ქართულმა სტარტაპმა – SYSTEM CORP. მომხმარებლის დისტანციური ვერიფიკაციის სისტემა – autonomi შექმნა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შეიქმნა მომხმარებლის ავთენტურობის შემოწმების ონლაინ სისტემა, რომელიც სხვადასხვა ტიპის კომპანიას, მათ შორის კი, ბანკებს აძლევს საშუალებას სწრაფად შეძლონ საკუთარი სერვისების ადაპტირება, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის კვალდაკვალ, დისტანციური მომსახურების უზრუნველყოფის საჭიროებიდან გამომდინარე.
როგორც SYSTEM CORP.-ის დამფუძნებელი – ლუკა ჩხეტიანი გვიყვება, „აუტონომის“ ფუნქციონალი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია – სელფისა და სახელმწიფო დოკუმენტზე დატანილი სახის შედარება, ფოტოსურათების ავთენტურობის (რეალურობის) შემოწმება და სახელმწიფო დოკუმენტებიდან ტექსტის ექსტრაქცია (გადმოღება).
„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით, რომლებიც იგივე პრობლემის გადაჭრას ცდილობენ – „აუტონომი“ სრულიად „სისტემ კორპის“ გუნდში შეიქმნა და არ ვიყენებთ არანაირ ე.წ. ‘Third-party’ სერვისს, რაც თქვენს სენსიტიურ ინფორმაციას დამატებითი გადამუშავების, არაკეთილსინდისიერად გამოყენებისა და გაჟონვისაგან დაიცავს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ამ უსაფრთხოების შემოთავაზება ბაზარზე მხოლოდ ჩვენს გუნდს შეუძლია“, – ამბობს ლუკა ჩხეტიანი.
სხვა სერვისებისაგან დამოუკიდებლობის გამო, პროდუქტი, საშუალოდ, 45%-ით იაფია, ვიდრე სხვა არსებული გადაჭრები, რაც ზემოთ ხსენებულ უპირატესობასთან ერთად, დამატებით სარგებელს აძლევს ჩვენს მომხმარებელს“, – ლუკა ჩხეტიანი.
M: უფრო კონკრეტულად, როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ autonomi? რა მიდგომა/ტექნოლოგია გამოიყენეთ მის შესაქმნელად?
autonomi ძალიან მძლავრი, ღრმა ნეირონული ქსელების ჯგუფების გაერთიანებაა, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ სამუშაოს ასრულებს.
მაგალითად: ერთი ქსელი სახეებს ეძებს შემოსულ ფოტოებზე, მეორე ამ სახეებს ერთმანეთს ადარებს და ამბობს იდენტურია, თუ არა. მესამე შემოსული ფოტოსურათების ავთენტურობას ამოწმებს და ამბობს რეალური ფოტოა, თუ ამოპრინტერებული, ანაც სხვის ფოტოზე გადაღებული ვერსია. ასევე, რამდენიმე ქსელი მუშაობს სახელმწიფო დოკუმენტებიდან ტექსტის ექსტრაქციაზე (გადმოღებაზე).
ეს პროდუქტი „სისტემ კორპის“ პიონერობისა და 3 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად დაგროვებული გამოცდილების ნაყოფია და აერთიანებს აკადემიურ სფეროში ტოპ არქიტექტურებსა და მიდგომებს, მაქსიმალურად აკურატული შედეგების მისაღებად.
M: რას ამარტივებს/წყვეტს autonomi?
ონლაინ სერვისებისათვის მომხმარებლების ვერიფიკაცია რთული პრობლემაა. გადაჭრა საჭიროებს რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ გუნდს, რომელიც შემოსულ ინფორმაციას რუტინულად გადაამოწმებს და იტყვის ავთენტურია პირი თუ არა. ეს არის რუტინული სამუშაო, რომელიც საჭიროებს შრომას დღეში 8 საათის განმავლობაში, კვირაში 5 დღე. აი, ავტონომი (ჩვენი პროდუქტი) სრულიად ავტომატიზირებული პროგრამაა, არც სამუშაო რეგულაციებს ექვემდებარება და არც ვირუსის გავრცელების შედეგად გაჩენილი პრობლემები აფერხებს. მას შეუძლია დაავერიფიციროს თქვენი მომხმარებლები 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, შეუფერხებლად. გარდა ამისა, მისი აკურატულობა იდეალურად მზაობას გვიჩვენებს ბაზარზე გასატანად, რადგან ფაქტობრივად შეცდომას არ უშვებს.
