თუკი შოკოლადის ხსენებისას, თქვენს გონებასაც ფეიერვერკები იპყრობს, ამ ამბავში ჩვენთან ერთად ჩაიძირებით. სადამდე შეიძლება მიგიყვანოთ შოკოლადის სიყვარულმა და საუკეთესო გემოების ძიებამ? ტკბილეულის ჯადოსნურმა ძალამ, თამარ კირვალიძესა და მის ოჯახს სრულიად ახალი სამყარო გაუხსნა და დაარწმუნა – ყოველთვის ცადონ, თუნდაც პასუხი თავიდანვე აშკარა მოეჩვენოთ. დღეს, Sweetbar იმ ოჯახის ბიზნესია, სადაც ძალიან უყვართ ტკბილეული. დღეს, ისინი ტკბილეულის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს წარმოადგენენ საქართველოში და ტკბილეულზე მათსავით შეყვარებულ ადამიანებს ხარისხიანი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას აძლევენ ონლაინ მაღაზიაში Sweetbar.ge. მაღაზიის ამბავიც ისეთივე საინტერესოა, როგორც მათი მიდგომა ტკბილეულისა და ამ საქმისადმი. როგორც თავად ამბობენ, ეს ბიზნესი არის შემთხვევითობებისა და კანონზომიერებების ჯაჭვი. ყველაფერი კი, სწორედ ტკბილეულის ძიებითა და სტერეოტიპების ნგრევით დაიწყო.
M: პირველ რიგში, გვიამბეთ Sweetbar-ზე. რა იყო მისი შექმნის მთავარი იდეა და მოტივაცია?
რა გახსენდებათ, როცა გესმით სიტყვა „მარციპანი“? სხვადასხვა ფრად შეღებილი შაქრის ტკბილი ფიგურები რომელიც საჭმელად სრულიად გამოუსადეგარია. ჩვენც ზუსტად ასე ვფიქრობდით, სანამ Niederegger-ის მარციპანის ტკბილეული არ გავსინჯეთ. ეს ყველაფერი იმდენად განსხვავდებოდა აქამდე გასინჯული პროდუქციისგან, რომ ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა ჩვენს ცნობიერებაში. როცა გავიაზრეთ, რომ ასეთი ლეგენდარული და ტრადიციული ბრენდის პროდუქციის შეძენა საქართველოში შეუძლებელი იყო, მივხვდით, ეს ის შანსი იყო, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. მაშინ, როცა Niederreger-ს პირველი წერილი გავუგზავნეთ, იმედიც არ გვქონია, რომ გვიპასუხებდნენ.
Niederreger წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, ჩვენ კი მოყვარული ენთუზიასტების გუნდი, პატარა ქვეყნიდან, მინიმალური ცოდნით ამ ბიზნესში. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი სურვილი და ამბიცია იმდენად გულწრფელი აღმოჩნდა, რომ ჩვენი ამჟამინდელი პარტნიორები ლუბეკიდან დაგვიკავშირდნენ და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. უნდა ვაღიაროთ, გაოგნებული ვიყავით ჩვენივე ამპარტავნებითა და იღბლით. მას შემდეგ, ეს არის ჩვენი ბიზნესის დაუწერელი სლოგანი „ყოველთვის ეცადე და იკითხე, თუნდაც პასუხი თავიდანვე გასაგები იყოს“.
M: სხვა ბრენდები როგორ დაითანხმეთ?
ამის შემდეგ, მივაგენით ჩვენ მეორე ბრენდს Chocolate Amatller და ესეც შემთხვევით მოხდა. ერთხელაც, წარმოუდგენლად ლამაზი ყუთი მივიღეთ საჩუქრად, ალფონსო მუხას ილუსტრაციით, რომელშიც უგემრიელესი, შოკოლადის პატარა ფოთლები იყო მოთავსებული. შეფუთვა და შიგთავსი იმდენად განსხვავებული იყო იმ დროისთვის, ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტებისგან, რომ მაშინვე ბარსელონაში მწარმოებელს დავუკავშირდით და ორიოდე თვის შემდეგ, უკვე ჩამოვიტანეთ ამ შოკოლადის პირველი პარტია საქართველოში. წარმოიდგინეთ მოხალული კარამელიზებული ნუში, რომელიც ამოვლებულია თეთრ შოკოლადში და შემდეგ, მომწარო კაკაოს ფხვნილი აქვს ზემოდან მოყრილი. გემოების წარმოუდგენელი პალიტრა განსაცვიფრებლად ლამაზ ყუთში – ეს პროდუქტი ჩვენი ერთ-ერთი ბესტსელერია Chocolate Amatller-ისგან.
რაც შეეხება ჩაის, აქ მიზანმიმართულად ვიმოქმედეთ. ყველამ იცის, რომ ევროპაში ჩაის ყველაზე ძველი და ტრადიციული მომხმარებელი ინგლისია. სწორედ იქ ვეძებდით ხარისხიანი ჩაის მწარმოებელს. ვიპოვეთ მანჩესტერში და ერთი თვის წინ ჩამოვიტანეთ უგემრიელესი ჩაის პირველი ასორტიმენტი Brew Tea Company-ისგან.
