14
მარ
2018

Sweeft – საკომუნიკაციო პლატფორმა სწრაფი ფინანსური ოპერაციებისთვის

14 მარ 2018

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ანგარიშსწორებას საბანკო ბარათით ან აპლიკაციით შევძლებდით, დღეს კი მის გარეშე უამრავი ჩვენგანის ყოველდღიურობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, მრავლადაა ობიექტები, სადაც ტრანზაქციისთვის ნაღდი ფული გვჭირდება. რასაკვირველია, ტაქსის მძღოლთან ან ქუჩაში მოვაჭრეებთან ელექტრონული ანგარიშსწორება მოსახერხებელია, თუმცა ანგარიშის ნომრის გამორთმევა, გადარიცხვა, ბანკთაშორისი გადარიცხვის დაყოვნება და სხვა დეტალები ტრანზაქციას მნიშვნელოვნად ართულებს. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, გადახდის გამარტივების მიზნით შეიქმნა აპლიკაცია Sweeft. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური გადახდა, ამასთან, აპლიკაცია ითავსებს სოციალური ქსელის ფუნქციებსაც, რაც შემქმნელების აზრით, უფრო სახალისოსა და ინტერაქტიულს გახდის მის გამოყენებას. დეტალებზე Sweeft-ის ფინანსურ დირექტორს, პაპუნა ლეჟავას, ვესაუბრეთ.

M: ფულადი გადარიცხვები დღეს უამრავი საბანკო და საფინანსო ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა და ამ დროს, ბაზარზე შემოდის აპლიკაცია Sweeft. რა ძირეულ განსხვავებას გვთავაზობს აპლიკაცია?

საქმეც ისაა, რომ დღემდე მსგავსი შეთავაზებები მხოლოდ დიდ საფინანსო ორგანიზაციებს ჰქონდათ, რომლებსაც უამრავი პროდუქტი აქვთ და ამიტომაც ანგარიშზე გადარიცხვის პროცესი არასოდეს ყოფილა მარტივი ან ისეთივე კომფორტული, როგორიცაა, მაგალითად, WhatsApp.

Sweeft-ის იდეაც ეს არის, გვინდოდა შეგვექმნა გარემო, რომელიც ისეთივე კომფორტული, უსაფრთხო და არამოსაწყენი იქნებოდა, როგორიცაა WhatsApp, Messenger, ან სხვა პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმა. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლითაც შევძლებდით თანხის გადარიცხვებს, რომელიც გაამარტივებდა ყოველდღიურ მოსაწყენ პროცესებს, ჩვენ ვთვლით, რომ ეს გამოგვივიდა:

M: სად და როგორ შეგვიძლია Sweeft-ით სარგებლობა?

Sweeft-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS/Android მოწყობილობებზე. ვიწერთ, ვრეგისტრირდებით და “ვუალა”! – თქვენ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის წევრი ხართ.

M: როგორ ხედავთ ნაღდი ფულის (cash) აპლიკაციით ჩანაცვლების პერსპექტივას?

Sweeft-ის სოციალური ელემენტები, კომფორტი და მიმზიდველობაა, ასევე თანხის ადამიანთა ჯგუფთან გადანაწილების სიმარტივე. წარმოიდგინეთ, თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა მიირთვით  უგემრიელესი ლანჩი და გადასახდელი გაქვთ 28.7 ლარი. როგორც წესი, ეს დამღლელი და მტკივნეული პროცედურაა.

M: სოციალური ქსელისა და ფულადი ოპერაციების სინთეზი ერთ აპლიკაციაში? იყო ამის საჭიროება?

ფაქტია, რომ ჩვენ დროის დიდ ნაწილს ვატარებთ სოციალურ ქსელებში ან სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებზე, იმიტომ, რომ რეალურად კომფორტულია და ბევრ პროცესს ამარტივებს. სოციალური ქსელის, როგორც საკომუნიკაციო არხის სინთეზის იდეაც ესაა.

M: ბაზარზე არსებული საფინანსო ორგანიზაციების უმეტესობა უკვე დიდი ხანია ოპერირებს, საზოგადოებაც მეტ-ნაკლებად მიჩვეულია გადარიცხვებში ბანკის მონაწილეობას. განსხვავებების მიუხედავად, სამუშაო ბევრია. როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია?

Sweeft-ის საკომუნიკაციო სტრატეგია მარტივია, ჩვენი მიზანი არ არის მობაილ ბანკების  ჩანაცვლება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ შევქმენით ყველაზე მაგარი აპლიკაცია საბანკო ისტორიაში. საკომუნიკაციო  პლატფორმების (Messenger, WhatsApp, Telegram) მიზანი არ ყოფილა email პლატფორმის ჩანაცვლება. მათ შექმნეს პლატფორმა instant messaging-ისთვის, ჩვენ ვცდილობთ გავამარტივოთ ყოველდღიური მოსაწყენი პროცესები და ერთად შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველასთვის კომფორტული იქნება.

M: როდესაც საქმე ფულს ეხება, მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვები სანდოობაზე…

Sweeft არის ლიცენზირებული სისტემის პროვაიდერი, რომელიც რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ. მომხმარებლის ფული გამყარებულია ნაღდი ფულით საბანკო ანგარიშებზე. Sweeft­-ის სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნილებებს და შექმნილია უახლესი ტექნოლოგიებით. Private ფუნქციით გადარიცხვისას, თქვენი ტრანზაქცია არის ინკოგნიტო, რომელსაც ვერ ხედავს მესამე პირი აპლიკაციაში.

M: საერთო ჯამში, რას ისახავს მიზნად Sweeft?

ნაღდი ფულის ოპერაციების ჩანაცვლებას, ისეთი ციფრული ბანკის შექმნა, რომელიც ბევრად სახალისო არის მოსახმარებლად, ვიდრე ჩვენთვის აქამდე ნაცნობი პლატფორმები.

[R]

განხილვა