საქართველოში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და დაფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მასწავლებლები ხომ ის ადამიანები არიან, რომლებიც მომავალი თაობის პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, შექმნას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის. ამისათვის კი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი გახდა.
კონკურსის ფარგლებში, მასწავლებლების კიდევ უფრო მეტად დაფასებისათვის და ზოგადად, ამ პროფესიის გადააზრებისათვის, საქართველოს ბანკმა, კრეატიულ სააგენტო Supermarket-თან და „თამაშობანასთან“ ერთად, გადაწყვიტა შეექმნა რაღაც ისეთი, რაც არა მხოლოდ მოკლევადიან აღიარებას მოიტანდა, არამედ გრძელვადიან კულტურულ გავლენას მოახდენდა.
ასე დაიბადა „სუპერმასის“ იდეა, რომლიც მასწავლებლების შესახებ ათასობით შეგროვებულ ისტორიაზე დაყრდნობით შეიქმნა. პროექტი გამორჩეულია იმით, რომ ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური აღიარებით, არამედ ქმნის ხელშესახებ, ვიზუალურ მემკვიდრეობას, რომელიც თაობებს გადაეცემა.

იდეის დაბადება
2024 წელს, საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი გახდა. თუმცა, იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ყოფილიყო, მიზნად დაისახეს შეექმნათ სიმბოლო, რომელიც მასწავლებლებს თავს დაფასებულად აგრძნობინებდა. პროექტი მარტივი, მაგრამ ემოციური იდეით დაიწყო – ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი მოგონებები და ემოციები გაეზიარებინათ მასწავლებლების შესახებ, რომლებმაც მათ ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს.
„საქართველოს ბანკის CSR მიმართულების მიზანი უცვლელია: შევქმნათ განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
შესაბამისად, გვჯერა, რომ ამ პროცესში პედაგოგები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. სწორედ
მასწავლებლების პროფესიის დაფასებისთვის და მათი როლის გადააზრებისთვის, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კამპანია, რომელიც კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებდა მათ მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასე დავიწყეთ მასწავლებლების შესახებ მოგონებებისა და საინტერესო ისტორიების შეგროვება, რომლებიც ახლა ჩვენ მიერ გამოცემულ კომიქსებში გაცოცხლდა. გვინდა, ჩვენი ინიციატივა იქცეს მოწოდებად მასწავლებლებისთვის, არ გაჩერდნენ და ახსოვდეთ, რომ მათი პროფესია ძალიან ღირებულია“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

შთაბეჭდილებების შეგროვება და გააზრება
საქართველოს ბანკმა და Supermarket-მა მასწავლებლების შესახებ მოგონებების შესაგროვებლად ორი ძირითადი არხი გამოიყენეს: ისთ ფოინთში განთავსებული სპეციალური დაფა და mastsavlebeli.bog.ge-ს ვებგვერდი.
ამ მედიუმების დახმარებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთი წინადადებით დაეწერათ მათთვის ძვირფასი ისტორიები მათთვის საუკეთესო მასწავლებელზე.
თითოეული მოგონება ცალკე ისტორიაა, მაგრამ ყველა ისტორიას აერთიანებს ერთი რამ – მასწავლებლების უდიდესი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. ზოგისთვის ეს იყო ერთი ფრაზა, რომელმაც მიმართულება შეცვალა, ზოგისთვის – მხარდაჭერა რთულ მომენტში, ზოგისთვის კი – ნიჭის აღმოჩენა და განვითარება
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ მასწავლებლებს დააფასებდა, არამედ მომავალ თაობებსაც აჩვენებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროფესია. იდეალურ ფორმატად მოგვეჩვენა კომიქსები, რადგან ისინი ემოციურად ასახავენ მასწავლებლების გავლენას და მათ განსაკუთრებულ უნარებს. „გასაოცარი იყო, რომ ამდენი ადამიანი გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას. მოგონებებში იკვეთებოდა ძალიან საინტერესო პატერნები – მასწავლებლები, რომლებიც ცვლიან მოსწავლეების ცხოვრებას, ხშირად მსგავსი თვისებებით გამოირჩევიან“, – აღნიშნავს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი.

„სუპერმასი“, როგორც საუკეთესო მასწავლებლის არქეტიპი
თამაშობანასთან თანამშრომლობით, სწორედ ასე შეიქმნა კომიქსის მთავარი პერსონაჟი – „სუპერმასი“, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველა იმ თვისებას, რაც საუკეთესო მასწავლებელს ახასიათებს.
„თამაშობანას მისიაა, თამაშ-თამაშით შევქმნათ ლაღი ბავშვობა, ამ მოგზაურობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენთვის არიან ბავშვები, მშობლები და, რა თქმა უნდა, მასწავლებლები. როდესაც საქართველოს ბანკიდან ეს შემოთავაზება მივიღეთ, მაშინვე მივხვდით, რომ ეს პროექტი იდეალურად ერგებოდა ჩვენს ხედვას. მასწავლებლები, ისევე როგორც მშობლები, ბავშვის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ჩვენი მიზანი კი ბავშვების განვითარებაა თამაშის გზით“, – თათია რევაზიშვილი, „თამაშობანას“ დირექტორი.
თითოეული კომიქსი ერთ კონკრეტულ თვისებას ან უნარს ეძღვნება. „სუპერმასის“ თითოეული თვისება გადაიქცა თითო ამბად, რომლებშიც მოთხრობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების შესაძლებლობების რწმენა, დახმარების აღმოჩენა, შეუპოვრობა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება და სხვა.
„პერსონაჟის შექმნისას გვინდოდა გადმოგვეცა ის, რომ მასწავლებლები მართლაც სუპერგმირები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ გავლენას მომავალ თაობებზე. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამბების შექმნაზე, რადგან გვინდოდა ისინი ყოფილიყვნენ არა მხოლოდ საინტერესო, არამედ რეალისტურიც – ისეთი, რომ მკითხველს შეძლებოდა მასში საკუთარი გამოცდილების ამოცნობა,“ – აღნიშნავს თათია რევაზიშვილი.
თამაშობანას წარმომადგენლების თქმით, პერსონაჟს აქვს სპეციალური აქსესუარები, რომლებიც მის სუპერ-უნარებს გამოხატავენ, მაგალითად, ემოციური რადარი, რომელიც ყველა ბავშვის ემოციას ცნობს, ჯადოსნური საათი, რომელიც დროს ანელებს, რომ ყველა მოსწავლეს ეყოს, თუ კეთილი წერილების ქილა – ეს ყველაფერი განსაზღვრავს ჩვენი სუპერმასის ნამდვილ სუპერობას.
კომიქსის შექმნას ორმაგი მიზანი აქვს. ამ კომიქსით სურთ პატივისცემა გამოხატონ პროფესიის მიმართ და ასევე, ინსპირაცია მისცენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მასწავლებლობას აპირებენ. კომიქსები ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა და თამაშობანას სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.
„სუპერმასის“ პროექტის მიზანი ისეთი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო, რომელიც ხაზი გაუსვამს მასწავლებლების ძალასა და მნიშვნელობას მომავალი თაობებისთვის. ამასთან, მისცემს მოტივაციას ახალგაზრდებს, საკუთარი პროფესიული არჩევანი მასწავლებლობაზე შეაჩერონ.
ჩვენ გვჯერა, რომ პედაგოგები არიან ნამდვილი სუპერგმირები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან ადამიანების ცხოვრებას, და სწორედ ამ ინიციატივით გვინდა მათ მადლობა გადავუხადოთ თავდაუზოგავი შრომისა და მისიის შესრულებისათვის”, – აღნიშნავს ანა ლომთაძე.











