რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე ჩანდეს, როგორც ტექნოლოგიების შემქმნელი ქვეყანა და არამხოლოდ მათი მომხმარებელი? ქართულ კონტექსტში მსოფლიოს მასშტაბით, ტექნოლოგიური სიახლის შექმნას სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს. თუმცა, ცოტა მათგანი ახერხებს მსოფლიოს ხმა მიაწვდინოს ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემის შესაძლო პოტენციალის შესახებ. დღეს მოგიყვებით კომპანია SYSTEM CORP.-ზე, ანუ, ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციაზე, რომლის თანამშრომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. მათ მოახერხეს და გავიდნენ Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამა AI Guardian-ის ფინალში. ისინი მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ 5 გუნდს შორის მოხვდნენ.
პროექტი, რომლითაც SYSTEM CORP.-ის გუნდმა Microsoft-ის ექსპერტების ყურადღება მიიქცია, ხელოვნური ინტელექტის განათლების მიმართულებით გამოყენებას ეხება. კერძოდ, სმენადაქვეითებულებისთვის საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემას.
ვჭრით პრობლემას, რომელიც 466 მილიონ ადამიანს აქვს ამჟამად და ეს რიცხვი 900 მილიონამდე გაიზრდება 2050 წლისათვის – ვსაუბრობ სმენადაქვეითებულ პირებზე. მათი 98% ვერ იღებს განათლებას ჟესტურ ენაში. ვიბრძვით, რომ მილიონობით ადამიანის სრული ინტეგრაცია შევძლოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, კარიერული, სოციალური თუ სხვა იდეით“, – გვიყვება SYSTEM CORP.-ის დამფუძნებელი – ლუკა ჩხეტიანი.
„მაიკროსოფთის“ კონკურსის ფარგლებში, მონაწილე გუნდებს სასწავლო პროცესში არსებული ესა თუ ის პრობლემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უნდა გადაეჭრათ. SYSTEM CORP.-მა 3 ეტაპი გაიარა: „მოგვიწია 3 ურთულესი ეტაპის გადალახვა, რომელიც მოიცავდა როგორც ტექნოლოგიურ შემოწმება/ვალიდაციას, ასევე გამართული ბიზნეს მოდელის ქონას. ის ფაქტი რომ მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა პროდუქტის დემოს ჩვენებასთან ერთად, კოდის და მოდელის გადაგზავნა მოითხოვეს ანალიტიკისათვის, კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ შეგვიძლია ჩენი ხელებით და გონებით ავაშენოთ ისეთი არქიტექტურები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე იქნებიან კონკურენტუნარიანები“.
პროექტის, სახელად Echo უნიკალურობა იმაშია, რომ ის რეალურ დროში გარდაქმნის საუბარს ტექსტად და პირიქით, ტექსტს საუბრად. შესაბამისად, ტექნოლოგია მნიშვნელოვანია არამხოლოდ სმენადაქვეითებული პირებისთვის, არამედ, უსინათლოებისთვისაც. აქამდე, ამ მიმართულებით არსებული ტექნოლოგიები მხოლოდ ჟესტური ენის აუდიო ფორმატში კონვერტაციას, ან ასოების მიხედვით თარგმნას ითვალისწინებდა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჟესტურ ენაში სიტყვებს არა ასოები, არამედ მოძრაობების ერთობლიობა კონტექსტუალურად გამოხატავს. შესაბამისად, SYSTEMcorp-ის გუნდმა, მათი თქმით, ერთადერთი გამოსავალი იპოვა – Echo გარდაქმნის საუბარს ტექსტად და პირიქით არა სიმბოლოების, არამედ კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, ხასიათდება მაღალი აკურატულობით.
