in

ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

30 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ფოთის სანაპიროზე, ოქროს ტბის მახლობლად, ფოთის მერიისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, ახალი მუსიკალური ფესტივალი SWING ჩატარდება. ფესტივალის მიზანია, ერთად შეკრიბოს ქართველი და უცხოელი არტისტები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარებას; შექმნას სივრცე, რომელშიც მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს და მათ საუკეთესო საფესტივალო გამოცდილებას შესთავაზებს. ასევე წარმოაჩინოს უძველესი საპორტო ქალაქის  გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობები და წვლილი შეიტანოს რეგიონის კულტურულ თუ ეკონომიკურ განვითარებაში.

SWING Festival ათასობით მსმენელს ფოთის უმშვენიერეს სანაპიროზე უმასპინძლებს – ქალაქში, რომელიც ზღვას, ტბასა და მდინარეს შორის მდებარეობს. ფესტივალის ტერიტორია ევკალიპტების ტყეს, ოქროს ტბასა და ეგზოტიკურ შენობებს აერთიანებს; ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, მაგნიტური ქვიშის სანაპირო და ბუნების მრავალფეროვნება, იდეალურ გარემოს ქმნის სოციალიზაციისა და დასვენებისთვის.

სამი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი სამ სცენაზე გადანაწილდება და განსხვავებული გემოვნების მსმენელისთვის დაუკრავს. გარდა უცხოეთიდან მოწვეული არტისტებისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართველი მუსიკოსების წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სცენის ყველა წამყვანი კლუბის რეზიდენტები SWING Festival-ის Line Up-ში საპატიო ადგილს იკავებენ.

ინფრასტრუქტურა სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი აქტივობებით და უსაფრთხოდ დაისვენონ. უსაფრთხოებას კი ფესტივალზე არსებული COVID რეგულაციების დაცვა განსაზღვრავს. კერძოდ, SWING Festival საქართველოში პირველად შექმნის COVID მწვანე საფესტივალო ზონას. თითოეული სტუმარი შეძლებს ადგილზე გაიკეთოს სწრაფი ტესტი და მნიშვნელოვნად შეამციროს ვირუსის გავრცელების რისკი. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მიღებული ტესტის უარყოფითი პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ფესტივალის სამაჯური, რათა შეძლონ ტერიტორიაზე გადაადგილება.

ჩვენი გუნდი არტისტებისგან და  სხვადასხვა გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, მთავარი კი რაც გვაერთიანებს მუსიკის სიყვარული და ის საერთო ღირებულებებია, რომლის საფუძველზეც SWING Festival შეიქმნა. ჩვენთვის ფესტივალის შინაარსი თავისთავად უკავშირდება ადგილობრივი არტისტებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას. ეს მათ მუსიკალურ კარიერაში ინვესტირების საშუალებას მისცემს. ფესტივალი მრავალფეროვან ახალგაზრდულ მოძრაობას შექმნის საქართველოს ისტორიულ ზღვისპირა ქალაქში. ჩვენ ამ მიძინებული რეგიონის გამოცოცხლება გვინდა, რაც ფოთს საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ წერტილად მონიშნავს და ერთი მხრივ ხაზს გაუსვამს ამ ქალაქის უნიკალურ მახასიათებლებს, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვან, პოზიტიურ გავლენას იქონიებს ადგილობრივ ეკონომიკაზე“, – ამბობს ფესტივალის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ჯულაყიძე.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.

ღონისძიების შესახებ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

[R]

ექსპერიმენტული ტვინის იმპლანტი მყისიერად აფიქსირებს და ამსუბუქებს ტკივილს!

Instagram-ზე ვიზუალური საძიებო სისტემა ვითარდება!