in

ისეთივე კაშკაშა წარმატება, როგორიც თავად კრისტალებია – Swarovski-ს ისტორია

Swarovski-ს კრისტალები, თავიანთი ბზინვარებით, ყველასგან გამორჩეულია. ეს არის ტექნიკა, რომელიც თავის დროზე ბრენდის დამფუძნებელმა შეიმუშავა და რომლითაც ის დღემდე ამაყობს. მისი ისტორია როგორც ინფორმაციული, ისე შთამაგონებელიცაა. ის თავმდაბალი დასაწყისის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მრავალი მილიარდი დოლარის მქონე კომპანიამდე გაიზარდა. უკვე 120 წელზე მეტია, Swarovski ბროლის უნიკალური დამუშავების ოსტატად მიიჩნევა. 

istoriebi
istoriebi

ისტორიის დასაწყისი

როდესაც Swarovski-მ პირველად დააარსა კომპანია, მან გამოიგონა მანქანა, რომელიც კრისტალებს ისეთი სიზუსტით ჭრიდა, როგორც მანამდე არასოდეს არცერთ მანქანას არ დაუჭრია. მან თავისი გამოგონება 1891 წელს დააპატენტა და ავსტრიაში გადავიდა, რათა ბროლის წარმოება დაეწყო.

1900-იან წლებში Swarovski პარიზულმა ატელიეებმა შეამჩნიეს. ის ერთ-ერთი ისეთი ცნობილი დიზაინერის შთაგონებაც კი გახდა, როგორიც კოკო შანელია. 1910-იან წლებში სვაროვსკიმ Tyrolit Group დააფუძნა, რომელიც საფქვავ, საბურღ და საპრიალებელ მანქანებსა და ხელსაწყოებს აწარმოებდა. ეს იყო საწყისი, რომელმაც ბრენდს სამომავლო აღმასვლა მოუტანა.

მზარდი მოთხოვნა

1920-იან წლებში სვაროვსკის კრისტალები ყველგან ჩნდებოდა. ბრენდზე მოთხოვნის გაზრდას ხელი შეუწყო „ფლაპერის მოძრაობამ”, სუბკულტურამ, რომელიც იმ ეპოქაში ძალიან გავრცელებული იყო. სვაროვსკის კრისტალებმა მოიცვა ყველაფერი – ამერიკული ჯაზის დარბაზებით დაწყებული, კაბებითა და პარიზის კულტურის სახლებით დამთავრებული.

სულ მალე საიუველირო კომპანიის ნაწარმი ფილმებშიც გამოჩნდა. 1932 წელს გამოსულ Blonde Venus-ში მსახიობ მარლენ დიტრიხს სვაროვსკის კრისტალებით მორთული კაბა ეცვა. 

გარდა ამ წარმატებებისა, კომპანიამ შექმნა Swarovski Optik სექტორი 1940-იან წლებში, რომელიც დღემდე აგრძელებს ბინოკლების, ტელესკოპების და სხვა ოპტიკური ინსტრუმენტების წარმოებას.

ბიზნესის ბუმი

1950-იანი წლებისთვის Swarovski, ფაქტობრივად, ყველგან იყო. კომპანია თანამშრომლობდა ფრანგ დიზაინერ კრისტიან დიორთან, ხოლო ესპანურმა მოდის სახლმა Balenciaga-მ თავის Haute Couture კოლექციაში სვაროვსკის კრისტალები გამოიყენა.

ამასობაში კრისტალებმა დომინირება დაიწყო ეკრანებზეც. ის ჯერ მერილინ მონრომ მოირგო ფილმში Gentlemen Prefer Blondes, შემდეგ კი ოდრი ჰეპბერნმა ფილმში Breakfast at Tiffany’s. ეს ორივე კლასიკური შედევრებია, რომლებშიც სვაროვსკის სამკაულების გამოჩენა დიდი წარმატება იყო და აღიარება მთელ მსოფლიოში. 

ახალი ერა 

70–80-იანი წლები ახალი თავია სვაროვსკის ისტორიაში. ამ პერიოდში ბრენდმა თავისი კლასიკური პროდუქცია წარადგინა და პირველი ოფიციალური ბუტიკი გახსნა. კომპანიამ დაიწყო ბროლის ფიგურების წარმოება და შექმნა პირველი საშობაო ორნამენტი 1991 წელს, რომელიც მაშინ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა, თუმცა შემდეგ ეს ტრადიციად იქცა, რომელიც დღემდე გრძელდება.

1989 წელს საიუველირო კომპანიამ შეცვალა თავისი ძველი ლოგო კლასიკური გედის ლოგოთი, რომლითაც მას დღეს ვიცნობთ. ამის შემდეგ ბრენდმა ითანამშრომლა დიზაინერებთან: ვივიენ ვესტვუდთან და ალექსანდრე მაკქუინთან, რომლებთან ერთადაც ტექსტილის ნაწარმი გამოუშვა.

საკულტო ბრენდის ტიტული

2000-იანი წლებისთვის სვაროვსკი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საიუველირო კომპანია. მისი კრისტალები სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა ცნობილ ადამიანებზე, დაჯილდოებებზე, სატელევიზიო შოუებში, საბალეტო წარმოდგენებზე და სხვაგან. ის ასევე გახდა ოსკარების დაჯილდოების ოფიციალური გამფორმებელი.

ერთი სიტყვით, მისი დიდება ისეთივე კაშკაშა გახდა, როგორც თავად კრისტალები. ეს ტიტული მას განუსაზღვრა ინოვაციებმა, რომლებიც თავის დროზე დანიელ სვაროვსკიმ გამოიგონა და შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა გააგრძელეს. კომპანია არასოდეს დასჯერებია ერთ მიღწევას და თავის მომხმარებელს ყოველთვის სიახლეებს სთავაზობდა. სწორედ ეს გახდა მისი საკულტო ბრენდად ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ფორმულა, რომლითაც უფრო კრეატიული გახდებით

რას გულისხმობს ზაფხულის ოფისის ცნება და რა უპირატესობები აქვს მას