უკვე ოცი წელია, “სინერჯი ჯგუფი” კომპანიებს მართვის სისტემების განვითარებაში ეხმარება, რომ გაიზარდნონ. ამ ხნის განმავლობაში, გუნდს 400-მდე პროექტზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
“საქართველოში, 100 უდიდეს კომპანიას თუ განვიხილავთ, მათგან 60-70-თან ვმუშაობდით ორგანიზაციული განვითარების კუთხით წლების განმავლობაში – სტრატეგიის, სტრუქტურის და ბიზნეს პროცესების განვითარებაზე. მათთან თანამშრომლობა მაშინ დაიწყო სინერჯიმ, როდესაც მათი გაყიდვები 4-5 მილიონს არ აღემატებოდა წლიურად, ახლა კი ამ კომპანიებს მინიმუმ 50 მილიონიანი ბრუნვა აქვთ წლიურად და აგრძელებენ ზრდას.”
კომპანიები, რომლებიც “სინერჯი ჯგუფთან” თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდნენ, ხშირად იდგნენ კაპიტალის გამოწვევის წინაშე. ფინანსების მოძიების გაჭიანურება კი, მათ ზრდას აფერხებდა. ამ გამოწვევის გაანალიზებამ, “სინერჯის” გუნდი ახალ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, შეექმნათ საინვესტიციო კომპანია, სადაც მცირე კაპიტალის მქონე ადამიანებსაც შეეძლებოდათ ინვესტირება და მათი ფინანსები ხელმისაწვდომი გახდებოდა იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებოდათ სწრაფი ზრდის პოტენციალის რეალიზებისთვის. ასე შეიქმნა 2018 წლის აპრილში სინერჯი კაპიტალი, რომლის დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს მზარდი მომგებიანობის საინვესტიციო პორტფელის შექმნაში. ამისთვის ორგანიზაცია არჩევს სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს და მათი წილების ფლობის შესაძლებლობას აძლევს კერძო ინვესტორებს. მათი ჩადებული ინვესტიცია ხმარდება ბიზნესების განვითარებას, სინერჯიდან გამოყოფილი გუნდი კი მუშაობს მათ ორგანიზაციულ, სისტემურ განვითარებაზე, რაც კომპანიების და შესაბამისად ინვესტორის აქტივის ღირებულების ზრდის.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქტივი, რომელსაც შეუძლია თვითონ თავის თავს გაუზარდოს ღირებულება, მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდეს ისე, რომ არ გაიხარჯოს, არ შემცირდეს ღირებულებაში, იზრდებოდეს და გიზრდიდეს მიღებულ შემოსავალს არის ორგანიზაცია, რომელიც ღირებულ საქმეს აკეთებს, სწრაფად და ჭკვიანურად იზრდება და ვითარდება. გვინდა, რომ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ასეთი აქტივის ფლობა და სურვილის შემთხვევაში მის მართვაში მონაწილეობაც. რამდენიმე თვის წინ ჩვენი პორტფელის გასაყიდი კომპანიების წილები დავაპატარავეთ, რითიც მცირე დანაზოგის მქონე ადამიანსაც საშუალება ეძლევა ასეთი აქტივის მფლობელი გახდეს. სამაგალითოდ ჩვენს პორტფელში 1000$-იდანაც შეუძლია ადამიანს რომელიმე კომპანიის წილი შეიძინოს. ეს ვფიქრობთ უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ადამიანი სასურველ სფეროში მოქმედი, თან სწრაფად მზარდი ბიზნესის მესაკუთრე გახდეს, რომლის განვითარებაზე პარალელურად სინერჯის გუნდი მუშაობს აქტიურად” – გვიამბო სინერჯი ჯგუფის” თანადამფუძნებელმა და “სინერჯი კაპიტალის” დირექტორმა პაპუნა ტოლიაშვილმა.
M: როგორია ინვესტირების პრინციპი?
ჩვენ ვყიდულობთ სწრაფად მზარდი კომპანიის 20-დან 50%-მდე წილს და შემდეგ, ჩვენი წილის 80%-ში შემოგვყავს ინვესტორები. ანუ ბიზნესში, ინვესტორებთან ერთად, ჩვენც შევდივართ და ერთობლივად ვავითარებთ იმ კომპანიას. დანარჩენ 20%-ს ჩვენ წილად ყოველთვის ვიტოვებთ, არასდროს ვყიდით. ესაა ერთგვარი გარანტია ინვესტორებისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ბიზნესის განვითარების რეალური ინტერესი და ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით.
M: რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ინვესტორი, თქვენთან სათანამშრომლოდ?
ორი ტიპის ინვესტორები გვყავს. პრივილეგირებული აქციონერები და პირდაპირი ინვესტორები. ერთი ტიპის, რომელიც ჩვენი, „სინერჯი კაპიტალის“, აქციებს ყიდულობენ, რომელსაც განსაზღვრულ ადამიანებს მხოლოდ კერძო გზით ვთავაზობთ, და არიან ინვესტორები, რომლებიც ჩვენი პორტფელის კომპანიების წილებს ყიდულობენ.
ადამიანები, რომლებიც ჩვენი აქციონერები არიან, აუცილებლად გარკვეულები უნდა იყვნენ ფინანსებში, რათა ზუსტად გაიგონ, რას ვთავაზობთ. დაინტერესებულები ვართ, რომ პარტნიორებმა გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენს სერვისს არ ვყიდით მარტივად და ვზრუნავთ, რომ ინვესტორებს ჰქონდეთ სრული წარმოდგენა რისკებზეც და შესაძლებლობებზეც.
