დისლექსიის მქონე ადამიანებს ხშირად უძნელდებათ ვებგვერდებზე ტექსტის წაკითხვა. სამწუხაროდ, ბევრი ბრენდი ნელ-ნელა ეგუება იმას, რომ ამ დაავადების მქონე პირებთან ნაკლებ კომუნიკაციას დაამყარებენ ასეთი ბარიერის გამო. ეს კი ორივე მხარისთვის ძალიან ცუდია…
ახლა კი ბრენდის დიზაინის სააგენტომ Lewis Moberly ახალი შრიფტი შექმნა, ბრიტანეთში დაფუძნებული Tropic Skincare-ისთვის. კომპანიამ გადაწყვიტა, დისლექსიის მქონე მომხმარებლებთან უფრო მარტივი კომუნიკაცია ჰქონოდა და მათ რაიმე პრობლემა არ შეჰქმნოდათ ბრენდთან „ურთიერთობისას“. შრიფტი, სახელწოდებით Susie Script, იდეალურად ერწყმის კომპანიის სტილსა და განწყობას. ამავდროულად კი, ჩვეულებრივი sans-serif შრიფტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სილამაზის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების მეოთხედს დისლექსია აღენიშნება. Susie Script არის ხელნაწერი შრიფტი, ასოებს შორის უფრო ფართო ინტერვალით. მისი ფერიც სპეციალურად ადვილად კითხვადობისთვის შეირჩა. თანაც, ფერად და შაბლონურ ფონზეც ადვილია მისი წაკითხვა.
ამიერიდან, Tropic Skincare ამ ახალ შრიფტს გამოიყენებს თავის შეფუთვასა და ონლაინ არხებზე. დაგვეთანხმებით, პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია და ბრენდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყოველი ადამიანი თანაბრად მოიცვას, დიდ წარმატებას მიაღწევს. იმედია, ეს სხვა კომპანიებსაც შთააგონებს და მათი რესურსი უფრო ინკლუზიური ხასიათის იქნება.