in

თანამშრომელთა შესანარჩუნებლად, მხარი დაუჭირეთ მათთვის საინტერესო საქმიანობას

იმის ფონზე, რომ აშშ-ში ადამიანები კვლავაც აქტიურად ტოვებენ სამსახურებს, კომპანიები ტალანტების შენარჩუნების გამოწვევის წინაშე დგანან. მაინც, რა სურთ თანამშრომლებს სამსახურისგან? დისტანციურად მუშაობა და ავტონომია? უკეთესი ანაზღაურება და დაზღვევა? ღირებული საქმის კეთება? ცხადია, ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია, თუმცა არის კიდევ ერთი რამ, რაც დამქირავებლებს ნაკლებად ახსენდებათ ხოლმე – სამსახური ადამიანისთვის არის ადგილი, რომელიც მას სამსახურის გარეთ ცხოვრების გაუმჯობესებაში ეხმარება. ამიტომ, თუკი ადამიანებისთვის მიმზიდველ სამსახურად გინდათ პოზიციონირება, ორიენტირდით სამსახურს გარეთ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მაინც, როგორ მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ თანამშრომლები, ამ პრინციპის გათვალისწინებით?

გუნდთან ერთად, მოქნილობის შესაქმნელად იმუშავეთ

რა უშლის ხელს თანამშრომელს სამსახურის გარეთ ღირებული საქმის კეთებაში? გასაგებია, რომ გატაცებას დრო სჭირდება. სამწუხაროდ, მუდმივად დაძაბული სამუშაო დღეებისა და ამოცანების მზარდი სიის პირობებში, ეს რტულდება. თუკი თანამშრომლების მხარდაჭერა სამსახურის გარეთ გსურთ, დაეხმარეთ მათ ამ დროითი რესურსის გამონახვაში. ერთი გზაა, თანამშრომლებს მკაფიოდ განუსაზღვროთ მათი საქმიანობის მოლოდინები და ამდენად, სამუშაოს დაგეგმვაში დაეხმაროთ, რაც მათთვის საყვარელი საქმისთვის დროის გამონახვაში დაეხმარებათ. შესაძლოა, გატაცება რეგულარულ აქტივობებს მოიცავდეს. ასეთ დროს, თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს დანაშაულის განცდა, რომ „საქმეს აკლებენ რაიმეს“.

თანამშრომლებმა უნდა იგრძნონ, რომ კვირის დღეებშიც შეუძლიათ თავიანთი ჰობით დაკავდნენ და ამისათვის, სამუშაო დროის ნაწილის გამოყენება შეუძლიათ. მაგალითად, Adobe გამოცდილ თანამშრომლებს სთავაზობს წელიწადში დამატებით 4 კვირას აძლევს იმისთვის, რომ თავიანთი ოცნების შვებულება მოიწყონ, დაწერონ წიგნი ან აისრულონ სხვა ოცნება. Google-მა ჩაუშვა სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც თანამშრომლებს ექვსი თვის მანძილზე სხვა პროექტებში მუშაობის საშუალებას აძლევდა. ამავე მიდგომას მიმართავენ უფრო ტრადიციული ორგანიზაციებიც, მაგალითად, საინვესტიციო ბანკები.

თუმცა, უფრო მეტი დრო არ ნიშნავს საყვარელი საქმით დაკავებას, თუკი თანამშრომლის ოცნება უკავშირდება მოგზაურობას ან სპეციფიკურ აღჭურვილობას (სერფინგი, კლდეზე ცოცვა…). ამისათვის Siemens-მა და Twitter-მა ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის პოლიტიკა შემოიღეს. თუკი, თქვენი სამუშაო გეოგრაფიული არეალით შეზღუდული არაა, შეგიძლიათ ეს პირობაც შეუქმნათ თანამშრომელს.

