გასულ კვირას სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანია Synchron-მა კლინიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც პარალიზებული პაციენტები ეფექტურად აგზავნიდნენ ნერვულ სიგნალებს ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისით. კვლევაში მონაწილეობდა მძიმე დამბლის მქონე ოთხი პაციენტი — მათ პირველი თაობის Stentrode Synchron, ნეიროპროთეზირების მოწყობილობა, ჩაუნერგეს.
შედეგების მიხედვით, მოწყობილობა ნერვული სიგნალების უსაფრთხოდ გადაცემის საშუალებას იძლევა და ის რაიმე გვერდით ეფექტს არ იწვევს.
SWITCH
Thought-Controlled Digital Switch Stentrod (SWITCH) ადამიანებზე ჩატარებული პირველი ამ ტიპის კვლევაა, რომელიც ოთხ პაციენტზე იყო ორიენტირებული და ის 12 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა და მოწყობილობა პირვანდელ პოზიციაზე რჩებოდა. გარდა ამისა, სიგნალის ხარისხი სტაბილურად შენარჩუნდა და მკვეთრი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ კვლევის ოთხივე მონაწილემ შეძლო, პერსონალური კომპიუტერი ტვინში არსებული მოწყობილობის საშუალებით ეკონტროლებინა — ისინი წერდნენ, აგზავნიდნენ შეტყობინებებს, იყენებდნენ ონლაინ შოპინგის პლატფორმებს და ყოველდღიურ აქტივობებს ასრულებდნენ.
„ჩვენ გულდასმით ჩავატარეთ ადამიანებზე კვლევა, უსაფრთხოებაზე ფოკუსირებით. ყველა პაციენტმა კარგად მიიღო პროცედურა და 48 საათის განმავლობაში დაბრუნდნენ სახლში“, — ამბობს პროფესორი პიტერ მიტჩელი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.