საუკუნეების განმავლობაში ამაზე ლიტერატურაში, პოეზიასა თუ ხელოვნებაში საუბრობდნენ, თუმცა ახლა მეცნიერები ადასტურებენ, რომ ეს არა მარტო მეტაფორა, არამედ სინამდვილეა — სიკვდილამდე სიცოცხლე თქვენ თვალწინ გაიელვებს.
ამ აღმოჩენამდე კი 13 ნეირომეცნიერისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი, რომელთა ხელმძღვანელიც რაულ ვისენტე იყო, შემთხვევით მივიდა. მეცნიერები თავდაპირველად პაციენტში კრუნჩხვების გამომწვევი მიზეზების დასადგენად და შემდგომში სამკურნალოდ ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) სკანირებას ატარებდნენ. თუმცა პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა და ამის მიუხედავად, EEG მუშაობას 30 წამის განმავლობაში აგრძელებდა. ამ ფაქტმა კი მეცნიერებს მომაკვდავი ადამიანების ტვინის აქტივობის შესახებ პირველი ცნობები მიაწოდა.
„ამის დაგეგმვა შეუძლებელია, აი რატომ არის ეს ასეთი იშვიათი, ვერავინ დაგეგმავს სიკვდილამდე ამ სკანირების გადაღებას, იქნება ეს ჯანმრთელი, თუ დაავადებული ადამიანი“, — ამბობს აჯმალ ზემარი, კვლევის თანაავტორი.
ტვინის EEG სკანირებით ტვინის რხევითი ტალღების ნიმუში დაფიქსირეს, რომლის მიხედვითაც ალფას, ბეტასა და თეტას აქტივობა მცირდება, ხოლო გამას აქტივობა იზრდება. და თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ეს სწორედ მაშინ ხდება, როცა ტვინი მოგონებების გახსენებას იწყებს. ისინი ჰალუცინაციებზე, მედიტაციებსა და სხვადასხვა შეგრძნებაზეც საუბრობენ, რაც კულტურასა და რელიგიაში არსებულ მოსაზრებებსაც ამართლებს.
ეს მოსაზრება ფილმში, Vanilla Sky, არის გადმოცემული — ტომ კრუზი შენობიდან ხტება და დაცემამდე მოგონებებს ხედავს, ისევე როგორც „არმაგედონში“ — კოსმოსში სიკვდილამდე ბრიუს უილისის პერსონაჟი საკუთარ ცოლსა და ქალიშვილს ხედავს. ამ თემაზე ბევრად ადრე XV საუკუნეშიც საუბრობდნენ, რაზეც ნახატიც “Ascent of the Blessed” მოწმობს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს ფენომენი 2019 წელს მკვლევრებმა ნარკომანიის ისტორიებს დაუკავშირეს — დაადგინეს, რომ კეტამინი, LSD და DMT ტვინში მსგავს რეაქციებს იწვევდა.
მართალია, ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ აკეთებს ამას ტვინი, მაგრამ, როგორც ჩანს, მოგონებები არის ის, რაც ამ ცხოვრებისგან გვრჩება.