10
Sep
2018

არამიწიერი სვანეთი! – თათია სამხარაძის შთაბეჭდილებები

10 Sep 2018

მეტად უცნაური მდგომარეობაა ურბანულ ყოფაში გაზრდილი ადამიანისთვის, როცა, სვანეთისკენ მიმავალს, მთებსა და კლდოვან ტყეებს შორის გაჭრილ ვიწრო გზაზე ყველა ფიქრი უცაბედად გტოვებს. მთელ სხეულში საოცარი სიმშვიდე ისადგურებს. მთელი თავისი სიცხადით გადაშლილი ხედები, კლდეები და მთები, შიგადაშიგ მხოლოდ მარადისობაზე გაფიქრებს. ორი თვალით ვუცქერ ენგურის შეგუბებულ ზედაპირს და არ მახსენდება, სადმე მანამდეც მენახოს წყალი ასეთი ფირუზისფერი. მთები, ასეთი მკაცრი და ტყე ასეთი შეუვალი. უეჭველია, უშბისა და თეთნულდის კალთებზე ციდან ჩამოწოლილი ღრუბლები ღმერთების ნამოსახლარს უნდა მალავდეს. სვანეთის მდუმარება იმდენად მისტიკურია, რომ არ ექვემდებარება ენით გადმოცემას და მშვენიერების რაციონალური საზომებით აღწერას. რთული გასაგებია, როგორია სვანეთი მათთვის, ვისაც ენგურის კაშხალიდან არ გადაუხედავს და მათთვისაც, ვინც სამშობლოს და ღმერთის ცნება გლობალიზაციისა და ეგოცენტრიზმის ხმაურში დაკარგა. იმიტომ, რომ სვანეთი საერთოდ არ ჰგავს მიწიურ საქართველოს. სვანეთი უფრო სამოთხეა, ვიდრე მხარე. ქართველების აღთქმული მიწა ან მექა და ყველა სხვა მხატვრული მეტაფორა, რომელიც ერთი შეხედვით, შეიძლება პათეტიკურადაც კი მოგეჩვენოთ.

სამწუხაროდ, მაგრამ არა გასაკვირად, ფოტოობიექტივი უძლურია ნაწილობრივ მაინც აღბეჭდოს არემარის მომნუსხველობა. ცას მაქმანად შემოურტყავს ასწლოვანი ნაძვების დახვეწილი სიმეტრია. კამკამებს ჰაერიც. ენგურის საოცარი ფერის, ტექსტურის და დინების გამაოგნებელი თავზარდამცემლობის გადმოცემას კი, მხოლოდ პოეტი თუ შეძლებდა, რადგან, სვანეთის ზღაპრული ესთეტიკა არა მხოლოდ მისი ბუნება, არამედ მისი სულიერებაცაა. აქ განსაკუთრებული სიძლიერით იგრძნობა სპირიტუალიზმი და “მეობა”. სვანეთის რთულად აღსაწერი ჰარმონიულობა ქმნის წინაპირობას, რომ ვთქვა-დიახ! თავისუფლება მხოლოდ მთებშია! ოღონდ აქამდე, ჯერ არ აღქმული და შეუგრძნობელი ფორმით. უკვე აღარ მიკვირს სვანი ხალხის ღვთისადმი ასეთი კრძალვა და სიყვარული. რწმენა და საკუთარი სიმცირის გააზრება ალბათ მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ამ სიმაღლეზე, მყინვარებთან და ცასთან ასე ახლოს, ადამიანმა ცხოვრება შეძლოს.

ჰაწვალიდან კავკასიონის არარელური პანორამული ხედი იშლება. უშბისა და შხარას პირისპირ აღმოჩენილს განცხრომისგან აუცილებლად შეგეკვრება სუნთქვა და ერთიანად მიხვდები, თუ რას ნიშნავს იყო “კავკასიის მთების შვილი”.

