სწრაფი ჩარიცხვის აპარატები რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა საქართველოში და მალევე მოიპოვა პოპულარობა. დღეს უკვე ბაზარზე ათამდე კომპანია ოპერირებს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოხერხებული და ოპერატიული გზით განახორციელოს სხვადასხვა ტიპის გადახდები თუ თანხის გადარიცხვები. კონკურენციის ზრდასთან ერთად, იზრდება შემოთავაზებული სერვისების მრავალფეროვნებაც – მოცემულ ეტაპზე უკვე შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის გადასახადის გადახდა, თუ სამომხმარებლო ბალანსის შევსება, არამედ ქველმოქმედებაში მონაწილოებაც კი.
როგორც „ეისითის“ კვლევამ აჩვენა, თბილისელებში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით სარგებლობა საკმაოდ გავრცელებული ქცევაა – ათიდან ცხრა თბილისელს (90%) ბოლო 3 თვის მანძილზე ერთხელ მაინც ჩაურიცხავს / გადაუხდია თანხა სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამ მხრივ, მამაკაცები ქალბატონებზე მეტად აქტიურები აღმოჩდნენ (შესაბამისად: მამაკაცები – 94%; ქალები – 88%).
კვლევის თანახმად, სწრაფი გადახდის აპარატებით ახალგაზრდების (18-34 წლის) აბსოლუტური უმრავლესობა (97%-98%) სარგებლობს, ასაკის მატებასთან ერთად კი სარგებლობის ტენდენცია ნელ-ნელა იკლებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი ასაკის მაცხოვრებლებშიც საკმაოდ მაღალია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით სარგებლობის პრაქტიკა – როგორც აღმოჩნდა, 65 წლის და უფროსი ასაკის ათიდან შვიდი (72%) თბილისელი სწორედ სწრაფი გადახდის აპარატით იხდის სხვადასხვა სახის გადასახადს / რიცხავს თანხას.
რაც შეეხება ოპერაციებს, კვლევის თანახმად, გაირკვა, რომ თბილისელები სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ყველაზე მეტად მობილური ოპერატორის ბალანსის შესავსებად (85%) იყენებენ, ასევე აღნიშნული თვითმომსახურების არხის მეშვეობით აქტიურად იხდიან კომუნალურ თუ ტელეკომუნიკაციის გადასახადებს (60%). სხვადასხვა სახის გადასახადების გადახდასთან ერთად, თბილისელების ნაწილი (14%) სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ონლაინ აზარტული თამაშების ბალანსის შესავსებად იყენებს. როგორც მოსალოდნელი იყო, მსგავსი ქცევა მამაკაცებს ქალბატონებზე მეტად ახასიათებთ (შესაბამისად, 26%, 4%).
გამოკითხვა ჩატარდა 419 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის თებერვალში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.
გამოკითხვა ჩატარდა ექსკლუზიურად ინტერნეტ ჟურნალისთვის „მარკეტერი“. მესამე პირის მიერ აღნიშნული გამოკითხვის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში ამის აღნიშვნა სავალდებულოა.