ცხელი ზაფხულის უქმეების უფრო სასიამოვნოდ დასაგეგმად და გასატარებლად „სინერჯი კაპიტალმა” თანამშრომლები, ზაფხულის ბოლომდე, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანა – კომპანიაში, შაბათ – კვირასთან ერთად, პარასკევიც დასვენების დღედ გამოცხადდა.
,,სინერჯი კაპიტალში” ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიზანი თანამშრომლების კმაყოფილების ზრდაა.
„ჩვენს ორგანიზაციულ კულტურაში, თანამშრომელი არის ამოსავალი წერტილი. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მათი კმაყოფილება, შემართება და ანთებული თვალები. ეს გადაწყვეტილებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს.
„სინერჯი კაპიტალში“ ისედაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი გვაქვს. ორიენტირებულები ვართ შედეგებზე და არ მოვითხოვთ ფორმალურად, დილიდან საღამომდე, თანამშრომლის ოფისში ყოფნას. ამის საშუალებას კი მათი პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და საქმისადმი დამოკიდებულება გვაძლევს.
4-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლაც იყო ერთგვარი ზრუნვის გამოხატულება კომპანიის მხრიდან, რათა თანამშრომლებს ზაფხულის ცხელი დღეები საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაეტარებინათ.
გვჯერა, ეს გადაწყვეტილება გაზრდის შრომის ნაყოფიერებას და შედეგიანობის თვალსაზრისითაც, საინტერესო ექსპერიმენტი იქნება“, – ამბობს ნონა ქარქუზაშვილი, „სინერჯი კაპიტალის“ პარტნიორი.
[R]