19
Nov
2018

ამერიკელი წყვილის ქართული რესტორანი ვაშინგტონში

19 Nov 2018

Startauperi
Startauperi


ჯონათან და ლაურა ნელმსები

“რესტორანი იმიტომ არ გამიხსნია, რომ უბრალოდ, რესტორნის გახსნა მსურდა. მე ქართული რესტორნის გახსნა მინდოდა” – ჯონათანს ნელმსს ქართულ კულტურასთან პირველი შეხება ფლორიდის სკოლაში სწავლისას ჰქონდა, როდესაც მის კლასს ქართველი გიორგი შეუერთდა. მას შემდეგ, საქართველო მისთვის შორეულ საოცარ ადგილად იქცა, განსხვავებული ბუნებით, ტრადიციებითა და კულტურით. დღეს, ჯონათანი, მეუღლესთან, ლაურა ნელმსთან ერთად, შუაგულ ვაშინგტონში, საკუთარ რესტორანს ფლობს და ქართველ თანაგუნდელებთან ერთად, “Supra“-ს სტუმრებს ქართულ სტუმართმოყვარეობაზე დიდი სიყვარულით უყვება. რესტორანი სულ უფრო მეტ პოპულარობას იკრებს მეგაპოლისში და ხშირად ხვდება The Washington Post-ის ყურადღების ცენტრში. რესტორან Supra-ს ამერიკაში ქართული რესტორნების ძიებისას მივაგენით და ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მის მფლობელებად ამერიკელი წყვილი მოგვევლინა. კიდევ უფრო გაგვაკვირვა მათმა გულთბილმა სალამმა, ქართულ სტუმართმოყვარეობას რომ შეეფერება.

ჯონათანი იურისტია, ჰარვარდის კურსდამთავრებული, თუმცა ქართული რესტორნის გასახსნელად პროფესია დაუფიქრებლად დათმო. საოცნებო საქართველოს რეგულარულად სტუმრობს და როგორც თავად ამბობს, ერთი სული აქვს, როდის ჩამოვა ისევ. უცნაურია, როგორ აღმოჩნდა ჰარვარდელი ჯონათანი ჯერ საქართველოში, შემდეგ კი  სარესტორნო სფეროში? ან საიდან გაუღვივდა ქვეყნის დასალიერში მდებარე ერთი ციდა საქართველოს მიმართ ამხელა სიყვარული? მოდით, მოვყვეთ თავიდან…

M: უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ, როგორი იყო თქვენი პირველი შეხება საქართველოსთან და ქართულ კულტურასთან?

1989 წელს, საბჭოთა საქართველოდან, გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა სტუდენტი. გიორგიმ ბევრი რამ გვასწავლა მის ქვეყანაზე, ენასა და კულტურაზე, თუ რამდენად განსხვავებული იყო ის იმ რუსეთისგან, რომელზეც სკოლაში გვასწავლიდნენ. მალევე დავუმეგობრდი. შემდეგ, 1990-91 სასწავლო წელი, გაცვლითი პროგრამით, საბჭოთა კავშირში გავატარე. იმ პერიოდში საქართველოში ვერ ჩამოვედი – არეულობა იყო, ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. თუმცა, ვიბორგში, რუსულ ოჯახში ცხოვრებისასაც კი, ბევრი რამ ვისწავლე ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე.

იმ დროისთვის, საბჭოეთში ბიზნესის დაწყება უკვე შესაძლებელი იყო. ერთ-ერთი პირველი მათგანი, რომელსაც ვეწვიე, იყო ქართული კაფე ლენინგრადში. მახსოვს მათი მენიუ – ყველაფერი მიმზიდველად ჟღერდა, თუმცა ისეთი დრო იყო, მენიუდან, უმეტესწილად, მხოლოდ სუპ-ხარჩო და ქართული პური ჰქონდათ. თუმცა, ჩვენ ესეც გვიყვარდა და კაფეს რეგულარულად ვსტუმრობდით.

