in

მექსიკური სამზარეულოს შთაგონებით შექმნილი ამერიკული ბრენდი – Taco Bell

ყველა დიდი ბიზნესი ერთ მშვენიერ დღეს და სადღაც დაიწყო. პირდაპირ დიდ კომპანიად არავინ გაჩენილა. Taco Bell-საც ასეთი თავმდაბალი დასაწყისი ჰქონდა. მექსიკური სამზარეულოთი შთაგონებული რესტორნების ქსელი დაარსების დღიდან სტაბილურად, ნელი ნაბიჯებით ვითარდებოდა და ფართოვდებოდა. დღეს კი სწრაფი კვების უდიდესი ქსელია.

istoriebi
istoriebi

კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ირვინში, კალიფორნიაში. იგი 1962 წელს ამერიკელმა მეწარმემ, გლენ ბელიმ დააარსა. ქსელს აქვს 7000-ზე მეტი ლოკაცია და 350-ზე მეტი ფრენჩაიზი მთელ მსოფლიოში. ბრენდინგისადმი ერთგულებამ და პროდუქციის ასორტიმენტმა ის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და უნიკალურ სწრაფი კვების რესტორნების ქსელად აქცია.

სანამ პირველი Taco Bell გაიხსნებოდა, გლენ ბელი ფლობდა და მართავდა რამდენიმე სხვა რესტორანს, მათ შორის იყო Bell’s Drive-In და Bell’s Hamburgers and Hot Dogs სან ბერნარდინოში. მისი სურვილი იყო, შეექმნა მექსიკური სამზარეულოთი შთაგონებული პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მაკდონალდს და მსგავს ობიექტებს. ტაკო მისი გამოგონილი პროდუქტი არ არის, მას ისედაც ამზადებდნენ, უბრალოდ Taco Bell-მა ის ფართო გაყიდვის საკვებად აქცია და პოპულარიზაცია გაუწია.

გაფართოება

Taco Bell სწრაფად გაფართოვდა. 1964 წელს მისი პირველი ფრენჩაიზის მფლობელი გახდა ყოფილი პოლიციელი კერმიტ ბეკი, ხოლო მისი მეასე რესტორანი 1967 წელს სამხრეთ ბრუკჰერსტში გაიხსნა. 

1978 წელს ქსელის წარმატებით PepsiCo Inc დაინტერესდა და შეიძინა იგი დაახლოებით 125 მილიონ დოლარად. სწორედ ამ სიახლით დაიწყო Taco Bell-ის გადასვლა ახალ ეტაპზე – რეგიონული ჰიტიდან ეროვნულ სენსაციამდე.

ახალი მენიუ

1980-იან და 90-იან წლებში კომპანიამ დაიწყო მენიუს ახალი ელემენტების და რესტორნის კონცეფციების დანერგვა, ასევე გააფართოვა მარკეტინგული ძალისხმევა. 

იგი ჩაერთო კინოსა და თამაშების ინდუსტრიაში. 1989 წელს გამოჩნდა ტიმ ბარტონის Batman-ში, 1995 წელს გახდა ESPN X თამაშების სპონსორი. იმავე წელს Taco Bell-მა დაიწყო პარტნიორობა KFC-თან და 1997 წელს ორივე გახდა Tricon Global Restaurants-ის (მოგვიანებით Yum! Brands) შვილობილი კომპანია. ამით იგი PepsiCo-ს დაშორდა. 

2000-იანი წლები

2000 წლიდან Taco Bell აგრძელებს ბრენდინგზე მუშაობას და პარტნიორობის მოძიებას მომხმარებლების მოზიდვის მიზნით. მაგალითად, 2001 წელს მან წამოიწყო მასშტაბური აქცია – თუ საბჭოთა კოსმოსური სადგური მირი მოხვდებოდა კომპანიის მიერ განთავსებულ სამიზნეს წყნარ ოკეანეში, ის აშშ-ის მომხმარებლებს უფასო ტაკოებით გაუმასპინძლდებოდა. 2004 წელს კომპანიამ პარტნიორობა გაუწია Mountain Dew Soda-ს და გამოუშვა Mountain Dew Baja Blast, რომლის შეძენაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ Taco Bell-ში შეიძლებოდა.

2009 წელს Taco Bell გახდა NBA-ის სწრაფი კვების ოფიციალური პარტნიორი და ამით შეცვალა მაკდონალდსი.

კონკურენტებთან ბრძოლა

მოგვიანებით ბრენდი კონკურენტებს სხვა გზებითაც დაუპირისპირდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო სწრაფი კვების ობიექტებს შორის, ვინც 2014 წელს საუზმე შესთავაზა მომხმარებლებს. მის უნიკალურ შეთავაზებებს შორის იყო ვაფლის ტაკო, ბურიტო, ტრადიციული ნამცხვრები, ფორთოხლის წვენი და ყავა. 

იმავე წელს, Taco Bell-მა წარმოადგინა მობილური შეკვეთისა და გადახდის აპლიკაცია, რაც, ასევე, სიახლე იყო სწრაფი კვების ინდუსტრიაში.

2015 წელს Taco Bell-მა გამოუშვა თავისი ვეგანური და ვეგეტარიანული მენიუ და ჩიკაგოში გახსნა პირველი ობიექტი, რომელიც ალკოჰოლსაც ყიდდა. 

ამ ნაბიჯებით ბრენდმა მოიცვა ყველა კატეგორიის მომხმარებელი შეერთებულ შტატებში, სადაც Taco Bell ყოველწლიურად ემსახურება 40 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Chrome-ის გაფართოებები ChatGPT-ის მომხმარებლებისთვის

მიმები, როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ახალი მიმართულება