S/X Concept Store ფეტიშ მოდის მიმდევრებისთვის საინტერესო, ახალი ქართული ბრენდია, რომელიც 1 თვეა, არსებობს თბილისში, პარიზსა და ბერლინში. ბრენდზე 4 ქართველი მეგობარი მუშაობს: „მე ბრენდინგზე ვზრუნავ, დიზაინსა და პროდუქტის დამზადებაზე კი ქეთი, კატო და თამუნა. ვიყენებთ ტყავსა და ტყავის შემცვლელს. აქსესუარებს, ასევე, ვაფორმებთ სხვადასხვა რკინის დეტალებითა და ჯაჭვებით. ამ ეტაპზე, ვამზადებთ 2 სახის აქსესუარს: ყელსაბამები/ჩოკერები (chokers) და ტანზე გასაკეთებელი ქამარ-აქსესუარი – ჰერნესები (harnesses). ჩვენი აქსესუარები საკმაოდ პოპულარულია “queer“ წრეში. S/X- ის სამიზნე აუდიტორია ძალიან ზოგადად და მოკლედ რომ ვთქვათ, არის street wear- ის მოყვარული ქლაბერი“- მარკეტერი ანუკი მახვილაძეს ესაუბრა ბრენდის ისტორიაზე, კონცეფციაზე, მომხმარებლის აქტიურობაზე, კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე და სამომავლო გამოწვევებზე.
M: ანუკი, გაგვეცანით, ვინ ხართ, რა პროფესია გაქვთ, როგორ შეიკრიბეთ ერთად და ბერლინში, პარიზსა და თბილისში რას საქმიანობთ?
21 წლის ვარ, ვსწავლობ ბერლინში – Macromedia University, Media Communication-ის ფაკულტეტზე. 17 წლისამ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე მოდის დიზაინზე, შემდეგ კი მანჩესტერში, მედია კომუნიკაციაზე გავაგრძელე სწავლა. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს გავიცანი ქეთი ჭიჭიაშვილი, თამუნა ხორგუაშვილი და კატო გოგაშვილი. ქეთი სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინზე, ბოლო კურსის სტუდენტია, კატო esmod Berlin-ში სწავლობს მოდის დიზაინს, ხოლო თამუნა – პარიზში ცხოვრობს და ამჟამად, ბლოგერობით არის დაკავებული.
M: იდეა საიდან გაგიჩნდათ, რა გახდა სტარტაპის დაწყების ინსპირაცია?
დიდი ხანია, დაინტერესებული ვარ ელექტრონული მუსიკით, ბერლინში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. აქ weekend-ების დიდ ნაწილს ვატარებდი სხვადასხვა კლუბში და სწორედ იქ მყოფი ხალხის ჩაცმულობა გახდა ჩემი ინსპირაცია. საკმაოდ პოპულარულია ფეტიშ კულტურა და ამავე თემატიკის ღონისძიებები. ყოველი ივენთი კი შესაბამის dress code-ს მოითხოვს. შესაბამისი აქსესუარების შეძენა მხოლოდ sex shop-ებშია შესაძლებელი, რაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რამდენადაც, აქსესუარების ფასი 150 ევროდან იწყება. პროდუქტი საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ამავდროულად, ბევრისთვის მიუწვდომელი. ერთ-ერთი მიზეზი s/x-ის ჩამოყალიბებისა, სწორედ ეს გახდა.
M: რას ნიშნავს “s/x concept“და რატომ გადაწყვიტეთ ბაზარზე ამ სახელით გამოჩენა?
S/X Concept Store-ის, როგორც ბრენდის კონცეფციის შექმნა, ყველაზე საინტერესო საფეხური აღმოჩნდა. ჩვენი სურვილი იყო, ბრენდისთვის, გარკვეულწილად, შეგვეძინა პიკანტურობა და სახელის შერჩევისას სწორედ ამ მიმართულებით ვფიქრობდით. თვითონ სახელი თამუნას იდეა იყო, ხოლო ლოგოს დიზაინზე ჩემმა მეგობარმა, patrick criollo-მ იზრუნა.
M: მომხმარებლის აზრი თუ იკვლიეთ სტარტაპის დაწყებამდე?
