წარმოიდგინეთ, 2050 წელია და ავოკადო პრაქტიკულად ამოიწურა. წიწიბურა იმდენად იშვიათ სიამოვნებად იქცა, რომ ჰუმუსმა დელიკატესის როლი მოირგო. ხორცი კი, რომლის წარმოებისთვისაც იმდენი წყალია საჭირო, იმდენად მწირი გახდა, რომ ტარაკნებისგან ვამზადებთ ბურგერებს.
მომავლის სუპერმარკეტი საშინლად გამოიყურება — ყოველ შემთხვევაში, Gawon Lee-ის თვალში. კორეელმა დიზაინერმა შვიდი პოსტერი შექმნა, რათა ვიზუალურად აღქმადი გაეხადა, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილებები ჩვენს საყვარელ საკვებზე. შესაბამისად, სერია, სახელწოდებით Super Nostalgia, ამ გავლენის მიმდინარე და პოტენციურ შედეგებზეა ფოკუსირებული.
მაგალითად, შვეიცარიის ციურიხის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად, ყავის, ქეშიუსა და ავოკადოს მოსაყვანად საჭირო მიწა ან გაქრება ან შემცირდება. აღნიშნული პოსტერების სერია კი ამ პრობლემას მეტად ხელშესახებს ხდის.
დანაკარგის გრძნობის ხაზგასასმელად, ლიმ ძველებური იერი აირჩია, რომელიც 1950-იან და 70-იან წლებს ეხმიანება. „მინდოდა, საკვები ნოსტალგიურ ჭრილში წარმომეჩინა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დიზაინი 2050 წელს ნოსტალგიური იქნება, დღევანდელი საზოგადოება ამ განსხვავებას ვერ იგრძნობს“.
ასევე, Super Nostalgia-ზე მუშაობისას, ლიმ საკუთარ თავს ჰკითხა: რას გააკეთებს დიდი კომპანია თუ გარკვეული საკვები გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება? ამ კითხვას თავადვე უპასუხა — მისი აზრით, ყველა მსგავსი გემოს გაყიდვას შეეცდება. მაგალითად, ატმის ქილას დაეწერება: ბოლო ატამი, რომელსაც ოდესმე გასინჯავთ.