკლების ვაუჩერების შეთავაზება. საინტერესოა, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ღონისძიებებზე.

M: რამდენად საინტერესოა Super App-ისთვის სხვა ვენდორებთან თანამშრომლობა?

ჩვენ ღია ვართ ახალი ვენდორებისთვის. გაკეთებული გვაქვს Open API, შესაბამისად, მაგ სტრატეგიის ფარგლებში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოგვიერთდეს. ჩვენ გვესმის, რომ არაერთ ბიზნესს არ აქვს იმის რესურსი, რომ დეველოპმენტი ინდივიდუალურად აკეთოს – აპლიკაციის შექმნა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. შესაბამისად, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ Super App-ით გაყიდონ აუდიტორიისთვის საინტერესო პროდუქტები. ახლა ვმუშაობთ ამ პროცესის ავტომატიზებაზე. თანამშრომლობის შესახებ განაცხადის გამოგზავნის საშუალება ყველას ექნება, რის შემდეგაც ბიზნესი ვალიდაციას გაივლის და დაემატება აპლიკაციას.

M: როგორ დაკომპლექტდა გუნდი? ვინ ქმნის Super App-ს?

ბევრს გაუკვირდა, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ მცირერიცხოვანმა გუნდმა შექმნა. ამ დროისათვის, Super App-ის გუნდი 30 ადამიანისგან შედგება. შემიძლია ვთქვა, რომ ესაა Dream Team და აერთიანებს ისეთ პროფესიონალებს, რომლებსაც ამ სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. ამ ადამიანებს ერთად მანამდე არასოდეს უმუშავია და ამ მოცემულობაშიც კი, უმოკლეს დროში შევთამაშდით. გუნდი არის ერთიანი და თითოეული წევრის ნამუშევარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველმა ჩვენგანმა დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ საქმეში, უდიდესი პასუხისმგებლობით, ვიყავით ერთიანი და ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებაა მიღებული შედეგი.

M: თქვენ ახსენეთ, რომ App Store-ზე რეგისტრირებისას ძალიან ძნელი იყო Super App-ის მსგავსი ანალოგების პოვნა საერთაშორისო ბაზარზე. რამდენად უნიკალურია აპლიკაცია ამ კუთხით?

მსოფლიო ბაზარზე სუპერაპები არსებობს, თუმცა მეტწილად, უფრო ვიწრო ნიშის მიმართულებაზე მუშაობენ, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ყველანაირი გადახდა ცალკე, იქომერს პლატფორმების გაერთიანება და ა.შ. ჩვენ გამოგვარჩევს ის, რომ ყველანაირ მიმართულებას ვაკავშირებთ ერთმანეთთან. ასეთი ფართო არეალი, მრავალ მიმართულებაზე მიმართული აპლიკაცია, რომელიც 2 მილიონ ადამიანს მოიცავს. Super App უნიკალურია იმითაც, რომ ქმნის თავის კრიპტოვალუტას, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც დროთა განმავლობაში ღირებულებას მოუტანს მომხმარებელს.

M: რა პერსპექტივა აქვს კრიპტოვალურის მიმართულებას Super App-ისთვის?

ვფიქრობ, ესაა მომავლის ტექნოლოგია, ძალიან დიდი სიახლე, რომელიც ქვეყნის შიგნით და რეგიონული მასშტაბითაც კი არავის გაუკეთებია აქამდე. იმდენად დიდია ჩვენი ინტერესი ამ კუთხით, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ გემიფიკაციისა და ბლოკჩეინის მიმართულებით. ჩათვალეთ, გაქვთ საერთაშორისო კრიპტოვალუტა, რომელსაც ნებისმიერ დროს გაყიდით კრიპტობირჟაზე.

M: როგორია Super App-ის გუნდის განვითარების გეგმა?

ახლა, აქტიურად ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს. ჩვენი კარი ღიაა, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები დეველოპერებისთვისაც. უმთავრესია, რომ ამ ადამიანებს განვითარების სურვილი ჰქონდეთ და იზიარებდნენ იმ ხედვასა და ღირებულებებს, რაც გვაქვს. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ზრდაში. დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ არხში შეუძლიათ მოგვწერონ.

 

[R]

Canva-ს ახალი AI ხელსაწყოები და მათი „ჯადოსნობა“

რატომ არ გვირჩევენ ფეხის ფეხზე გადადებას? — კვლევა