ისინი კი, ვინც კომპანიებში შემოდიან, კარგი იქნება, იცნობდნენ იმ სფეროს, რაშიც კომპანია მუშაობს, ის მიმართულება მოსწონდეთ. ეს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს და სურვილის შემთხვევაში შემდგომ ჩართულობასაც.
M: რა კრიტერიუმებით განსაზღვრავთ კომპანიის პოტენციალს?
აქ ორი ფაქტორია – რამდენად მზარდია კომპანია და როგორია მისი პოტენციალი. მზარდია თუ არა, მისი შემოსავლებითა და ყოველთვიური მომგებიანობით განისაზღვრება. უშუალოდ პოტენციალს კი, სამი კრიტერიუმით ვაფასებთ:
პირველ რიგში, როგორი გუნდი ჰყავს კომპანიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანები, რომლებიც ჩვენი შეხედულებებით, სწორი კრიტერიუმებით იღებენ გადაწყვეტილებებს და სწორი ღირებულებებით მოქმედებენ, ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ.
მეორე, რითაც ვაფასებთ, არის ზრდის პოტენციალი. სასურველია, რომ რამდენჯერმე შეძლოს კომპანიამ ზრდა, უახლოესი წლების განმავლობაში.
მესამე ისაა, რომ კომპანია, ჩვენს ფინანსურ რესურსზე მეტად, ჩვენს კომპეტენციებს უნდა საჭიროებდეს. პროექტები, სადაც ფულით ვქმნით ღირებულებას, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის საინტერესოა, რომ სტრუქტურა და მართვის სისტემები მოვაწესრიგოთ და მუშაობის მექანიზმი გავმართოთ.
ამრიგად, ჩვენ ვეძებთ კომპანიებს, რომლებსაც მაგარი გუნდები ჰყავთ, აქვთ რამდენჯერმე ზრდის შესაძლებლობა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და საჭიროებენ ჩვენს ინტელექტუალურ რესურსს.
M: რა რისკებს მოიცავს ასეთი ტიპის ინვესტირება და როგორია თქვენი მზაობა?
ყოველთვისაა რისკი იმისა, რომ ორგანიზაციის განვითარება სასურველი მიმართულებით არ წავიდეს, ვერ განვითარდეს, ან სულაც, გაკოტრდეს. ამის გადაზღვევა, ჩვენი მხრიდან, იმით ხდება, რომ დეტალურ დიაგნოსტიკას თავიდანვე ვატარებთ. რასაკვირველია, რისკები ამით არ ნულდება, მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს. საინვესტიციო კომპანიები ძალიან ვუფრთხილდებით ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეპუტაცია და პასუხისმგებლობა ინვესტორებისა და კომპანიების მიმართ. საბედნიეროდ, არც გვქონია ეგეთი შემთხვევა.
M: როგორ შეუძლიათ ინვესტორებსა და კომპანიებს თქვენთან თანამშრომლობა?
ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი, ჩადონ ინვესტიცია კომპანიებში, პირადად ვხვდებით და ვაცნობთ შესაძლებლობებს და თავად წყვეტენ, რომელ პროექტში სურთ ჩართვა.
რაც შეეხება ბიზნესებს, ისინი გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს მათი კომპანია ჩვენთვის. ამის შემდეგ, ჩვენი რომელიმე პარტნიორი და საინვესტიციო ოფიცერი ხვდებიან დეტალურ ინტერვიუზე – მიმოიხილავენ კომპანიის არსებულ მდგომარეობას, თანხების საჭიროებას, მიზნობრიობას და ამის საფუძველზე ვამზადებთ წინასწარ შეთავაზებას. თუკი კომპანია მოგვყვება, მომდევნო ეტაპზე, ფორმდება პარტნიორობა და იწყება დეტალური დიაგნოსტიკა: ფინანსური, სტრატეგიული, ორგანიზაციული და იურიდიული. ამ კომპონენტების შესწავლის შემდეგ, ვაკეთებთ დეტალურ შეთავაზებას და თუ კომპანია თანახმაა, ვიწყებთ ერთობლივ მუშაობას.
M: რომელ სფეროებს მიიჩნევთ ინვესტირებისთვის საინტერესოდ?
ისეთ საწარმოებს ვყიდულობთ, რომლებსაც ექსპორტის პოტენციალი აქვთ. ვფიქრობთ, ასეთი ტიპის კომპანიებში ინვესტირება საკმაოდ მომგებიანია. ასევე, ინვესტირებისთვის საინტერესოა საცალო გაყიდვის ქსელები, რომლებსაც ზრდის კარგი პოტენციალი აქვთ. აგრეთვე, ჯანდაცვის სფერო, სადაც განსხვავებულს თუ შექმნი, ძალიან სწრაფად შეიძლება გაიზარდოს კომპანია და ტურიზმის და მასპინძლობის სფეროები. ამათ გარდა, 2020 წელს ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება IT-ისა და განათლების სფეროები.
M: რატომ უნდა აირჩიონ „სინერჯი კაპიტალი“?
გარდა იმ გამოცდილებისა და სანდოობისა, რაც 20 წლის განმავლობაში დავაგროვეთ, ვისაც ასეთი ტიპის პროექტები აინტერესებს, დღეს, დიდი ალტერნატივა ქართულ ბაზარზე არ არის. რაც არის ბაზარზე დღეს, არის ანაბრები ბანკებში და კომპანიების ობლიგაციები. ვინც უკვე გვიცნობს, მათთვის ადვილია გადაწყვეტილების მიღება, რადგან იციან ჩვენი კომპეტენცია. ვისთვისაც უცხო ვართ, მათ ჯერ უნდა გაგვიცნონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.
[R]