ვინ თქვა, რომ სუპერგმირები მხოლოდ ფილმებსა და კომიქსებში არიან ? ფრანგულმა წითელმა ჯვარმა სააგენტო Altmann + Pacreau-ს მიერ შექმნილი საინტერესო სარეკლამო ვიდეორგოლი გამოუშვა. ვიდეოს მთავარი გმირი ასაკოვანი ქალბატონია, რომელიც ქუჩაში მოულოდნელად ავტოსაგზაო შემთხვევის მომსწრე გახდება, არ დაიბნევა და გადაყირავებული სატვირთო ავტომობილიდან მაშინვე დაზარალებული მძღოლის გამოყვანას დაიწყებს. ერთი შეხედვით მოხუცი და უსუსური ქალბატონი, ძალიან მარტივად ახერხებს მამაკაცის აალებული მანქანიდან გამოხსნას, მისთვის ჭრილობის დამუშავებასა და უსაფრთხო ადგილამდე მიყვანას. მართალია, სიუჟეტი ცოტა არ იყოს გამძაფრებულია, თუმცა, რეალურად ასეთი თუ არა, უბრალოდ მონდომებული გმირი მაინც ყველას შეუძლია იყოს და ამისთვის მხოლოდ მცირეოდენი ფულადი დახმარებაა საჭირო იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც ადამიანებს სხვების სიცოცხლის გადარჩენაში ეხმარება.