in

„ცოცხალი ფეხსაცმელი“ მცენარეების მსგავსად იკვებება

რომ გვგონია, ფეხსაცმლის დიზაინით ვეღარავინ გაგვაკვირვებს, ზუსტად მაშინ იჩენს ხოლმე თავს უჩვეულო რაღაცები. აი, მაგალითად დღეს ცოცხალ ფეხსაცმელზე უნდა გესაუბროთ. კი არ დაგელაპარაკებათ, მაგრამ ზუსტად ისე ვითარდება და ცოცხლობს, როგორც მცენარეები, ასე კი იმ უარყოფით გავლენას ამცირებს გარემოზე, რომელსაც ფეხსაცმლის ინდუსტრია გვთავაზობს. 

BOG
BOG

უხეშად რომ ვთქვათ, გლობალური მასშტაბით ყოველწლიურად 22 მილიარდი ფეხსაცმელი იწარმოება, რაც პირდაპირ უდიდესი ოდენობის ნახშირბადის ემისიებად შეგვიძლია, ვთარგმნოთ — მსოფლიოს სათბურის აირების ემისიების 1.5%-ზეა პასუხისმგებელი! მართალია, მდგრადი მასალებიც გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ ინდუსტრია ჯერ კიდევ რაღაც რევულუციურს ელის. 

აი, ეს უკანასკნელი კი შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც დიზაინერმა ჯესიკა თაისმა შემოგვთავაზა: ფეხსაცმელების კონცეფცია, რომელიც შეამცირებს ინდუსტრიის უარყოფით გავლენას გარემოზე. Synthiesis დაარქვეს და ცოცხალი წყალმცენარეების შემცველი მელნისგან შექმნეს ისე, რომ გარემოდან ნახშირბადიც შთანთქას.

ამჟამად ფეხსაცმელს პოლიურეთანის ქაფისგან დამზადებული ძირები აქვს, რომლებიც გადამუშავებადი ან ბიოდეგრადირებადია. თაის კი სწამს, რომ ეს მთელ ინდუსტრიას მოუტანს სარგებელს — მჯერა, რომ თუ მარტივად ჩავანაცვლებთ სინთეტიკურ მასალებს ბიო პროდუქტებით, ჩვენ აღარ მოგვიწევს ჭარბ მოხმარებაზე საუბარი.

დიზაინერის ფეხსაცმლის კონცეფცია კანაფის ქსოვილს იყენებს და, როგორც უკვე გითხარით, წყალმცენარეების შემცველი ბიო მელნისგანაა დაპრინტული. ფეხსაცმელს აქტიურ ობიექტად სწორედ მიკროწყალმცენარეების უჯრედების დამატება აქცევს მელანში და ასე ცოცხალი ორგანიზმის მსგავს მოქმედებას უზრუნველყოფს. უნიკალური კონსტრუქცია პასუხისმგებელია იმაზე, რომ ფეხსაცმელმა გარემოდან ნახშირბადი შეიწოვოს და თვითწმენდის უნარიც შეიძინოს.

როგორც თაი ამბობს, დამატებითი ნუტრიენტების გარეშე იგი ერთ თვეს გაძლებს და, თუ კარგად მოუვლით, უფრო დიდხანს მოახერხებს ამას. გამოდის, შესაძლოა, ე. წ. ცოცხალი ფეხსაცმლის კონცეფცია, ჰიდროპონიკის გამოყენებით, საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადის მწარმოებელი ციანობაქტერიებით იკვებებოდეს. ცოტა ჩახლართულად თუ ჟღერს ეს ყველაფერი თქვენთვის, მაშინ მარტივად გეტყვით, რომ ეს ზუსტად იმ გზას აღწერს, რომლითაც ჩვენ მცენარეებს ვზრდით… 

„მედეა“ და „ბოტანიკო“ – როგორია საუკეთესო კულინარიული გამოცდილება ბათუმში

Nestle-ს დანადგარი შოკოლადს მეზობელი ქვეყნების წევრებს უყოფს