საქართველოს პირველად 2011 წელს ვეწვიეთ. თბილისსა და ყაზბეგში ქორწინების ხუთი წლის იუბილეზე ჩამოვედით. გაოგნებულები ვიყავით ყაზბეგის სილამაზითა და ამ ხალხის სტუმართმოყვარეობით. მაშინ Rooms Hotel ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, ამდენად, ტურისტები სახლის სასტუმროებში ვრჩებოდით. ჩვენ “ანოს სახლში” დავრჩით, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილ ოჯახში.

საქართველოში კიდევ რამდენჯერმე ჩამოვედი და ყოველ ჯერზე ვსტუმრობდი გამორჩეულ თბილისურ რესტორნებსა და ქვეყნის ტრადიციულ ღირსშესანიშნაობებს.

Photo: Armando Gallardo

 

M: ქართული რესტორნის გახსნა პროფესიული გადაწყვეტილება იყო თუ უფრო საქართველოს სიყვარულმა განაპირობა?

შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ. საადვოკატო კომპანია ბეიკერ მაკკენზის პარტნიორი ვიყავი, რომელსაც საბჭოთა კავშირშიც ჰქონდა ოფისები. ამდენად, პერიოდულად, ყაზახეთში, უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში მიწევდა ჩასვლა, სადაც კარგ ქართულ რესტორნებს ვსტუმრობდი. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოსვლა ვერც მაშინ შევძელი.

2012 წლის ბოლოს, კვლავ ვაშინგტონს დავუბრუნდით, სადაც არცერთი ქართული რესტორანი არ იყო. იმ დროისთვის, იმ დროისთვის, ჩემი მეგობრები ვაშინგტონის სარესტორნო ბიზნესში დებდნენ ფულს და ამგვარად ამ სფეროს განვითარებას უწყობდნენ ხელს. მეც განვიზრახე იმავეს გაკეთება და დავიწყე დეტალების გარკვევა. ვფიქრობდი, ჯერ ამით დავკავდებოდი, შემდეგ კი იქნებ, სამომავლოდ, იურიდიული სფეროს დატოვების შემდეგ, ქართული რესტორანიც გამეხსნა.

Photo: Armando Gallardo

თუმცა, დავაკვირდი, რომ ქართული კერძებისა და ღვინის მიმართ ინტერესი იზრდებოდა. მახსოვს, The Washington Post-მა კითხვაც კი დასვა, რატომ არ იყო ვაშინგტონში ქართული რესტორნები. ქართული კერძები ქალაქის რამდენიმე რესტორანში იყო და ქართული ღვინოც თანდათან ემატებოდა მარკეტებს. ამდენად, ვგრძნობდი, ახლოვდებოდა დრო, როცა ვიღაც ქართულ რესტორანს გახსნიდა ვაშინგტონში. ვარჩიეთ, ჩვენ ვყოფილიყავით პირველები.

დავიწყეთ შესაძლებლობების მოძიება. 2016 წლის გაზაფხულისთვის უკვე გუნდიც გვყავდა და ინვესტორებიც. დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. რესტორანი 2017 წლის ნოემბერში გავხსენით.

M: მაინც, რატომ გააკეთეთ არჩევანი ქართულ სამზარეულოზე?

ქართულ სამზარეულოს კარგად იცნობენ აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა ის ჯერ კიდევ სიახლეა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკისთვის. სწორედ, აქ დავინახე შესაძლებლობა და ვაშინგტონიც, აქ მაცხოვრებელი დიპლომატებით, ჟურნალისტებით, იურისტებითა და ბიზნესმენებით, იდეალური ადგილი იყო ქართული კერძებითა და ღვინით უკვე დაინტერესებული ადამიანების მოსაძებნად. ამასთან, ქალაქი მუდმივად სავსეა ადამიანებით, რომლებიც რაღაც ახალს ეძებენ.

რესტორანი იმიტომ არ გამიხსნია, რომ უბრალოდ, რესტორნის გახსნა მსურდა. მე ქართული რესტორნის გახსნა მინდოდა.

M: როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ქართულ რესტორანში სტუმარ-მასპინძლობას?

