მეცნიერებმა სწრაფად სიარულსა და ჩვენს ბიოლოგიურ ასაკს შორის დადებითი კავშირი იპოვეს. მათი თქმით, შესაძლოა, სწრაფად სიარულმა 16 წლით გაგაახალგაზრდაოთ. ეს კი ლეიკოციტების ტელომერის სიგრძით (LTL) გაზომეს, რაც, მეცნიერთა აზრით, ერთ-ერთი ბიომარკერია, რომელიც ადამიანის სხეულის დაბერების სიჩქარის შესაფასებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ.
„ჩვენ ადრე დავამტკიცეთ, რომ სიარულის ტემპი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ახლა კი ვადასტურებთ, რომ სიარულის ტემპი ჩვენს ბიოლოგიურ ასაკსაც აახალგაზრდავებს“, — აცხადებს ტომ იეტსი, კინეზიოლოგი.
მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ, შესაძლოა, თქვენი ბიოლოგიური ასაკი დღეში მხოლოდ 10-წუთიანი სწრაფი სიარულით გაახალგაზრდავდეს. ამ შედეგის მისაღებად, მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის მონაცემთა ბაზიდან ჩანაწერები 405 981 საშუალო ასაკის პირზე შეაგროვეს. მათ მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სწრაფ სიარულსა და LTL-ს შორის კავშირი არსებობდა… თანაც, ეს ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტივობისგან დამოუკიდებელი იყო.
სიარულის დროს მოძრაობის ინტენსივობას კი სპეციალურ ტანსაცმელში ჩამონტაჟებული მოწყობილობით ზომავდნენ — ჩვეულებრივ სეირნობას არ ჰქონდა ისეთი ეფექტი, როგორიც სწრაფად სიარულს. ხოლო სისწრაფეზე გავლენა ჩვენი ფილტვების მდგომარეობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას თუ მოტივაციას აქვს. ამიტომაც, ექიმები მას საერთო ჯანმრთელობის ინდიკატორადაც თვლიან.
„ეს მიგვითითებს, რომ ნელი სიარულით ქრონიკული დაავადების ან არაჯანსაღი დაბერების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების იდენტიფიცირებას შევძლებთ, აქტივობის ინტენსივობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ინტერვენციაშიც“, — განმარტავს პედი დემპსი, მეცნიერი.