in

Tagy – ქართული ჭკვიანი ტრეკერი დაკარგული ნივთების საპოვნელად

Startauperi
Startauperi

წარმოიდგინეთ მომენტი, როცა აეროპორტის ბარგის სარტყელთან დგახართ და თქვენი ჩემოდნის გარდა, უკვე ყველამ ჩამოიარა. ან ის სტრესული წამები, როცა შინიდან გასვლას ჩქარობთ და მანქანის გასაღები არსად ჩანს. კიდევ უფრო მძიმეა საყვარელი ოთხფეხა მეგობრის დაკარგვით გამოწვეული შიში. სწორედ ამ გლობალური და ძალიან ნაცნობი „ტკივილის“ მოსაგვარებლად, ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში სტარტაპი Tagy გამოჩნდა. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ მსგავსი მოწყობილობების ბაზარზე უკვე დომინირებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა, მაგალითად, Apple-ის AirTag. თუმცა, Tagy-ს ქართველმა შემქმნელებმა სრულიად სხვა მიდგომა აირჩიეს. მათ შექმნეს ჭკვიანი ტრეკერი, რომელიც ერთნაირად კარგად მუშაობს როგორც iOS-ის, ისე Android-ის ეკოსისტემაში, არ საჭიროებს დამატებითი აპლიკაციების ჩამოტვირთვას და რაც მთავარია, სრულად იცავს მომხმარებლის კონფიდენციალურობას ფარული თვალთვალისგან. დეტალებზე Tagy-ს დამფუძნებლები სანდრო ბაბუნაშვილი, ტატუკა ჭუმბურიძე და მიშა ჭანტურია გვესაუბრნენ.

M: როგორ გაჩნდა Tagy-ს შექმნის იდეა და რა იყო ის მთავარი საჭიროება, რომლის დაკმაყოფილებასაც ბაზარზე ამ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპით შეეცადეთ?

იდეა რეალური, ყოველდღიური საჭიროებიდან დაიბადა. ჩვენი თანადამფუძნებელი, მიშა ჭანტურია, პარალელურად წარმოადგენს სტარტაპ Help.ge-ს (რომელიც ავიამგზავრებს დაკარგული ბარგისა თუ გაუქმებული ფრენების კომპენსაციის მიღებაში ეხმარება), სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა ბარგის დაკარგვის პრობლემა. თავდაპირველი ამოცანაც სწორედ ბარგის მარტივად პოვნა იყო. თუმცა, კვლევის პროცესში ნათელი გახდა, რომ შინაური ცხოველების დაკარგვა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხშირი და სტრესული გამოცდილებაა. საბოლოოდ, ამ დაკვირვებებმა Tagy ჩამოაყალიბა უნივერსალურ გადაწყვეტად, რომელიც ადამიანებს ეხმარება, მუდმივად ადევნონ თვალი ყველაფერს, რაც მათთვის ღირებული და ძვირფასია.

M: ვინ ქმნის Tagy-ს და რა გამოცდილებამ შეგიწყოთ ხელი იდეის რეალობად ქცევაში?

Tagy-ს გუნდი სამი წევრისგან შედგება: მიშა ჭანტურია, ტატუკა ჭუმბურიძე და სანდრო ბაბუნაშვილი. ჩვენი მთავარი ძალა სწორედ განსხვავებული გამოცდილებების სინთეზშია. მიშას Help.ge-დან მოჰყვება ავიამგზავრების ქცევისა და ბარგის დაკარგვის სტატისტიკის სიღრმისეული ცოდნა, რამაც პროდუქტის შექმნის ინსპირაცია მოგვცა. ტატუკასა და სანდროს კი მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ბრენდინგის, მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით. სწორედ ამ კომპეტენციების გაერთიანებამ მოგვცა საშუალება, ჯერ კიდევ MVP ეტაპზე შეგვექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკურადაა გამართული, არამედ ზუსტად პასუხობს ბაზრისა და მომხმარებლის რეალურ მოთხოვნებს.

M: მარტივად რომ ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა არის Tagy-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

Tagy-ს მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობაა. გლობალური მოთამაშეების უმეტესობისგან განსხვავებით, ჩვენი მოწყობილობა სრულად და თანაბრად თავსებადია როგორც Apple-ის, ისე Android-ის ეკოსისტემებთან. ის პირდაპირ ინტეგრირდება Apple Find My და Google Find My Device სისტემებში, შესაბამისად, მომხმარებელს არ უწევს დამატებითი, მესამე მხარის აპლიკაციების გადმოწერა. ამასთან, კონკურენტებისგან განსხვავებით, ჩვენს პროდუქტს თავიდანვე მოჰყვება სპეციალური ქეისი, რომელიც იდეალურადაა მორგებული შინაური ცხოველის საყელურზე დასამაგრებლად და ქეისიანად გაცილებით შეღავათიან ფასშია წარმოდგენილი ბაზარზე. რაც შეეხება ავტონომიურობას, ელემენტი 12 თვემდე ძლებს და მისი შეცვლა ისევე მარტივია, როგორც ავტომობილის გასაღების ელემენტის.