M: უფრო მეტი მოგვიყევით სისტემის აკურატულობაზე/სიზუსტეზე…
ჩვენი გამოცდილების შესაბამისად, გატესტვის პერიოდში ერთი წესი გვაქვს: დავარტყათ ყველაზე არარეალური გზითაც კი სისტემას, რადგან თუ იდეალურად ვიცით როგორ მუშაობს სისტემა ყველაზე ცუდ ვარიანტში, მაშინ ასევე იდეალურად ვიცით როგორ მუშაობს ის საშუალოდ გავრცელებული სიტუაციების შემთხვევაშიც. ძალიან აგრესიული ტესტინგისა და დარტყმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორების შედეგად, უცხოდ ჟღერს, თუმცა – სისტემა 0.04% შეცდომის სიხშირით (error rate) მუშაობს. ფაქტობრივად, თუ თქვენ გყავთ ყოველთვიურად 10 000 ახალი მომხმარებელი, აქედან 4 მომხმარებლის შემთხვევაში არის სტატისტიკური შანსი შეცდომის დაშვებისა. და ამ სიტუაციების შემთხვევაშიც გვაქვს თავდაცვის სისტემები – რომლებიც ზემოთ ხსენებულ შემთხვევებში კონკრეტულ პასუხს დაბალი ალბათობით გვაძლევენ, რაც გვეუბნება, რომ ვერიფიცირება ვერ მოხერხდა, და თავიდან უნდა ვცადოთ.
M: ვისთვისაა განსაკუთრებით საჭირო autonomi და რამდენად პრაქტიკულია მისი გამოყენება?
ჩვენი პროდუქტის ვალიდურობას განსაკუთრებით საბანკო და ონლაინ საფულეების სერვისები იგრძნობენ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როცა ისინი ვერ ახერხებენ მომხმარებლების ვერიფიცირებას, რადგან ყველა ფილიალი დახურულია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით. სერვისის ინტეგრაცია უმარტივესია, რადგან რამდენიმე სერვისის გამოყენების ნაცვლად ჩვენს ერთ კონკრეტულ მისამართზე იგზავნება საჭირო ინფორმაცია, გადამუშავდება და უკან ბრუნდება. ნებისმიერი ზომის ორგანიზაციაში შეგვიძლია 2 კვირის შუალედში გავაკეთოთ პროდუქტის ინტეგრაცია ახლანდელი რეჟიმით.
M: რა გზით შეუძლიათ „აუტონომის“ გამოყენება/დანერგვა ბანკებს/კომპანიებს?
დაინტერესებული ორგანიზაციები უნდა დაგვიკავშირდნენ მეილზე ([email protected]), ან SYSTEMCORP.-ის ფეისბუკ გვერდზე. ჩვენი ორგანიზაცია სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ შეთანხმებიდან 2 კვირაში მოვახერხებთ ინტეგრაციისათვის საჭრო ჩვენს მხარეს ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების შესრულებას. ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული ფორს-მაჟორული სიტუაციის შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია სრული დატვირთვით მუშაობს, რათა შევძლოთ იმ ორგანიზაციების დახმარება, ვინც ამ პროდუქტს საჭიროებს. ამით კი ვცდილობთ, ხელი შევუშალოთ ეკონომიკის ჩამონგრევას.
SYSTEMCORP. ქართული სტარტაპია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოღვაწეობს. გასულ წელს, მისი გუნდი Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამა AI Guardian-ის ფინალში, მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ 5 საუკეთესო გუნდს შორის იყო, ხოლო მოგვიანებით NVIDIA-სგან 150 000$-იანი ინვესტიცია და ინკუბატორის წევრობა მიიღო.
ავტორი: ხატია თორდუა