ჩვენი ბიზნესი არის შემთხვევითობებისა და კანონზომიერებების ჯაჭვი. თუმცა ყველაფრის საფუძველი სიყვარულია ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი საქმიანობა განხორციელებადია მაშინ როცა მას სიყვარულითა და უდიდესი გატაცებით უდგებით.
M: რას გულისხმობს Sweetbar-ის კონცეფცია?
პატარა, სიმბოლური საჩუქრების გაცვლის იდეას ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალი აქვს. ჩვენ ხომ ასეთ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყურადღების გამოჩენას, მადლობის გადახდას, რთულ მომენტში ადამიანის მხარდაჭერას. სწრაფი მიტანის სერვისის მეშვეობით კი ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან ლამაზად უმოკლეს დროში შეგიძლიათ განახორციელოთ ჩვენი პროდუქციის გამოყენებით. მაგალითად, თქვენ თუ თბილისში ხართ და მეზობელი დაეხმარა დედათქვენს, წვრილმანი პრობლემის გადაჭრაში, პირობითად ქუთაისში, მადლობის გადასახდელად რატომ არ შეიძლება მას გაუგზავნოთ ყუთი ხარისხიანი და გემრიელი ტკბილეულით, ან ჩაი? რატომ არ შეგვიძლია ჩვენც გადმოვიღოთ ევროპელების ტრადიცია და შობას და აღდგომაზე ჩვენს ახლობლებს შოკოლადის ყუთები გავუგზანოთ? ეს ხომ მშვენიერი ტრადიცაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას დადებით ემოციებს შემატებს.
ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებულად ლამაზ ჟესტად ითვლება საყვარელი ადამიანებისთვის სასაჩუქრე კალათის გაგზავნა, მაღალი ხარისხის შოკოლადით, ჩაით, ღვინით, ყავით, ყველითა და ამგვარი დელიკატესებით. ამ ტიპის საჩუქარი ყველასთვის მისაღებია და ძალიან მარტივი გამოსავალია. გაიხსენეთ, რამდენჯერ მიგიღიათ უსარგებლო საჩუქრები, რომლებიც სამუდამოდ გაამწესეთ შორეულ თაროებზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასევე მოიქცეთ გასტრონომიული საჩუქრების მიმართ – როგორც წესი, მათ ყოველთვის და მყისვე იყენებენ, დანიშნულებისამებრ.
M: რა პროდუქტები გამოარჩევს Sweetbar-ს?
მარტივად რომ ვთქვათ, ქართულ ბაზარზე მხოლოდ ის პროდუქტები შემოგვაქვს, რომლებსაც ჩვენ თვითონ სიამოვნებით მივირთმევთ და ვთავაზობთ საყვარელ ადამიანებს. ამ პროდუქტების მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შემადგენლობაში პალმის ზეთის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მწარმოებელი ირწმუნება, თითქოს არსებობს პალმის უსაფრთხო ზეთი, ჩვენ მაინც ამ ცხიმის გარეშე ვთავაზობთ მომხმარებლებს პროდუქტებს.
Chocolate Amatller-ის ყველა პროდუქტი კი, გლუტენის გარეშეა, სწორედ ამის გამო, ჩვენ მომხმარებლებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც უგლუტენო დიეტას იცავენ. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქციის შეფუთვა გამოირჩევა განსაკუთრებული ესთეტურობით, რის გამოც, მათი ინდივიდუალურ ან კორპორატიულ საჩუქრებად განხილვა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.
M: რას გულისხმობს Sweetbar-ის პროდუქტების ხარისხი და სიჯანსაღე?
მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი მარციპანი. მარციპანი არის დაფქული ნუშისა და შაქრის პასტა. მოგეხსენებათ, ნუში შაქარზე გაცილებით ძვირია. გარდა ამისა, შაქარი მოქმედებს არა მხოლოდ როგორც დამატკბობელი, არამედ როგორც კონსერვანტი. ამიტომ, მარციპანის იაფი პროდუქტები ძალიან ტკბილია, სწორედ იმიტომ, რომ მათში ნუშზე გაცილებით მეტია შაქარი და კიდევ უფრო უარეს შემთხვევაში, ნუშის ნაცვლად, ესენცია და არომატიზატორებია. Niederegger-ის მარციპანის პროდუქტებში, ნუშის შემცველობა 70% ან მეტია. ეს კი ნამდვილი ნუშია და არა ესენცია. თუკი ჩვენს მარციპანს ბაზარზე არსებულ სხვა იაფ პროდუქციას შეადარებთ, განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ.
რაც შეეხება ჩვენს ჩაის, აქ ორი მნიშვნელოვანი წესია დაცული – ჩვენი ჩაი ყოველთვის მიმდინარე წლის მოსავალია და მოსავლის აღებისას, მხოლოდ ზედა და აუცილებლად მთლიანი ფოთლებია მოკრეფილი. შესაბამისად, თქვენს ფინჯანში მოხვედრილი ჩაი არ შეიცავს მტვერსა და ღეროებს. სწორედ, ეს ფაქტორები ახდენს გავლენას ჩაის ხარისხზე – არომატსა და გემოზე.