ძალიან გვინდოდა ამ რესტორნით გადმოგვეცა ქართული სტუმართმოყვარეობა. მაგალითად, ვაწყობთ ღვინის უფასო დეგუსტაციებს, ვსაუბრობთ ქართული ღვინის კულტურაზე. ყოველთვიურად, ვშლით სუფრას, სადაც დიდ სადილზე მოდის ხალხი და გვყავს თამადა, რომელიც ქართული კერძებისა და ღვინის გარდა, ქართულ დღესასწაულებსა და სტუმართმოყვარეობაზე უყვება სუფრის წევრებს. ეს იმ საქმეების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რასაც Supra-ში ვაკეთებთ.

M: როგორც ვიცი, ქართველი შეფმზარეული გყავთ, მალხაზ მაისაშვილი… სხვა ქართველები თუ მუშაობენ თქვენთან?

როდესაც ქართული რესტორნის კონცეფციის სერიოზული გამოკვლევა დაივიწყე, დამჭირდა ქართველი შეფმზარეული, ის, ვისაც აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა. ბევრ ქართველს ვესაუბრე ამ პრობლემაზე. ბოლოს, საქართველოს საელჩომ რეკომენდაცია მალხაზს გაუწია, რომელიც იმ დროისთვის ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

დიახ, ბრწყინვალე ახალგაზრდა კულინარი გვყავს, ანი კანდელაკი. გუნდში გვყავს სხვა ქართველებიც. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ქართულ რესტორანში სტუმარს ქართველი მასპინძელი ხვდებოდეს.

M: რომელი ქართული კერძები გაქვთ მენიუში? რომელი კერძებია ყველაზე პოპულარული?

ჩვენი მენიუს ნახვა ვებგვერდზე Supradc.com შეგიძლიათ. ჩვენ გვაქვს ტრადიციული და ექსპერიმენტული კერძები, რომლებსაც მალხაზი კულინარიულ გუნდთან ერთად ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ცალსახად ქართული სამზარეულო გვაქვს. არ გვაქვს შერეული, მაგალითად, რუსული, უკრაინული, ევროპული, ამერიკული და სხვა კერძები.

ყველაზე მეტად ხაჭაპური უყვართ (განსაკუთრებით, აჭარული), ასევე, ხინკალი და კუპატი. ძალიან მოსწონთ ტყემალი და აჯიკაც.

M: როგორ მოსწონთ ამერიკელებს ქართული სამზარეულო? რა იციან მის შესახებ?

ამერიკელებმა ქართულ კერძებზე ძალიან ცოტა იციან. თუმცა, მათი ინტერესი სულ უფრო იზრდება. ზოგს აჭარული ხაჭაპური გაუსინჯავს აქაურ რესტორნებში და უფრო მეტის გაგება მოუნდა… სწორედ, ამიტომ გაიხსნა ჩვენი რესტორანი!

გვიხარია, რომ ჩვენი “რევიუები” განსაკუთრებულად პოზიტიურია. ბევრ ჩვენს სტუმარს აქამდე არც გაესინჯა ქართული კერძები და ჩვენი კულინარების დახმარებით, ძალიან კმაყოფილიც დარჩა.

M: აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?

მხოლოდ წელს, საქართველოში სამჯერ ვიყავი. ისე, სულ რვაჯერ ვარ ნამყოფი. ყოველთვის ვეძებ საბაბს იქ ჩასასვლელად. მომდევნო ვიზიტი ჯერ არ დამიგეგმავს, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ!

M: გეგმავთ რესტორნის გაფართოებას?

ვინ იცის? გაფართოებას, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ. Supra-მ დაამტკიცა, რომ ძალიან პოპულარულია. ალბათ, უფრო მოსახერხებელ ადგილს მოვნახავთ რესტორნისთვის, კოლეჯთან ან საუნივერსიტეტო კამპუსთან ახლოს, რათა უფრო ახალგაზრდა აუდიტორიას წარვუდგინოთ ქართული სამზარეულო. ვნახოთ…

განხილვა