in

ავტომობილის იაპონური ესთეტიკა – Suzuki-ს ისტორია

როცა ცნობილ ავტობრენდებზე ვფიქრობთ, გონებაში აუცილებლად გაგვიელვებს ერთი იაპონური კომპანია, რომლის მოდელებსაც ქალაქში უხვად შევხვდებით. ალბათ მიხვდით, რომ Suzuki-ზე გვაქვს საუბარი, რომელსაც მსოფლიო ავტოისტორიების სიაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს.

Suzuki Motor Corporation არის იაპონური კორპორაცია, რომელიც სპეციალიზებულია სხვადასხვა ტიპის მანქანების წარმოებაში. დღესდღეობით სუზუკის ჰყავს 45000-ზე მეტი თანამშრომელი მთელ მსოფლიოში და აქვს დაახლოებით 35 ძირითადი საწარმოო ობიექტი 23 ქვეყანაში, ასევე 133 დისტრიბუტორი 192 ქვეყანაში.

მიჩიო სუზუკი

და მაინც, საიდან და როგორ მიაღწია Suzuki-მ მსგავს წარმატებას?

დასაწყისი

1909 წელს მიჩიო სუზუკიმ დააარსა Suzuki Loom Works სოფელ ჰამამაცუში, იაპონიაში. მისი არსებობის პირველი სამი ათწლეულის განმავლობაში კომპანია ფოკუსირებული იყო ქსოვის ინდუსტრიისთვის საჭირო აღჭურვილობის დიზაინსა და წარმოებაზე.

საქმეები თავიდან კარგად მიდიოდა, მაგრამ მიჩიო სუზუკის სჯეროდა, რომ კომპანია მალე პროდუქციის ასორტიმენტს გააფართოებდა. 30-იანი წლების ბოლოს მან გადაწყვიტა, რომ პატარა მანქანების წარმოება ყველაზე მომგებიანი იქნებოდა. ორი წლის განმავლობაში კომპანია ავითარებდა მანქანების საკუთარ დიზაინს და 1939 წელს ისინი საზოგადოებასაც უჩვენეს. Suzuki-ს ეს პირველი მოდელები აღჭურვილი იყო ოთხტაქტიანი, ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელსაც თხევადი გაგრილების სისტემა ჰქონდა. ასევე ალუმინის კარტერი და გადაცემათა კოლოფი.

Suzulight Carry

1954 წლისთვის კომპანია თვეში 6000 მოტოციკლს აწარმოებდა. ამ პერიოდში მან სახელიც შეიცვალა და ცნობილი გახდა, როგორც Suzuki Motor Co. მოტოციკლების ბაზარზე წარმატებებით წახალისებულმა, ერთი წლის შემდეგ კომპანიამ არანაკლებ წარმატებული წამყვანი ავტომობილი Suzuki Suzulight გამოუშვა, თუმცა ოფიციალური საავტომობილო განყოფილება 1961 წლის შემდეგ დააფუძნა.

Fronte 800

ბრენდის საკულტო მოდელები

Suzuki Jimny

ამ კომპაქტურ და მრავალმხრივ ცნობილ SUV-ს ხანგრძლივი ისტორია აქვს. საკულტო მოდელის სიცოცხლე 1968 წელს იწყება და მას შემდეგ ბრენდმა კიდევ სამი ახალი თაობა გამოუშვა. ამ მანქანამ თავდაპირველი ყურადღება იმით მიიქცია, რომ ის ცნობილი გახდა, როგორც „უგზოობის მანქანა”, ანუ მას შეეძლო ისეთ ადგილებში სიარული, როგორსაც ჩვეულებრივი მანქანები მარტივად ვერ გაუმკლავდებოდნენ. გარდა ამისა, ის კომფორტულად დადიოდა ქალაქშიც, სტანდარტულ გზაზე.

Vitara

Suzuki Vitara

Suzuki-ს კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია Vitara, რომლის დასახელებაც შთაგონებულია ინგლისური სიტყვით “vitality”, რაც ქართულად სიცოცხლისუნარიანს ნიშნავს. ამ მანქანის პირველ თაობაზე მუშაობა კომპანიამ 1988 წელს დაიწყო. ფოკუსი მიმართული იყო 4X4-ზე მაღალი გამავლობის მანქანის შექმნაზე, რომელიც ასევე მსუბუქი და კომფორტული იქნებოდა. დღესდღეობით ბრენდი ამ მოდელის მე-5 თაობას უშვებს.

Swift

90-იან წლებში კიდევ ერთი საკულტო ავტომობილი გამოვიდა – Suzuki Swift. ჰეტჩბეკის სტილის ეს მანქანა ყველა საჭირო ფუნქციას ფლობდა, რომელიც ამ კატეგორიისთვის იყო აუცილებელი, დიზაინიც საკმაოდ დახვეწილი ჰქონდა, ამიტომ საზოგადოების ყურადღება მალე მიიპყრო. დღეს ის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰეტჩბეკი მსოფლიოში, რომლის ანგარიშზეც 9 მილიონზე მეტი გაყიდული ერთეულია.

ეს ავტომობილი თაობების განმავლობაში ვითარდებოდა, თითოეული მათგანი იხვეწებოდა და ხელახლა განსაზღვრავდა თავის იდენტობას. ერთ-ერთი ასეთი იყო Swift Sport, სუპერმინი მანქანა, რომელსაც ძლიერი ძრავა, სპორტული ექსტერიერი და მართვის შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს.

Suzuki Swift Sport

უახლესი ისტორია

Suzuki-ს შესვლა ჰიბრიდული და ელექტრომანქანების ბაზარზე გამოიწვია ე.წ. მწვანე ტრანსპორტის მიმართ გლობალურად გაზრდილმა მოთხოვნამ. კომპანია მუშაობს როგორც ჰიბრიდული, ასევე მთლიანად ელექტრო მოდელების შემუშავებაზე, რომლებიც აკმაყოფილებს სხვადასხვა ბაზრის საჭიროებებს. ეს ძალისხმევა მიმართულია არა მხოლოდ ემისიების შემცირებისკენ, არამედ იმ ხელმისაწვდომობისა და პრაქტიკულობის შესანარჩუნებლად, რომლითაც ცნობილია Suzuki-ს მანქანები.

Suzuki eVX ბრენდის პირველი სრულად ელექტრო ავტომობილია. მისი კონცეფცია საზოგადოებამ არც ისე დიდი ხნის წინ, 2023 წელს გაიცნო, ხოლო თვითონ ავტომობილის საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვება 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.

Suzuki eVX

სანამ პირველ სრულად ელექტრომანქანას პირადად შევეხებით, Suzuki განაგრძობს მუშაობს ჰიბრიდულ მოდელებზე. ამ სიაში დიდ ადგილს იკავებს ბრენდის ისეთი საკულტო და ცნობილი მოდელები, როგორებიცაა: Vitara, Jimny, S-Cross, Swift, Swift Sport და სხვა.

Suzuki Vitara Hybrid

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არა მხოლოდ ავტომობილების, Suzuki-ს მოტოციკლების წარმოებაც ელექტრიფიკაციის გზას ადგას. მეტიც, ბრენდი იკვლევს მწვანე ტრანსპორტის წარმოების კიდევ ერთ გზას – წყალბადზე მომუშავე ძრავის ვარიანტებს.

რუბრიკა ავტოისტორიას წარმოგიდგენთ GT Motors.

შფოთვა, შური, მოწყენილობა და უხერხულობა — Inside Out 2-ის ახალი პერსონაჟები

თქვენი გზა .GE დომენების ბიუჯეტურად რეგისტრაციისთვის – CleanNet