21
Aug
2019

Swatch-მა Drive-ის ფუნქცია დაამატა

21 Aug 2019

საათების შვეიცარული ბრენდი Swatch, მომხმარებელს, ამ ინდუსტრიისთვის უცხო მომსახურებას სთავაზობს – Drive Thru, ზუსტად ისე, როგორც სწრაფი კვების რესტორნების ქსელშია – მანქანით სპეციალურ ფანჯარასთან მიდიხართ, ირჩევთ თქვენთვის სასურველ მოდელს, გვერდით ფანჯარაში კი, იხდით თანხას და იღებთ თქვენს შეკვეთას.

სერვისი, როგორც უცხოური მედია წერს, ჯერ მხოლოდ ბიელში [შვეიცარია] კომპანიის სათაო ოფისთან ახლოს მდებარე ახალ მაღაზიაშია. მას, ვინც აქსესუარს Drive Thru-თი ყიდულობს, შეკვეთას სპეციალური ქაღალდის შეფუთვით ატანენ, რაც, კომპანიას გარემოზე ზრუნვის საშუალებას აძლევს.

თუმცა, ვისაც ტრადიციული შოპინგი ურჩევნია, მაღაზიაში შესვლა და აქსესუარების ისე ყიდვაც შეუძლია. ეს ჯერ საპილოტე პროექტია და კომპანიაში ამბობენ, რომ სხვა ქვეყანაში „დრაივის“ ფუნქციის დამატებაზე, მხოლოდ გამართლების შემთხვევაში იფიქრებენ.

საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა, მომავალში, Drive-ის სერვისით, Swatch-ის ქართველმა მომხმარებლებმაც ისარგებლონ:

„მართლაც საინტერესო და ინოვაციური ტიპის მომსახურებაა და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის უფრო მეტი მოტივაციის მომცემი. სიახლის გამოცდა, საპილოტე რეჟიმში, ჯერ შვეიცარიაში ხდება, „სვოჩის“ სამშობლოში და გამართლების შემთხვევაში, დაინერგება სხვა ქვეყნებშიც. ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ თბილისშიც, გმირთა მოედნის „სვოჩისბუტიკში, მსგავსი ტიპის მომსახურეობა გამოვიყენოთ, მით უმეტეს მაღაზია რთული მისადგომია. ასეთ შემთხვევაში კი, „სვოჩის“ მოყვარულ მანქანის მფლობელ მომხმარებლებს, უფრო გავუადვილებთ ჩვენი პროდუქციის მიწოდებას“, – დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – ამბობს კომპანია „ართთაიმის“ მარკეტინგის მენეჯერი ნინა თალაკვაძე.

განხილვა