უკვე მრავალი წელია, რაც ერთ საკითხს განიხილავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის იდეა კაცობრიობას დაამხობს… გასულ წელს კი მეცნიერებმა საბოლოო განაჩენიც გამოიტანეს — მაღალი დონის კომპიუტერული სუპერ ინტელექტის მართვას თითქმის ვერ შევძლებთ.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ სუპერინტელექტის კონტროლი სცდება ადამიანის კომპეტენციას, რაც მოითხოვს მის სიმულაციას, რათა შემდგომში მისი ანალიზი და კონტროლი თავადვე შევძლოთ. მაგრამ თუ ამის გაგება არ შეგვიძლია, მსგავსი სიმულაციის შექმნაც შეუძლებელი იქნება.
ახლა კი კვლევის ავტორები გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ არ გვეცოდინება, რა ტიპის სცენარებს ავითარებს ხელოვნური ინტელექტი, ისეთ წესებსაც ვერ შემოვიღებთ, როგორებიცაა, მაგალითად: „ადამიანებს ზიანი არ მიაყენო“. დიახ, იმის გამო, რომ კომპიუტერული სისტემები ჩვენი პროგრამისტების დონეზე მაღლა მუშაობს, მათთვის საზღვრებს ვეღარ დავაწესებთ.
„სუპერ-ინტელექტი ფუნდამენტურად განსხვავებულ პრობლემას ქმნის, ვიდრე „რობოტების ეთიკის“ ბანერის ქვეშ შესწავლილი. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სუპერინტელექტი მრავალმხრივია და მრავალფეროვანი რესურსების მობილიზებაც შეუძლია, რათა მიაღწიოს ისეთ მიზნებს, რომლებიც გაუგებარია ადამიანებისთვის“, — აცხადებენ მკვლევრები.
გუნდის მსჯელობის ნაწილი 1936 წელს ალან ტიურინგის წამოჭრილი პრობლემიდან მომდინარეობდა — მიაღწევს თუ არა კომპიუტერული პროგრამა დასკვნას ან პასუხს, თუ ყოველთვის მის ძიებაში იქნება… ეს კი გვაბრუნებს AI-სთან, რომელიც სუპერ ინტელექტუალურ მდგომარეობაში თავის მეხსიერებაში ერთდროულად ყველა შესაძლო კომპიუტერული პროგრამის შენახვას მოახერხებს.
ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სწავლების ალტერნატივა და იმის თქმა, რომ ის არ გაანადგურებს სამყაროს, მეცნიერთა აზრით, სუპერ ინტელექტის შესაძლებლობების შეზღუდვაა. თუმცა კვლევამ ეს იდეა უარყო, არგუმენტი კი შემდეგია: თუ ჩვენ არ ვაპირებთ მის გამოყენებას ადამიანების ფარგლებს გარეთ არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მაშინ საერთოდ რატომ უნდა შევქმნათ იგი?!
ხოლო, თუ ჩვენ ვაპირებთ წინსვლას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, შეიძლება არც კი ვიცოდეთ, როდის მოექცევა სუპერ ინტელექტი ჩვენს კონტროლს მიღმა და სწორედ ეს არის მთავარი გაუგებრობა. ეს ნიშნავს, რომ უნდა დავიწყოთ სერიოზული კითხვების დასმა იმ მიმართულებების შესახებ, რომლებისკენაც მივდივართ.
„სუპერ ინტელექტუალური მანქანა, რომელიც აკონტროლებს მსოფლიოს, სამეცნიერო ფანტასტიკად ჟღერს, მაგრამ უკვე ისეთი მანქანებიც არსებობს, რომლებიც დავალებებს პროგრამისტების ჩართულობის გარეშე ასრულებს, თანაც, ისე, რომ ჩვენ სრულად არ ვიცით, როგორ ისწავლეს მათ ეს. ამიტომ, ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ეს რაღაც მომენტში კაცობრიობისთვის უკონტროლო და საშიში გახდეს”, — ამბობს მანუელ სებრიანი, კომპიუტერული მეცნიერი.