23
Oct
2019

Google ადასტურებს, რომ უმძლავრესი პროცესორი შექმნა – როგორია „კვანტური უზენაესობა“

23 Oct 2019

Alta
Alta


Google-ის კვანტური კომპიუტერის შესახებ ინფორმაციამ, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაჟონა. დღეს გამოქვეყნებულ ბლოგში კი, Google ოფიციალურად ადასტურებს, რომ კვლევის შედეგად „კვანტურ უზენაესობას“ მიაღწია, ანუ შექმნა კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია 3 წუთსა და 20 წამში შეასრულოს ის სამუშაო, რომლისთვისაც მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სუპერკომპიუტერებს 10 000 წელი დასჭირდებოდათ. ეს მაგალითიც საკმარისი ილუსტრაციაა იმის წარმოსადგენად, თუ რა მნიშვნელობის მოვლენის შესახებ კითხულობთ ახლა. ეს მაგალითი იმის პროგნოზირებისთვისაც საკმარისია, თუ როგორ აასწრაფებს ტექნოლოგიურ განვითარებას გუგლის კვანტური კომპიუტერი.

Google-ის კვანტური პროცესორი Sycamore 54 კუბიტიანია და ასრულებს ტრადიციული, არაკვანტური კომპიუტერისგან რევოლუციურად განსხვავებულ ოპერაციებს. კვანტური კომპიუტერის უპირატესობა ისაა, რომ კლასიკური ბიტებისგან განსხვავებით, ის იყენებს კვანტურ ბიტებს, ან კუბიტებს. რაც ნიშნავს, რომ კვანტური ფენომენის წყალობით, ასეთ კომპიუტერებს შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციასთან პარალელურ რეჟიმში გამკლავება, განსხვავებით ჩვეულებრივი პროცესორებისგან, რომლებსაც ინფორმაციის დასამუშავებლად თანმიმდევრულობის პრინციპს იყენებენ. Google-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან, რომელიც ქვემოთაა მოცემული, Sycamore-ის შესახებ მეტი შეგიძლიათ გაიგოთ.

აღსანიშნავია, რომ The New York Times-სთან საუბრისას მეცნიერები ამ მოვლენას 1903 წელს, ძმები რაიტების მიერ პირველი თვითმფრინავის გამოცდას ადარებენ.

განხილვა