18
May
2019

ზღვა ემოცია, რომელიც უნდა ნახო Tbilisi Art Fair 2019-ზე

18 May 2019

“შენთვის უფრო დიდ ხანს უნდა მეკოცნა” – წითლად განათებულ ამ წინადადებას “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში შესვლისთანავე წააწყდებით. მერე ცოტა ხანს მასზე იფიქრებთ და კონკრეტული ან ზოგადი დასკვნებით გზას გაუყვებით. დიახ, სწორედ აქედან იწყება მისტიკა, რომლის შეგრძნებაც გზადაგზა გაგიმძაფრდებათ.

ყველაფერი ეს Tbilisi Art Fair 2019-ზე ხდება. პავილიონებში 33 ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა იყრის თავს და თავიანთი წარმოდგენილი ნამუშევრებით ამაყად იწონებენ თავებს. თუმცა, მათ ხომ ამის მიზეზი ნამდვილად აქვთ. ნამუშევრების ავტორებს შეიძლება ფიზიკურად ვერ მოკრათ თვალი, მაგრამ მათ ინდივიდუალიზმს გამოფენილი ნახატებით აუცილებლად შეიგრძნობთ. ეს ის ადგილია, სადაც უამრავი გამოხატული ემოცია იყრის თავს, უამრავი შრომა და ფიქრი, შთაგონება და მოტივაცია..

ექსპო ჯორჯიას პავილიონებში დროებით 39 ქართველი და უცხოელი ხელოვანის შემოქმედებამ დაიდო ბინა. აქაურობა სავსეა გრაფიკით, ფერწერით, ფოტოგრაფიით, ინსტალაციებითა და ხმოვანი სივრცეებით, სწორედ ამიტომ, უნდა ეცადოთ, არაფერი გამოგრჩეთ..

TAF 2019-ში მონაწილე გალერეები

TAF 2019-ში მონაწილე გალერეები

იმასაც გეტყვით, რომ ყველაფრის დათვალიერება არც თუ ისე მარტივია. ერთ ნამუშევარზე მინიმუმი დოზით ფიქრიც გარკვეულ დროს მოითხოვს, არადა მათ შემხედვარეს, გსურს, ყველაფერს ძირისძირობამდე ჩაუკვირდე და მიხვდე. ხო.. შემოქმედება ხომ ისაა, რაც უნდა განიცადო.

ბევრი ნაცნობი თუ ჯერ კიდევ თქვენთვის უცნობი მხატვარი და ნამუშევარი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დისკუსიები თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ თემებზე, სპეციალური ვორქშოპები და შემოქმედებითი აქტივობები ბავშვებისთვის – ეს ის ჩამონათვალია, რასაც TAF 2019 მოიცავს. გალერეები ევროპიდან, შორეული აზიიდან, აშშ-დან, კავკასიიდან – აქ ბევრი რამის ნახვა შეიძლება. იაპონურ მხატვრობასა და ქართულ ნამუშევრებს სულ ერთი კედელი ჰყოფს და ამის შემხედვარე, ხვდები, რომ მათ შორის მანძილის ერთადერთი საზომი არა ეროვნული სიშორე, არამედ ინდივიდუალიზმია. ერთი შეხედვით მარტივ სივრცეში არის ისეთი ადგილებიც, რომლებსაც უნდა მიაგნო და შეძვრე, შეიძლება სწორედ იქ გელოდებოდეს შენთვის დასამახსოვრებელი ნამუშევარი.

თუკი ცენტრალურ, მე-11 პავილიონში გალერეებს თავმოყრილი აქვთ სხვადასხვა შემოქმედის ნამუშევრები, მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში კონკრეტული კედლები კონკრეტულ ხელოვანებს ეთმობათ. აქვე უნდა ვახსენოთ ექსპო ჯორჯიას ორანჟერეაც, სადაც დავით კაკაბაძის არქივია გამოფენილი. მნახველს ცოცხლად შეუძლია, ნახოს მისი ესკიზები, მცირე ნახატები, სურათები და გამოცემული ესეები თუ სხვადასხვა ნაწერები.

Tbilisi Art Fair 2019 17 მაისს 12:00 საათიდან გაიხსნა და 19 მაისის 22:00 სთ-მდე გაგრძელდება. აქ საზოგადოებას შემოქმედებაში გამოხატული ზღვა ემოცია ელოდება. ერთი შეხედვით მარტივი და თანამედროვე, თუმცა მაინც ძალიან დამაფიქრებელი..

გთავაზობთ 18-19 მაისის პროგრამასაც:

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა