in

ქართულმა კომპანიამ „სუზუკის“ რეკლამისთვის ვიზუალური ეფექტები შექმნა

„სუზუკის“ მოპედების ახალ რეკლამაში მთავარი მოქმედი გმირები უცხოპლანეტელები არიან. ვიზუალური ეფექტები, რომლის დახმარებითაც აღნიშნული გამოსახულებების მიღება გახდა შესაძლებელი ქართულმა კომპანია Highway VFX-მა შექმნა. ამის შესახებ, კომპანიის მიერ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ. აქამდე, კომპანიის მიერ შესრულებულ პროექტებს შორის ვხვდებით ქართული ბაზრისთვის ცნობილ არაერთ ანიმაციას, მათ შორის კი Stealing The Sun-ს. Suzuki-სა და Highway VFX-ის თანამშრომლობის დეტალებზე Highway VFX-ის დირექტორ და ანიმაციის სუპერვაიზერ – ლევან ლაფაჩთან ვისაუბრეთ და მათ ქვემოთ მოცემული ინტერვიუს სახით შეგიძლიათ გაეცნოთ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/highwayvfx/videos/2247071668926105/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

M: როგორ შედგა Highway VFX-ისა და Suzuki-ს თანამშრომლობა? რა ეტაპები გაიარეთ ამისთვის?
ჩვენი და Suzuki-ს თანამშრომლობა ცოტა უცნაურად დაიწყო. ვმუშაობდით Nissan Kicks-ის ვიდეორგოლის ვიზუალურ ეფექტებზე ერთ-ერთ უცხოურ ვიზუალური ეფექტების სტუდიასთან ერთად. როდესაც სამუშაოები დავასრულეთ და ვიდეორგოლი ჩვენს პორტფოლიოში მოხვდა, შეგვამჩნია სააგენტომ რომელსაც Nissan-ის რგოლი ეკუთვნოდა, დაგვიკავშირდა და დაინტერესდნენ ჩვენით. უკვე შემდგომ საუბრებში ისიც კი გამოირკვა, რომ Nissan-ის ვიდეორგოლიდან ზუსტად იმ კადრებზე „გიჟდებოდნენ“, რომლებზეც კონკრეტულად ჩვენ გვქონდა ნამუშევარი, რამაც ერთიორად გაგვახარა. შემდეგ იყო რამდენიმე ბრიფის გავლა მათთან ერთად სხვადასხვა პროექტზე და საბოლოოდ, ჩვენი თანამშრომლობა შედგა SUZUKI-ს ვიდეორგოლზე. ჩავედით ინდოეთში, გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპები და გადაღებებიც დაიწყო, რის შემდეგაც ზუსტად 3 კვირა გვქონდა, რომ ვიდეორგოლი საბოლოო სახით ჩაგვებარებინა. რა თქმა უნდა ესეც მოხდა და არ დამავიწყდება ის ზარი, როდესაც კლიენტთან შეხვედრიდან გამოსულმა სააგენტოს პროდიუსერმა დამირეკა და მომიყვა თუ რა დონეზე აღფრთოვანებულები იყვნენ საბოლოო შედეგით და როგორ ეძახდნენ ოფისში სხვადასხვა ოთახებიდან თავიანთ თანამშრომლებს, რომ ეჩვენებინათ ახალი სარეკლამო რგოლი.

M: აქამდე თუ გქონიათ გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობის გამოცდილება?
Highway VFX-ის დაარსების დღიდან, ადგილობრივ ბაზართან ერთად, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს უცხოურ ბრენდებთან, სააგენტოებთან და სტუდიებთან. ვცდილობთ უცხოური ბაზარი, შეძლებისდაგვარად, ავითვისოთ და გავაგებინოთ ყველას, რომ ამ პატარა, მაგრამ უმაგრეს ქვეყანაშიც შეიძლება ხარისხიანი პროდუქტის შექმნა. Nissan-ის და Suzuki-ს ვიდეორგოლებამდე, გვყავდა უკვე ჩვენი მუდმივი კლიენტი ერთ-ერთი გერმანული სააგენტოდან, რომელიც ემსახურება გერმანულ საბავშვო გასართობ არხს, Super RTL. ვისთვისაც დღემდე ვქმნით საბავშო ანიმაციურ კონტენტს და ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს მათთან. ასევე, ვითანამშრომლეთ ცნობილ კომპანია Airbus-თან, მათი ახალი „დრონი თვითმფრინავების“ კონცეფციასთან დაკავშირებით.

M: რა მიგაჩნიათ იმ კონკურენტულ უპირატესობად, რაც ბაზარზე თქვენს წარმატებას განაპირობებს. ან თუნდაც იმას, რომ „სუზუკიმ “თქვენ აგირჩიათ და არა სხვა VFX სტუდია?
მგონი, ჩვენი მიდგომა ყოველი ახალი პროექტის და კლიენტის მიმართ და ის შემართება რითიც ვქმნით ნამუშევრებს გახდა წარმატების მიზეზი. როგორც უკვე ავღნიშნე, ზუსტად ჩვენი ნამუშევრების ხარისხი გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ დაგვიკავშირდა Suzuki-ს სააგენტო ჩვენ და რატომ გადაწყვიტეს ასე შორს თანამშრომლობის დაწყება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დედლაინებს აქცევენ უდიდეს ყურადღებას და 1 დღით დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ცუდი შედეგები. ჩვენ ამ ასპექტშიც კომფორტულად და გართულებების გარეშე ვითანამშრომლეთ მათთან, რადგანაც ნებისმიერი პროექტის წინასწარ შეთანხმებულ ვადებში ჩაბარებას ჩვენთვის, ისევე როგორც კლიენტისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მუდმივად ვცდილობთ განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ აქაური ანიმაციური და ვიზუალური ეფექტების ბიზნეს გარემო. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და საშუალება მივცეთ ყველა ანიმაციით და ვიზუალური ეფექტებით დაინტერესებულ ადამიანს, განავითაროს თავისი უნარები და იპოვოს საკუთარი თავი ამ სფეროში. უკვე გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ახალ პრეოქტზე და იმედი გვაქვს, ჩვენს პორტფოლიოს კიდევ უფრო გავამდიდრებთ და გავამრავალფეროვნებთ.

ქართული სისტემა გამაჯანსაღებელი კომპლექსების სრული ავტომატიზაციისა და მართვისთვის

Lenovo ჰოლოგრაფიულ კომპიუტერს ქმნის