Instagram-ისა და facebook-ის მეშვეობით ჩავატარეთ პატარა ექპერიმენტი და პოზიტიური გამოხმაურების მიღების შემდეგ, თბილისში გაყიდვებიც დავიწყეთ. ბრენდის კომუნიკაციისთვის შევარჩიეთ facebook და instagram. იმ აქსესუარების კონტენტად ვიყენებდით შავ-თეთრ ფოტოებს, რომელიც კარგად გადმოსცემდა ბრენდის ხასიათს. ფოტოსესიისას, ძირითადად, ვიყენებდით მანეკენებს და მეტი აქცენტი აქსესუარებზე კეთდებოდა, ან მეგობრებს ვთხოვდით, როგორც მოდელებს, მონაწილეობა მიეღოთ ფოტოსესიაში. აქსესუარების ახალი კოლექციისთვის ფოტოკონცეფციაც შევცვალეთ და წითელი ტონით შემოვიფარგლეთ. ფოტობანკის განახლებას მოყვა 1 კვირაში follower-თა რაოდენობის, დაახლოებით, 600-ით გაზრდა.M: როგორია შეკვეთის პროცესი, სად გიკავშირდებიან და რამდენ ხანში ამზადებთ, ყველა ქვეყნის შემთხვევაში ეს პროცესი ერთი და იგივეა?
პროდუქტის დამზადებისთვის შეკვეთიდან, დაახლოებით, 1 კვირაა საჭირო. შეკვვეთების მიღება ამ ეტაპზე, ხდება instagram-ისა და facebook-ის საშუალებით. პროდუქციის შეძენა შეიძლება საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მასშტაბით. რაც შეეხება დამზადებისა და ტრანსპორტირების დროს, ის ყველა ქვეყნისთვის იგივეა.
M: რომელ ქვეყანაში უფრო გაამართლა S/x Concept store-მა, კულტურულმა განსხვავებებმა თუ იქონია გავლენა მომხმარებლის აქტიურობაზე?
კულტურულმა განსხვავებამ ქვეყნებს შორის გავლენა იქონია შეკვეთების რაოდენობაზეც. თბილისში ხშირად არც იციან ფეტიშ მოდის მნიშვნელობა და ვერ ხვდებიან აქსესუარების დანიშნულებას, თუმცა მოკლე პერიოდში, მოვახერხეთ კლიენტების ინფორმირება და მუდმივი მომხმარებლების შეძენაც. პარიზი, შედარებით, კონსერვატიულია, მაგრამ ჩოკერებზე მაინც დიდი მოთხოვნაა. ყველაზე მეტად ჩვენი პროდუქტი მაინც გერმანელი მომხმარებლისთვისააა მისაღები.M: როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?
საფასო პოლიტიკა განსხვავებულია. ჩვენ გვინდა პროდუქტი, რომელსაც ვქმნით, არ იყოს გათვლილი მხოლოდ მაღალი გადახდისუნარიანი მომხმარებლისთვის. ჩვენი სურვილია S/X-ის პროდუქტის შეძენა შეძლოს, თუნდაც, ჩვენმა რომელიმე მეგობარმა, რომელიც მუშაობს ბარში ან თუნდაც, კლუბის გარდერობში და არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 150 ევრო ჰერნესში გადაიხადოს. ვითვალისწინებთ მსყიდველობით ფაქტორს და ვცდილობთ, გერმანიასა და საფრანგეთთან შედარებით, ჩვენი პროდუქტი ქართველ მომხმარებელს, შედარებით, დაბალ ფასად მივაწოდოთ.
M: სამომავლოდ, რას გეგმავთ, რას შესთავაზებთ მომხმარებლებს?
ჩვენი სურვილია, გავხდეთ სრულიად sustainable, რაც გულისხმობს მხოლოდ გადამუშავებადი და ხრწნადი მასალის გამოყენებას. ანუ, საბოლოოდ, გვინდა ხმარებიდან ამოვიღოთ ყველანაირი ქსოვილი, რომელიც სინთეტიკური, უხრწნადი ბოჭკოების ხარჯზე არის შექმნილი. გამომდინარე იქიდან, რომ გვყავს ბევრად უფრო მეტი უცხოელი follower-ი , ვიდრე ქართველი, ვგეგმავთ online shopping-ისთვის განკუთვნილი საიტის შექმნას, რომელიც international shipping-ის საშუალებას მოგვცემს. ცხადია, ამას საკომუნიკაციო გააქტიურებაც მოყვება. გვაქვს შემოთავაზებები ბერლინისა და ლოს-ანჯელესის მაღაზიებიდან, სადაც ჩვენს პროდუქტს show room-ში გამოფენენ.