სუპერმინის კლასიფიკაციაში შედის ის მანქანები, რომლებიც, ერთი შეხედვით, უფრო დიდია, ვიდრე ქალაქში სასიარულოდ გათვლილი ავტომობილი, მაგრამ საოჯახო მანქანაზე ბევრად პატარაა. ისინი 2000-იანი წლებიდან უფრო პოპულარული გახდა და, მაგალითად, 2004 წლის სტატისტიკით: ს ბელგიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და პორტუგალიაში ყველაზე გაყიდვადი მანქანები იყო.
კონცეფცია, როგორც პატარა მანქანა
სანამ მას ოფიციალური სახელი მიეცემოდა, პატარა მანქანების კონცეფციის შაბლონი პირველად 1923 წელს შეიქმნა. Austin Seven იყო მანქანა, რომელიც იყო შედარებით პატარა, ვიდრე მაშინდელი სხვა მანქანები, თუმცა იყო სხვებისგან განსხვავებით ხელმისაწვდომი და მარტივად სამართავი.
საიდან იწყება სუპერმინის ისტორია
ტერმინი „სუპერმინი” გამოჩნდა დაახლოებით 1985 წელს. ხშირად მას პატარა ზომის ჰეტჩბეკებსაც უწოდებდნენ, თუმცა, კლასიკური გაგებით, ეს კატეგორია არც ჰეტჩბეკი იყო და არც Mini. ტერმინის გამოჩენის წელსვე მასში შევიდა ისეთი მანქანები, როგორიცაა Austin Metro, Volkswagen Polo და Ford Fiesta.
1986 წლიდან უკვე ერთმანეთისგან იყო გამიჯნული სუპერმინი და ჰეტჩბეკები. ამ ამბიდან 3 წლის შემდეგ გამოსულ გზამკვლევში უკვე ნათლად ჩანდა, რომელი კატეგორიის მანქანა რომელია და მომხმარებელსაც აღარ ერეოდა ერთმანეთში. ამ პერიოდიდანვე ეყრება საფუძველი ახალ კატეგორიას, სუპერმინი.
რა არის სუპერმინის მახასიათებელი?
რადგან თავდაპირველად კატეგორიის მოდელირებაში ამდენი დრო დაიხარჯა, ისიც გავიგოთ, რა არის მისი მახასიათებელი და რით გამოირჩევა სხვებისგან. ჩვეულებრივ, სუპერმინი სამკარიანია, თუმცა ბოლო დროს გამოვიდა 5-კარიანი მოდელებიც. პირველი, რაც მათ სხვა ტიპის ავტომობილისგან გამოარჩევს, მოცულობაა, სუპერმინი ყოველთვის პატარაა ჩვეულებრივ მანქანებზე. არ გააჩნია დიდი ადგილი საბარგულისთვის, მაგრამ ამის საკონპენსაციოდ მას ხშირად უკეთებენ დასაკეც უკანა სავარძლებს. სუპერმინის ინტერიერი, როგორც წესი, საოცრად ფართოა, რაც წინა და უკანა ბორბლებს შორის დიდი მანძილის შედეგად მიიღწევა. ეს უზრუნველყოფს მძღოლსა და მგზავრებს დამატებით ადგილსა და კომფორტს.
სუპერმინის განვითარება 90-იანებში
1990-იანი წლების პირველი მთავარი სუპერმინი იყო Renault Clio, რომელიც 1990 წელს გამოჩნდა. Clio-ს გამოშვების შემდეგ შემცირდა super5-ის გაყიდვები, რომელიც მანამდე ძალიან მოთხოვნადი იყო. ახალმა სუპერმინიმ მაშინ ეტალონური სტილი დაამკვიდრა, რომელსაც თან ახლდა კონსტრუქციის ხარისხი, კომფორტი და მძღოლისთვის მიმზიდველი ფუნქციები.
იმავე წლებში Peugeot-მა გამოუშვა ორი საინტერესო მოდელი: პატარა 106 1991 წელს და უფრო დიდი 206, 1998 წელს. 106 იყო Peugeot-ის პირველი ნაბიჯი. ასევე 1992 წელს Nissan-მა გამოუშვა სრულიად ახალი Micra, რომელიც დასახელდა წლის ავტომობილად იაპონიაში. 1994 წელს კატეგორია შეავსო Fiat Punto-მ. ახალმა ავტომობილმა დააწესა სტილისა და ეკონომიკის წამყვანი სტანდარტები. ამის პარალელურად კი გამოვიდა მესამე თაობის Volkswagen Polo.
2000-იანი წლები
როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან სუპერმინის პოპულარობამ იმატა. პირველივე მანქანა, რომელიც 2000 წელს გამოვიდა, Škoda Fabia იყო. იმავე წელს გამოვიდა Opel Corsa, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფართო და კომფორტული ინტერიერის წყალობით, რომელიც მას დიდი მანქანის იერს აძლევდა.
აქედან მოყოლებული, ცნობილი ბრენდები სულ უფრო და უფრო მეტ ავტომობილს უშვებენ სუპერმინის კატეგორიაში. 2001 წელს BMW-მ გამოუშვა კლასიკური Mini „რეტრო” ვერსია. ეს მანქანა დიდი პოპულარობით სარგებლობს შეერთებულ შტატებში, ქვეყანაში, რომელიც ჩვეულებრივ ცნობილია ასეთი ზომის მანქანების მიმართ ანტიპათიით. სუპერმინის კიდევ ერთი გამორჩეული მოდელია Mini One/Cooper.
სუპერმინი ტრანსპორტის ყველაზე საბაზისო ფორმადან ერთ-ერთ ყველაზე ქმედუნარიან მანქანად გარდაიქმნა დროთა განმავლობაში. რაც უფრო დატვირთული ხდება ჩვენი გზები, სუპერმინი უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი