ადამიანების უმეტესობა დილას ფინჯანი ყავით იწყებს. ყავას კი ძალიან უხდება მოკლედ მოყოლილი საინტერესო ამბები. დღეს Swatch-ის ცნობილი საათების შესახებ მოგიყვებით, რომელსაც იმდენ წუთში წაიკითხავთ, რამდენიც ერთი ჭიქა ყავის დალევისთვისაა საჭირო.
ერნსტ ტომკე, ელმარ მოკი და ჟაკ მიულერი – ეს ის სახელებია, რომლებმაც 1983 წელს შვეიცარიული საათის მწარმოებელი კომპანია დააარსეს. Swatch-ის პროდუქციის ხაზი 1970-1980-იანი წლების “quartz”-ის კრიზისის საპასუხოდ შეიქმნა, რომელიც კონკურენციას უწევდა დამკვიდრებულ ევროპული საათების მწარმოებლებს და ორიენტირებული იყო უფრო ხელოსნურ ოსტატობაზე. მეორე მხრივ, Swatch ერთგვარ იარაღად იქცა იაპონური ბრენდების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთაც იმ დროს საათების ბიზნესი ხელში ეჭირათ.
Swatch-ის ერთ-ერთი პირველი დიზაინერები მარლიზ შმიდი და ბერნარდ მიულერი იყვნენ. მათ დააპროექტეს 34 მმ-იანი კორპუსი თავისი დამახასიათებელი ფორმითა და ორი ხიდით, რომლებიც სამაჯურს უკავშირდებოდა. საკულტო პროდუქტის შექმნის გარდა, ისინი ბრენდის ლოგოს შექმნის უკანაც იდგნენ.
რაც შეეხება სახელს, “Swatch” ნიუ-იორკის სარეკლამო სააგენტოს დახმარებით დაიბადა. საერთო იდეა მარტივი იყო – ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მოდა და მიჰყვებიან ტენდენციებს, ხშირად აქვთ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, ქურთუკი, შარვალი და პერანგი, რომლებიც მათი ცხოვრების ნაწილია. ჰაიეკი თვლიდა, რომ ეს ახალი საათები ასევე უნდა იყოს ამ ბრუნვის ნაწილი და ყოველი ადამიანის ძირითად აქსესუარად იქცეს.
იმ მომენტიდან, როდესაც Swatch გამოჩნდა ბაზარზე, მისმა წარმატებამაც არ დააყოვნა. ბრენდი დაფუძნდა იმ აზრზე დაყრდნობით, რომ საათები იყო მოდური აქსესუარები და მოდის ბრენდების მსგავსად, Swatch-მაც დაიწყო სეზონური კოლექციების გამოშვება. საათები იყიდებოდა არა მარტო საიუველირო მაღაზიებში, არამედ დიდ უნივერმაღებშიც. მის წარმატებაზე ასევე იმოქმედა რეკლამებმაც, რომლებსაც ბრენდი აქტიურად იყენებდა თავის მარკეტინგულ კამპანიებში, რომლებიც, უნდა ითქვას, საკმაოდ აგრესიული იყო.
დღეს Swatch-ის საათები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. უნიკალური დიზაინის გარდა, ის ცნობილია მაღალი ხარისხითა და გამძლეობით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დიდი ხნის განმავლობაში ატაროს ეს ნივთი და მართლაც, თავისი ცხოვრების ნაწილად აქციოს.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.