სუპერ შავი ხის მასალა რომ განსაკუთრებულია, ამაზე სახელიც მიგვითითებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ იგი სინათლის 99%-ზე მეტს შთანთქავს. თუმცა მის აღმოჩენაზე ბევრი სულაც არ უწვალიათ, პირიქით, ეს შემთხვევით მოხდა — მკვლევრები ხის წყალგაუმტარ ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ, რისთვისაც მაღალი ენერგიის მქონე პლაზმურ აირებს იყენებდნენ და უეცრად შეამჩნიეს, რომ, აირის გამოყენების შედეგად, ხის უჯრედები სრულად გაშავდა. შემდგომ კი მისი სინათლის შთანთქმის საოცარი უნარიც გამოავლინეს.
გუნდმა, რომელსაც UBC-ის დოქტორანტი კენი ჩენგი ხელმძღვანელობდა, ახალ მასალას Nxylon უწოდა — Nyx ღამის ქალღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში, ხოლო xylon ბერძნულად ხეს აღნიშნავს. ეს ამბავი კი საოცარი იმითაა, რომ სუპერ შავი მასალის გამოყენება ყველგან შეგვიძლია, დაწყებული კოსმოსური ტელესკოპებით და დამთავრებული ძვირადღირებული სამკაულებით.
„Nxylon-ის შემადგენლობა ბუნებრივი მასალების სარგებელს უნიკალურ სტრუქტურულ მახასიათებლებთან აერთიანებს, რაც მას მსუბუქ, მყარ და მარტივად დასაჭრელ მასალად აქცევს“, — აცხადებს ფილიპ ევანსი, მეცნიერი.
თუ მათ დავუჯერებთ, მასალას ხავერდოვანი შეხედულება აქვს. პლაზმით დამუშავება კი ფაქტობრივად ცვლის ხის ზედაპირზე არსებულ მცირე სტრუქტურებს და ჩაღრმავებებს აკეთებს მასზე, რაც სინათლის შეწოვასა და ანარეკლების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.
ამასთან, სუპერ შავი მასალები ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა ასტრონომიის, მზის ენერგიისა და ოპტიკის ინდუსტრიებში. ისინი მოწყობილობებს უფრო ზუსტ და ეფექტურ ფუნქციონირებაში ეხმარება, რა დროსაც არასასურველ სინათლის არეკვლასაც ამცირებს. მაგალითისთვის, სუპერ შავ მასალას სიკაშკაშე შეუძლია, შეამციროს და ტელესკოპები მეტად მკაფიო გახადოს.
ეს მასალები დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელოვნებისა და დიზაინის სფეროებში, რადგან სუპერ შავი საოცარ ვიზუალურ ეფექტს ქმნის და ხელოვანებს მკვეთრ კონტრასტს სთავაზობს. თუმცა, თუ მკვლევართა ჯგუფს დავუჯერებთ, სუპერ შავი მასალა მოდის აქსესუარებსა და ტარებად მოწყობილობებშიც მშვენიერია, ამიტომ, იმედოვნებენ, რომ მალე ამ მასალის კომერციულ გამოყენებამდეც მივლენ.
„შესაძლოა, Nxylon მდგრადი და განახლებადი მასალებისგან დამზადდეს, რომელიც ფართოდ გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, რასაც, თავის მხრივ, ხის გამოყენების ახალ გზამდე მივყავართ“, — ამბობს ევანსი.
თანაც მრავალი უპირატესობა აქვს — როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხეს იყენებს, რომელიც განახლებადი მასალაა. არც რაიმე რთულ დამუშავებას ითხოვს, რაც ხარჯებსაც ამცირებს და მის წარმოებას მეტად სიცოცხლისუნარიანს ხდის. სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ Nxylon იშვიათ და ძვირიან შავი ხის მასალებს, ამასთან, ონიქსის ძვირფას ქვასაც კი ჩაანაცვლებს…