SYSTEM CORP.-ის ამბავი 3 წლის წინ, სან დიეგოს უნივერსიტეტში (საქართველო) დაიწყო. დასაწყისისთვის, კომპანია სისტემური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა, შემდეგ კი, ამ გზით მიღებული რესურსის გამოყენება ხელოვნურ ინტელექტთთან დაკავშირებულ კვლევებში დაიწყო. ამჟამად, კომპანიაში 25 ადამიანია დასაქმებული. SYSTEM CORP.-ის რეკრუტინგული სტრატეგია კი საკმაოდ საინტერესოა: „ვეძებთ ძალიან სასიამოვნო და განსხვავებული ინტელექტის მქონე სტუდენტებს, ათას ადამიანში რომ გამოარჩევ რატომღაც, ისეთებს. აგვყავს სამსახურში და ვასწავლით ტექნოლოგიებს“.
ლუკა ჩხეტიანი გვიყვება კომპანიის ერთ-ერთი პირველი პროექტის შესახებ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შექმნეს. ეს იყო ალგორითმი, რომელსაც ადამიანის კარდიოგრამაზე დაყრდნობით სხვადასხვა დაავადების წინასწარმეტყველება, 97%-იანი აკურატულობით შეეძლო. „მსგავსი რამ, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 6 კომპანიას ჰქონდა გაკეთებული. MIT-ში გავაგზავნეთ ეს პროექტი და სამედიცინო სფეროში მიგვიწვიეს. იქიდან როგორც კი ჩამოვედით, წავედით „მაიქროსოფთში“ და Imagine Cup-ში ჩავერთეთ. სადაც, რეგიონალურ ქვეყნებში, მესამე ადგილზე გავედით. IBM-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი დიალოგისას გვითხრა, რომ მათი გუნდისათვის ერთ-ერთი დიდი პრობლემის გადაჭრის გზა – კარდიოგრამის ექსტრაქცია მსგავსი ფერის უკანა ფონისაგან, იდეალურად იყო ჩვენ მიერ შემუშავებული, მათ გუნდს კი საკმაოდ დიდი რესურსი დაეხარჯა რათა კარგ აკურატულობამდე მისულიყვნენ“.
„ერთ-ერთ გავლენიან ტექნოლოგიურ გამოცემაში IEEE, გამოაქვეყნეს ჩვენი კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც შევქმენით რობოტი. მას შეეძლო აღმოეჩინა ნაგავი ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე, უმცირეს გამოთვლით სიმძლავრეზე, სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად, მისულიყო დანიშნულების ადგილამდე, გზა დაემახსოვრებინა, შეეგროვებინა ნივთები და წასულიყო უკან. გარდა ამისა, ლოკალურ ბაზარზე პირველები ვიყავით , ვინც ქართულ ენაზე ოპტიმიზირებული პლატფორმა www.flashbot.ai შევქმენით, ანუ ვებგვერდი, სადაც შეგიძლია შეხვიდე, ბოტი გააკეთო და მიუერთო ფეისბუკს“, – ლუკა ჩხეტიანი.
M: Echo-ზე მუშაობისას…
ტექნიკურად, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. უნდა შეგვექმნა ძალიან დაბალი მოთხოვნებისა და მაღალი აკურატულობის მქონე პროდუქტი. გარდა ამისა, კარგად შევიცანით უმცირესობების პრობლემები და მივხვდით, რომ ტექნოლოგიებს კომფორტისთვის არ უნდა ვიყენებდეთ, არამედ უნდა ვიყენებდეთ რეალური პრობლემების წინააღმდეგ. მივხვდით, რომ ტექნოლოგიურ სფეროში უნდა ვორიენტირდეთ სოციალური პრობლემების გადაჭრაზე და არა კომფორტის შექმნაზე.
გასულ კვირას გამართულ AI Guardian-ის ფინალში SYSTEM CORP.-მა ვერ გაიმარჯვა. თუმცა, როგორც ლუკა ჩხეტიანი გვიყვება, დიდი იყო ინვესტორების დაინტერესება, მათ შორის კი Skype-ის გუნდის წარმომადგენელის, რომელთანაც, Echo-ს სკაიპში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ავტორი: ხატია თორდუა