სწორედ ასეთ ბუნებასთან, კლიმატთან და ღვთიურ სიმკაცრესთან არის ნაზიარები სვანი ხალხის ბუნებაც და, ვინც თავად არ შეიგრძნობს და მოივლის სვანეთის მთიან სოფლებს, ვერაფრით გაიგებს სვანების ასეთ გულწრფელობას, სიმამაცეს და თავისუფლებას. აქ კაცი ბუნებას ემსგავსება, იმიტომ, რომ ბუნებას უკიდურესად სუსხიანი ზამთრიც კი ვერ იმორჩილებს. თუ სვანეთში ცხოვრება და გადარჩენა გწადია, თავით თხემამდე უნდა გასვანდე. სვანი კი, ალბათ ყველაზე მეტად არის უძველესი და ისტორიული ქართველების გენეტიკისა და მენტალიტეტის მატარებელი. სვანური ადათი და ყოფითი სამართალი გამაოგნებელია თავისი სიმარტივითა და გენიალობით. მაგალითად, როცა ორი ძმა ქონებას იყოფს, ერთი გამყოფია, მეორე ამრჩევი. იმავენაირი წესით იყოფა ქონება სამ ძმაშიც. ორი ამრჩევია, ერთი გამყოფი. გამყოფმა ქონება მაქსიმალურად კეთილსინდისიერად უნდა გაყოს, რომ თავი არ დაიზარალოს. სვანური გამოთქმა, “ლაგნეში ლიგნეშ” ნიშნავს, მე დავაყენე საკუთარი თავი შენს ადგილას და ისე მოგიტევე, როგორც მე მენდომებოდა, რომ მომტევებოდა. სვანური პატიების გულწრფელობა სწორედ ამ უსაზღვრო ემპათიის პრინციპზე დგას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული სტერეოტიპი, სვანური სისხლის აღების ტრადიციასთან დაკავშირებით, მეტრიგად დამახინჯებულია. ადამიანის მკვლელობის შემდეგ,  სისხლის აღებამდე, სამი თვე შურისძიება სვანური ადათის მიხედვით მკაცრად აკრძალულია. ერთი მხრივ, ეს წესი ემოციების განეიტრალებისთვის იგებს დროს, მეორე მხრივ, დამნაშავეს აძლევს საშუალებას, თვალთახედვიდან გაეცალოს დაზარალებულ გვარს და თავი გადაირჩინოს. თუ ასე არ მოხდა, სამი თვის გასვლის შემდეგ, საკუთარი ოჯახივე მოუწოდებდა მკვლელს დაეტოვებინა თემი და განრიდებოდა მოკლულის ოჯახს, თუ მკვლელი შეინანებდა და ინამუსებდა გადახვეწას, მაშინ ოჯახებს შორის შერიგება ხდებოდა, თუ არადა მკვლელი “სისხლი სისხლის წილ” პრინციპით ისჯებოდა. სწორედ ამ ადათის გამო, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. უპატიებელი და უღირსი საქციელი უნდა ჩაედინა კაცს შენს წინააღმდეგ, რომ მისთის სიცოცხლე წაგერთმია. რადგან, გარდა იმისა, რომ თავს სწირავდი, კარგად მთელ ოჯახს და თემს. ეს ტრადიცია სვანური, უკვე აღნიშნული მეტად ვაჟკაცური და ამავდროულად ფიცხი ხასიათის დაბალანსებას და საკუთარ ინტერესებზე წინ, ღმერთისა და ოჯახის დაყენებას ისახავდა მიზნად.

ტყუილი და პირფერობა სვანეთში მიუღებელია. აქ ყველა თანასწორი და მართალი უნდა იყოს. მხარეში სადაც არასოდეს ყოფილა ბატონ-ყრმობა და ერთ მაჩუბში ოცზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, გადარჩენისათის მკაცრი დისწიპლინა და ერთმანეთს ნდობა იყო საჭირო. სვანი კაცი სვანური ტრადიციის მიხედვით ვალდებული იყო ხელი გაემართა საკუთარი ბიძაშვილისთვის, ძმისთის და მასთან ერთად ეკისრა სახნავ-სათესი და სხვა ფიზიკური შრომა. ამ წესს ვინც უკუაგდებდა, სამარცხვინოდ და ზარმაცად ითვლებოდა. ზარმაცი კაცი კი შიმშილისთვის იყო განწირული. გაკეთებული საქმე, ნათქვამი სიტყვის შესატყვისი უნდა იყოს. ქარაგმების დრო და ამინდი სვანეთში არასოდეს ყოფილა. ალბათ, დღევანდელი სვანების პირდაპირობაც ამ წარსულის გათვალისწინებით მარტივად ახსნადია. მთაში იმდენი გამოწვევაა, ადამიანი ადამიანს თავის ტკივილად არ უნდა იქცეს. ასე სწამთ სვანებს და ასე ცხოვრობდნენ საუკუნეები.

მეტად დემოკრატიულია მახშვის არჩევნებში სრულწლოვანი ქალების ჩართულობაც. დღევანდელი გენდერული პერსპექტივიდან, რაც არ უნდა მჩაგვრელად გამოიყურებოდეს ესა თუ ის სვანური ტრადიცია ან ადათი, სვანეთი მაინც ნათელი მაგალითია იმისა, რომ კონტექსტი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია. გარემოდან გამომდინარე კი, სვანური ხასიათიცა და თვითმყოფადობაც მიუღებელზე უფრო მეტად, აღმაფრთოვანებელი ხდება. ბევრი საუბარი შეიძლება იმ საგანძურზეც, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, სვანეთი გულმოდგინედ უნახავდა საქართველოს, თუმცა, ეს საგანძური ჯობია ყველამ საკუთარი თვალით, მესტიის ევროპული სტანდარტების უახლეს კაპიტალურ მუზეუმში იხილოს. სვანური ხატწერა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, აქაურები ხალხის საოცარ თავისუფლებასა და სილაღეში. არავინ ისე არ არღვევს საეკლესიო დოგმატიზმს, როგორც შუა საუკუნეების და დაღმავლობის ხანის სვანი ხატმწერები. სვანეთი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მხარედ, რომელმაც საგანძურის გარდა ავთენტურად ჩვენი ისტორიული ეთნომეხსიარებაც შემოინახა. ამ მხარეში მოგზაურობის შემდეგ, შეუძლებელია არ მოგნუსხოს სვანეთმა და არ დააფასო ასეთი უშიშარი სვანი ხალხი, რომელთაც ისტორიული ლომის წვლილი აქვთ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ გადარჩენში და ასე მედგრად იცავენ საქართველოს ჩრდილოვან კარიბჭეს.  ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი უთქვამს ვისაც უთქვამს; რომ არ გინახავთ საქართველო, თუ სვანეთი არ გინახავთ!

ავტორი: თათია სამხარაძე



განხილვა