
სუში ჰოლიკი იაპონური კვების ობიექტია, თან წაღებისა და მიტანის სერვისით, რომელიც ერთი თვის წინ შეიქმნა. სტარტაპის ავტორი ორი სტუდენტია – 21 წლის ქეთი თანდილაშვილი GIPA-დან (სოციალური მეცნიერებები) და 20 წლის მარიამ ნინუა UG-დან (ჯანდაცვის მენეჯმენტი). მიუხედავად იმისა, რომ მათი პროფესიები არ გულისხმობს ცოდნასა და გამოცდილებას არც ბიზნესის მართვასა და არც კონკრეტულად, იაპონური სამზარეულოს სპეციფიკაში, მათ მაინც გაბედეს და აზიური სამზარეულოს სიყვარულით, შექმნეს „სუში ჰოლიკი“. მარკეტერი ბრენდის დაარსების იდეაზე, პოპულარიზაციასა და სამომავლო ხედვაზე ესაუბრა თანადამფუძნებელ ქეთი თანდილაშვილს:
M: რატომ გადაწყვიტეთ საქმიანობის დაწყება ამ მიმართულებით, თქვენი სამომავლო პროფესიიდან სრულიად განსხვავებული გზით და რა სირთულეებს შეხვდით?
ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ 20-21 წლის სტუდენტებისთვის მარტივი ნამდვილად არაა საკუთარი საქმის წამოწყება. თავიდან, ყველაფერი მარტივად გეჩვენება, შემდეგ კი, გზად გხვდება უამრავი დაბრკოლება, საწინააღმდეგო აზრი, გიპყრობს შიში, რომ რაღაც არ გამოვა. ჩვენი შემთხვევაც იდენტურია, მაგრამ სურვილმა იმისა, რომ შეგვექმნა რაიმე ახალი, გვქონოდა ჩვენი საქმე და ვყოფილიყავით შემდგარი ადამიანები ადრეულ ასაკში, ყველა წინააღმდეგობას სძლია. ორივეს მიგვაჩნია, რომ ადამიანს ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროსა და სფეროში შეუძლია წარმატების მიღწევა. რაც შეეხება კონკრეტულად საქმიანობის სფეროს, ჩვენი სიყვარული აღმოსავლური კულტურისა და სამზარეულოს მიმართ, ალბათ, ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც სუში ჰოლიკის არსებობა განაპირობა.
M: ბრენდის პოპულარიზაციისა და მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის რა საშუალებებს იყენებთ?
ბრენდის პოპულარიზაციას რაც შეეხება, საზოგადოებისათვის ჩვენი პროდუქციის გაცნობა გახსნის დღიდან სოციალური ქსელების – “instagram-ისა“ და “facebook-ის“ საშუალებით მოხდა. კომპანიის განვითარებასთან ერთად, ნელ-ნელა ვითარდება მარკეტინგული საშუალებებიც. სოციალურ ქსელთან ერთად, გადავდივართ მედიაპოპულარიზაციაზე, როგორიცაა კულინარიული ჟურნალი – „კულინარტი“.
M: როგორ იღებთ შეკვეთებს, როგორია სუში ჰოლიკის მენიუ და ვინ ამზადებს თქვენს პროდუქციას?
შეკვეთისთვის, უნდა მოგვწერონ „ფეისბუკზე“, შეკვეთა, ასევე, შესაძლებელია Foodpanda-სა და Menu.ge-ზე. მომხმარებელს 10 სახის როლსა და 14 სახის მაკს ვთავაზობთ. არდა სუშისა, ვამზადებთ სხვა აზიურ კერძებსაც. ჩვენს კერძებს კვალიფიციური მზარეულები ამზადებენ და შეკვეთიდან, საშუალოდ, 5 წუთში მზადდება სუში, ასე, 10-15 წუთში მიგვაქვს შეკვეთა ადგილზე. სუში ჰოლიკის პერსონალი 8 ადამიანისგან შედგება.
M: რას მიიჩნევთ თქვენს საქმიანობაში წარმატებად და როგორია თქვენი კომპანიის განვითარების სამომავლო ხედვა?
ჩვენს საქმიანობაში წარმატებად, პირველ რიგში, ამ დიდი ნაბიჯის გადადგმას მივიჩნევთ. ახლა ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქცია მომხმარებლის გემოვნებას მოვარგოთ.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, არ გვინდა გავამხილოთ, რადგან ჩვენი ყოველი დღე ახლისა და საკეთესოს ძიებაში გადის. ვაკეთებთ ყველაფერს, სერვისის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად.