M: რამდენად შესაძლებელია, რომ ეს პროდუქტები დიეტის ნაწილი იყოს?
რა თქმა უნდა. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ შავი შოკოლადი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ზომიერი რაოდენობით. მხოლოდ ამ შემთხვევაში, შოკოლადი მაღალი ხარისხის კაკაოს შემცველობით უნდა შევარჩიოთ.
მარციპანიც შეგვიძლია დიეტის ნაწილად ვაქციოთ, რადგან ნუში თავის მხრივ ჯანსაღ პროდუქტად ითვლება, შაქრის დაბალი და ნუშის მაღალი შემცველობით დამზადებული მარციპანიც, შეიძლება ჯანსაღ პროდუქტად ჩავთვალოთ.
გარდა ამისა, რაც უფრო ხარიხსიანია ტკბილეული, მით უფრო ნაკლებია მასში ხელოვნური (ზოგჯერ ძალიან მავნე) დანამატების შემცველობა და ჩვენც უფრო ნაკლებს მივირთმევთ. ეს ჩვენ მიერ გადამოწმებული ფაქტია. ამრიგად, მაღალი ხარისხის შოკოლადისა და მარციპანის პროდუქტების გამოყენებით თქვენ მოიხმართ ნაკლებ შაქარს, ვიდრე მასობრივი ბაზრის პროდუქტების შემთხვევაში. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა კვებაში.
კარგი ჩაი ჯანსაღი დიეტის ნაწილია. ჩაი მატონიზებელი სასმელია და უფრო ჯანსაღია, ვიდრე ყავა. მეტიც, მწვანე ჩაი – ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის და წონის საკორექციო დიეტის განუყოფელი ნაწილია.
M: როგორ განვითარდა Sweetbar დაარსებიდან დღემდე?
საქმიანობა ერთი წლის წინ დავიწყეთ. არაერთმა ადამიანმა გვითხრა კიდეც, რომ პანდემია არ არის საუკეთესო დრო ასეთი წამოწყებისთვის. მაგრამ საკმაოდ წარმატებული სტარტი გვქონდა. თავიდანვე დავიწყეთ აგროჰაბთან თანამშრომლობა. საახალწლო გაყიდვებმა, როგორც ჩვენი ვებგვერდიდან, ასევე აგროჰაბის მეშვეობით, ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან მცირე რაოდენობის მომხმარებლისთვის იყო ნაცნობი – ჩვენი პირველი მომხმარებლები იყვნენ „ექსპატები“, რომლებიც უკვე იცნობდნენ ამ პროდუქტს ან ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც ევროპაში ყოფნის დროს დააგემოვნეს აღნიშნული პროდუქცია. ასევე, საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებების ბევრი შეკვეთა გვქონდა, რომლებსაც წელსაც გთავაზობთ.
M: რას გეგმავთ სამომავლოდ?
მალე უფრო მეტ ევროპულ პროდუქციას შემოგთავაზებთ და ქართველი მცირე მეწარმეების მაღალი ხარისხის პროდუქციასაც წარმოგიდგენთ. ამას გარდა, ვაგრძელებთ ჩვენი ვებსაიტის აქტიურ განვითარებას. ეს მხოლოდ გაყიდვების პლატფორმა არ არის. ვებგვერდზე ვაწარმოებთ საინფორმაციო ბლოგს, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ჩვენი მომხმარებლების ცოდნა გავაღრმავოთ.
ვგეგმავთ, საკუთარი საცალო მაღაზიის გახსნასაც, სადაც ყოველთვის შეგეძლებათ საჩუქრის შერჩევა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. იქამდე კი, აქტიურად ვიმონაწილევებთ საახალწლო ბაზრობებზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩვენი პროდუქციის ახლოდან ნახვა, დაგემოვნება და შეძენა, განსაკუთრებული ფასებით. 23 დან 31 დეკემბრის ჩათვლით, სითი მოლის Christmas Fair-ზე ვიქნებით წარმოდგენილი, ხოლო 24-25 დეკემბერს, თიბისი კონცეპტის საახალწლო ღამის შოპინგის ღონისძიებაზე.
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ შოკოლადი მცირე სიამოვნებაა, რომლის გარეშეც არსებობა მარტივად შეიძლება. თუმცა, ამ სტრესულ გარემოში ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავხდით დამოკიდებული სხვადასხვა მატრივ სიამოვნებებზე. ეს შეიძლება იყოს ნუგბარის მირთმევისგან, საჩუქრები მიღებისა და გაცემისგან მიღებული სიამოვნება. ასეთ მცირე ემოციებს კი ნამდვილად შეუძლია ჩვენს განწყობაზე, ჯანმრთელობასა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე დადებითად იმოქმედოს.
[R]