M: როგორ გვეხმარება სრულიად უცხო ადამიანების სმარტფონები ჩვენი ნივთის პოვნაში ისე, რომ პროცესის ანონიმურობა არ ირღვევა?

Tagy იყენებს Apple-ისა და Google-ის გლობალურ ინფრასტრუქტურას. მოწყობილობა უშვებს დაშიფრულ Bluetooth სიგნალს, რომელსაც 100 მეტრის რადიუსში მყოფი ნებისმიერი სმარტფონი იჭერს. ეს ჩამვლელი ტელეფონი თქვენი ნივთის ლოკაციას ავტომატურად აგზავნის Apple-ის ან Google-ის ქსელში, საიდანაც ინფორმაცია მხოლოდ თქვენს პირად აპლიკაციაში აისახება. ეს პროცესი 100%-ით ანონიმურია. არც თქვენ იცით, კონკრეტულად ვისი სმარტფონი დაგეხმარათ ნივთის ლოკაციის დადგენაში და არც იმ გამვლელმა იცის, რომ მისმა მოწყობილობამ თქვენი Tagy „დააფიქსირა“.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. Tagy ფლობს Apple-ის MFi (Made for iPhone/iPad) და Google-ის Find My Device ოფიციალურ სერტიფიკატებს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტმა გაიარა უმკაცრესი ტესტირება და სრულად აკმაყოფილებს გლობალური ეკოსისტემების უსაფრთხოების სტანდარტებს. თუ სისტემა დააფიქსირებს, რომ თქვენთან ერთად გადაადგილდება უცხო ტრეკერი, სმარტფონი დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით გამაფრთხილებელ შეტყობინებას, რაც სრულად გამორიცხავს მოწყობილობის არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოყენებას. გარდა ამისა, ლოკაცია იგზავნება ანონიმურად, შესაბამისად, არც Apple და არც Google არ იზიარებენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

M: მოგზაურებისთვის ბარგის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრესია. კონკრეტულად როგორ ამარტივებს მოწყობილობა ავიახაზებთან კომუნიკაციას და ძიების პროცესს?

ბარგის დაკარგვისას დრო კრიტიკული ფაქტორია. ავიახაზებისთვის ყველაზე დიდ რესურსს სწორედ ჩემოდნის ფიზიკური ადგილმდებარეობის დადგენა მოითხოვს. ვინაიდან Tagy მილიონობით სმარტფონის გლობალურ ქსელზეა მიბმული, მოგზაური პირდაპირ რუკაზე, ლაივ რეჟიმში ხედავს ბარგის ზუსტ ლოკაციას. გაურკვეველი მოლოდინის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ ავიახაზის წარმომადგენელს ზუსტი კოორდინატები მიაწოდოთ, რაც საძიებო პროცესს საგრძნობლად აჩქარებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა საქმიანი ვიზიტების დროს, როცა გამოფენისა თუ კონფერენციის მასალების დაკარგვამ შესაძლოა კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენოს.

M: პირველადი გაყიდვების დინამიკას რომ გადავხედოთ, ყველაზე ხშირად რა დანიშნულებით ყიდულობს ქართველი მომხმარებელი Tagy-ს?

მიუხედავად იმისა, რომ საწყისი იდეა ბარგს უკავშირდებოდა, პრაქტიკამ სრულიად სხვა სურათი გვაჩვენა. ქართველი მომხმარებლები Tagy-ს ყველაზე აქტიურად შინაური ცხოველების უსაფრთხოებისთვის იყენებენ. ასევე, ძალიან მოთხოვნადია ყოველდღიური ნივთების – გასაღებების, საფულეების, ჩანთების, ველოსიპედებისა და სკუტერების დასაცავად. საინტერესო სტატისტიკაა: საშუალოდ, ადამიანი ცხოვრების განმავლობაში 1-დან 1.5 წლამდე დროს მხოლოდ გასაღების ძებნაში ხარჯავს. Tagy-ს „ხმოვანი სიგნალის“ ფუნქცია იდეალურად ჭრის ამ პრობლემას და ახლო დისტანციაზე ნივთების პოვნას წამების საქმედ აქცევს.

M: როგორია Tagy-ის განვითარების ხედვა?

ამ ეტაპზე სტარტაპის განვითარების პირველ ფაზაში ვიმყოფებით. ახლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პირველი მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღება და პროდუქტის კიდევ უფრო დახვეწაა. უკვე გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებები, რომელთა გაუმჯობესებაზეც აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება გაფართოებას, ამჟამად საერთაშორისო ექსპანსიას არ ვგეგმავთ – მთელი ჩვენი რესურსი და ენერგია ლოკალურ ბაზარზე სწორ პოზიციონირებას ხმარდება. თუმცა, წინ ბევრი სიახლეა: ძალიან მალე, დავაანონსებთ საინტერესო კოლაბორაციებს სხვა ქართულ სტარტაპებთან, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ.

 

GitHub-ის ალტერნატივა, რომელსაც OpenAI ავითარებს

როგორ ამარტივებს თიბისი მომხმარებლის ცხოვრებას AWS ტექნოლოგიებით