20
მარ
2017

Surprise.ge – სასაჩუქრე ბარათების ონლაინ მაღაზია

20 მარ 2017


Surprise.ge არის მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია პრემიუმ ბრენდების რეკლამისა და სასაჩუქრე ბარათებისთვის. საიტის დახმარებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ადრესატისთვის სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა, რომლის გამოყენებაც შერჩეულ მაღაზიაშია შესაძლებელი. surprise.ge-ს შექმნისა და ფუნქციონირების დეტალებზე მარკეტერი კომპანიის დირექტორს – გვანცა სხირტლაძეს ესაუბრა:

BOG PLUS

M: როგორ შეიქმნა surprise.ge ? როგორი იყო იდეის განვითარების ეტაპები?

კომპანიის დამფუძნებელს – გიორგის შარვაძეს სურდა საჩუქრის გაკეთება, ცხოვრობდა საფრანგეთში, საჩუქრის ადრესატი კი იმყოფებოდა საქართველოში. ბევრი ძებნის მიუხედავად, ინტერნეტ სივრცეში ვერ ნახა პლატფორმა, რომელიც მისცემდა საშუალებას ელექტრონულად, დისტანციურად გაეკეთებინა საჩუქარი, სწორედ ამ გარემოებამ ჩაუყარა საფუძველი “სურპრაიზი”-ს დაარსებას. 2016 წლის ნოემბერში დავიწყეთ იდეაზე მუშაობა, თუმცა, მაშინ არ გვქონდა ზუსტად ჩამოყალიბებული კონცეფცია. იდეა განხორციელების პროცესში დაიხვეწა. ჩვენი განვითარების პირველი ეტაპი იყო იდეის დახვეწა, რამაც ონლაინ მაღაზიიდან მიგვიყვანა მარკეტინგულ პლატფორმამდე, რომელიც აბსოლუტურად მიმართულია მომხმარებლის კომფორტზე, ხოლო პარტნიორებისთვის ჩვენთან თანამშრომლობა მრავალმხრივ ბენეფიტურია.

M: რას სთავაზობთ მომხმარებელს?

მომხმარებლისთვის ვართ ონლაინ მაღაზია, რომელიც სთავაზობს კომფორტულ გარემოში, დროის და ენერგიის დაზოგვით, სურპრიზად საჩუქრის შეძენას. რაც მთავარია, ერთ სივრცეში თავმოყრილია ბევრი ბრენდი და მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება.

M: როგორია შეძენის პროცესი?

შეძენის პროცესი არის ძალიან მარტივი, შევდივართ საიტზე, ვირჩევთ სასაჩუქრე ბარათს და ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ადრესატის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, ვიძენთ სასაჩუქრე ბარათს, რომლის კოდიც ადრესატს მისდის სმს-ს ან იმეილის სახით. კოდის მიღებიდან სასაჩუქრე ბარათი არის აქტიური და შესაძლებელია მისი განაღდება.

M: სასაჩუქრე განყოფილებაში რა კატეგორიები გაქვთ?

საიტზე გვაქვს ტანსაცმლის, პარფიუმერიის, საკაულების და აქსესუარების კატეგორიები. ამ ეტაპზე, არ ვფიქრობთ რაიმეს დამატებას და შეცვლას, ვინაიდან სასაჩუქრედ, ძირითად შემთხვევებში, სწორედ ამ კატეგორიებიდან არჩევენ ბარათებს.

M: მხოლოდ სასჩუქრე ბარათების შეძენაა შესაძლებელი და არა კონკრეტული ნივთის?

დიახ, მხოლოდ სასაჩუქრე ბარათების.

M: რა უპირატესობები გაქვთ სხვა მსგავს კომპანიებთან შედარებით?

კონკურენტებთან შედარებით, მთავარი უპირატესობა გვაქვს ის, რომ არ არის საჭირო მიტანის სერვისი, რაც თავისთავად მოსახერხებელია და პროდუქტის ღირებულებას არ აძვირებს. აქვე ავღნიშნავ, რომ მომხმარებლისთვის არანაირი დაფარული ან ზედმეტი საკომისიო არ არსებობს, რა ღირებულების სასაჩუქრე ბარათსაც შეიძენს, იმ თანხის პროდუქტის მიღებას შეძლებს მაღაზიაში

M: რას სთავაზობთ პარტნიორ კომპანიებს და ვინ არიან ისინი?

როგორც უკვე ავღნიშნე, პარტნიორებისთვის ვართ მრავალხმრივ ბენეფიტური. ვთავაზობთ გაყიდვების ახალ არხს, მათი მომხმარებლისთვის კომფორტულ სერვისს, რეკლამას და მომხმარებლის ბაზას. ჩვენი პარტნიორები არიან, ქართული ბრენდი – ქო მოუდი, კაბა, საიუველირო მაღაზიები: ბაკარა, დელფოსი, პარფიუმერული და დეკორატიული კოსმეტიკა : ისი პარი, ინგლოტი. სხვა კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში ვართ, მალე დაემატება ახალი ბრენდები.

M: რაში მდგომარეობს სარგებელი პარტნორი კომპანიისათვის?

გაყიდვების ახალი დისტანციური არხი არცერთი ბრენდისთვის არის ზედმეტი, გაყიდვების ზრდა ბიზნესის ძირითადი ამოცანაა, რასაც ჩვენ ვუწყობთ ხელს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რაში გვჭირდება თქვენი მომსახურება თუკი გვაქვს ჩვენი ონლაინ მაღაზია? პასუხი ძალიან მარტივია – როცა გარემო კონკურენტულია, მნიშვნელოვანია იყო იქ, სადაც შენი კონკურენტია წარმოდგენილი. ჩვენ რეკლამას ვუკეთებთ როგორც საკუთარ ბრენდს და მომსახურებას, ასევე ჩვენს პარტნიორ ბრენდსაც. სწორედ ამ კუთხით თუ შევხედავთ, ჩვენთან თანამშრომლობა ბრენდს აძლევს საშუალებას სრულიად უფასოდ,  გააკეთოს მიზნობრივი რეკლამა, საიტზე შემოსული მომხმარებელი უკვე მზადყოფნაშია საჩუქრის შესაძენად და გავდივართ ზუსტად სამიზნე აუდიტორიაზე.

M: ძირითადად, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველები. აღსანიშნავია, რომ surprise.ge-ს მომხმარებლების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ემიგრანტები, ჩვენს პარტნიორებს კი მათთან პირდაპირ კავშირს ვთავაზობთ.

M: რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას?

მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ცნობილ ბრენდთან, შესაბამისად, ვცდილობთ გაფართოებას. ასევე, ვაპირებთ რებრენდინგს – ჩვენი კორპორაციული სტილისა და ლოგოს გახალისებას. schedule-ს ფუნქციის დამატებასაც ვგეგმავთ. ვთქვათ, მომხმარებელმა წინასწარ შეიძინა ბარათი და კონკრეტული რიცხვისთვის და იმ რიცხვში მიიღებს როცა სურს. გვინდა რომ უფრო მრავალფეროვანი იყოს ჩვენი საიტი, ამიტომ ვაპირებთ დავამატოთ რამდენიმე ფუნცქცია. გვინდა პლატფორმა გავამდიდროთ ისეთი პარამეტრებით, როგორიც, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულს გაგხვდის.

განხილვა