მიეცით მაგალითი

მოქნილობის შექმნა საკმარისი არაა. დარწმუნდით, რომ თანამშრომლები რეალურად იყენებენ ამ პირობებს. გაიაზრეთ, რამდენად რთულია სოციალური წნეხის პირობებში ანაზღაურებადი შვებულების აღებაც კი. თანამშრომლებს ხომ საყოველთაოდ ცნობილი „იდეალური თანამშრომლის“ სტერეოტიპთანაც უწევთ გამკლავება – ბევრს მიაჩნია, რომ იდეალური თანამშრომელი ისაა, ვინც მთელ თავის ძალისხმევას სამუშაოს უთმობს. მნიშვნელოვანია ამ იდეის ცვლილება. თანამშრომლებს შეიძლება ეშინოდეთ ამ ბენეფიტებით სარგებლობა იმ მიზეზით, რომ ამან ნეგატიური დამოკიდებულება არ გამოიწვიოს. ეს სავსებით საფუძვლიანია. თანამშრომლები, რომლებსაც მოქნილი სამუშაო განრიგი აქვთ, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსისთვის, ხშირად აწყდებიან სტიგმას. ამ ფონზე, ისინი ღელავენ – თუკი პირად საქმეებს მეტ დროს დაუთმობენ, ნაკლებად ერთგულ თანამშრომლად ჩათვლიან.

წაახალისეთ თანამშრომლები, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გატაცება

გაუზიარეთ თქვენი ჰობი და თანამშრომლებს მიეცით საშუალება, ერთმანეთში გაცვალონ ინფორმაცია. ეს მნიშვნელოვანია, რათა დაინახონ, რომ თავად აქცევთ ყურადღებას საკუთარ გატაცებებს და პატივს სცემთ სხვისასაც. ამასთან, მნიშვნელოვანია, თავადაც გქონდეთ გატაცება – ადამიანები მიყვებიან მას, ვინც აძლევს მაგალითს.

შექმენით სივრცე, სადაც გაზიარება იქნება შესაძლებელი. ამისათვის გამოდგება როგორც რეალური, ასევე, ციფრული სივრცე. ყურადღება მიაქციეთ, რომ კონკრეტულად ამ თემაზე იყოს საუბარი. ეს კოლეგებს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს და სოციალურ კავშირს გააჩენს მათ შორის, რაც თავის მხრივ, გუნდურობაზე დადებითაც აისახება.

ჰობის წახალისება კომპანიებისთვის ახალი გზაა, ხელი შეუწყონ თანამშრომლების განვითარებას. მაგალითად, სოციალურმა ქსელმა Buffer თანამშრომლებს გადაუხადა, სხვადასხვა ადგილების სანახავად – ნიუ-იორკის, ტაილანდისა და სიდნეის. კომპანიამ შეიძლება დააფინანსოს თანამშრომლებისთვის ერთობლივი კულინარიული მასტერკლასი, ტური ან ახალი ენის შესწავლა. როდესაც თანამშრომლები ოფისის გარეთ მუშაობენ, ასეთმა მიდგომამ მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მათი დამოკიდებულება კომპანიის მიმართ.

ზემოხსენებულის გარდა, არაერთი კომპანია ჩაერთო თანამშრომლების ჰობის ფინანსურ წახალისებაში. ამ პროგრამებზე გაწეული რესურსები ხარჯი თუ გგონიათ, გეტყვით, რომ მისი კომპენსაცია თანამშრომლის მოტივაციისა და ჩართულობის სახით დაგიბრუნდებათ. მაგალითად, Edelman -ის თანამშრომლებს შეუძლიათ ისარგებლონ $2500-იანი დაფინანსებით მათთვის საინტერესო საქმეზე, აიღონ ერთკვირიანი შესვენება და $1500-იანი სტიპენდია განსაკუთრებულ გამოცდილებაზე. ბრენდი Betabrand თანამშრომლებს უხდის, რათა მათთვის საოცნებო ადგილებს ეწვიონ, ნახონ, სად და როგორ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები ან ახალი თავგადასავალი იპოვონ. პროგრამას Flyaway Program ჰქვია. IT კომპანია FullContact ქმნის პრაქტიკას Paid Paid vacation, სადაც თანამშრომლებს $7500-იანი სტიპენდია ნებისმიერ რამეში შეუძლიათ გამოიყენონ, ერთი პირობით. ისინი სრულად უნდა გამოეთიშონ საქმიანობებს და მთლიანად განიტვირთონ. მსგავსი მაგალითი ბევრია და საშუალებაც მრავლად მოინახება. Reddit-მა თანამშრომლების პიროვნული და პროფესიონალური განვითარებისთვის, მათთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხის გარშემო გამოყო რესურსები. სწორედ არასამუშაო დროს იბადება ის შემოქმედებითი ენერგია, რომელსაც შემდეგ ადამიანი სამსახურში ხარჯავს.

 

წყარო: HBR



“Oh hi lol” – ილონ მასკმა Twitter-ის 9.2% იყიდა

პირველი სელფი ისტორიაში