წარმოიდგინეთ, რომ გსურთ გრაფიკული დიზაინის, პროგრამირების ან ციფრული მარკეტინგის შესწავლა. სტანდარტულ შემთხვევაში, თქვენ მოძებნიდით ამ კურსს, გადაიხდიდით საფასურს და დაიწყებდით მის გავლას, თუმცა ალბათ არასოდეს გიფიქრიათ, რომ სასწავლო პლატფორმამ მიღებულ ცოდნაში შეიძლება აქეთ გადაგიხადოთ ფული – ახალი ტექნოლოგიებით, ეს უკვე შესაძლებელია.
„ლემა” ქართული სტარტაპია, რომელსაც სათავეში სხვადასხვა სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები უდგანან და მათი მიზანი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე იქნებოდა გათვლილი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სტარტაპი ორიენტირებულია მოტივაციის ამაღლებაზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, ამ სფეროებში განათლება მიიღოს და არ იცის, როგორ იპოვოს თავი. ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება, სადაც თანამედროვე პროფესიების შესწავლა კიდევ უფრო მეტ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, გუნდის იდეები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ეფუძნება, როგორებიცაა: მოტივაციის სიმცირე და ყურადღების ნაკლებობა. მათი თქმით, დღეს არ არსებობს სათანადო მიდგომები და რესურსები, რომლებიც მოტივაციას აუმაღლებს სტუდენტს, სწავლის პროცესს უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდის. ამის გაკეთებას კი გემიფიკაციის დახმარებითაა შესაძლებელი.
„ლემა” არის ონლაინ/მეტავერს აკადემია, რომელიც წარმოადგენს გემიფიკაციის ეკონომიკური მოდელისა და ონლაინ სასწავლო ინტერაქტიული აპლიკაციის სიმბიოზს. ის დაფუძნებულია Play to Earn მოდელზე. ადამიანები, რომლებიც ფლობენ სასწავლო აქტივებს NFT-ების სახით, გამოიყენებენ მათ ჯილდოების მოსაპოვებლად. ჯილდო, ამ შემთხვევაში, ტოკენია, რომლის გადაცვლაც რეალურ ფულზეა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ სწავლა უფასოა და ნებისმიერს შეუძლია NFT საშვის მიღება.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ სწავლების ეს ფორმა საქართველოში ახალ ხილს წარმოადგენს. „მყისიერი დაჯილდოვების პროცესი“ დიდ უპირატესობას ანიჭებს განათლების ამ პლატფორმას. მეორე მხრივ კი, ძალზე დიდი სტიმულია მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი ტესტებისა და ქვიზების ამოხსნის შემდეგ მომენტალურად ჯილდოვდებიან. ამ მოდელს, მსოფლიო მასშტაბით, წარმატებით იყენებს უცხო ენების სასწავლო პლატფორმა Leat me Speak, რომელიც მილიონობით მსურველს, ინგლისური ენის სწავლების და ამ პროცესში გართობისა და თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს.
„ლემაში” მიაჩნიათ, რომ მათ კონკურენტულ უპირატესობას ზრდის უახლესი ტექნოლოგიების ცოდნა, როგორებიცაა: ვებ 3.0, მეტავერსი და ახალი “ტოკენომიკური” სისტემა. ადამიანები, რომლებიც სტარტაპს ქმნიან, ამ ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ და თავიანთ ნიშად, ახალი და საინტერესო ბიზნესმოდელის შეთავაზების გარდა, ამ ფაქტორსაც მიიჩნევენ.
„ისწავლე, ითამაშე და იშოვე” – ეს სტარტაპის მთავარი სათქმელია. სასწავლო რესურსებისადმი ახალი მიდგომა, ონლაინ სწავლების მოდიფიცირება და ის იდეა, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული სისტემა, „ლემას” ნამდვილად გამორჩეულს ხდის და იმედია, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოახდენს გარდატეხას.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ლემას ვებგვერდს ესტუმროთ.










