„თაია არის ემოცია, შეგრძნება, მოგონება, ის რაც გვაკავშირებს ჩვენთვის ძვირფასს ადგილთან, ნივთთან, სახლთან“, — ასე აღწერს თამუნა იანვარაშვილი თავის საქმიანობას და ნამუშევრებს. და, ალბათ, ჩვენც სწორედ ამ სიტყვებით უნდა დავიწყოთ მის დიორამებზე, სამგანზომილებიან სცენებზე საუბარი.
„თაიას“ შექმნის ისტორია წელიწად ნახევრის წინ , ახალი წლის დღეებში დაიწყო, გაუაზრებლად, როდესაც სტანდარტული საახალწლო დეკორაციებით მობეზრებულმა, გადაწყვიტა, რაღაც განსხვავებული ნივთი შეექმნა. „მოვიძიე შეშის მერქანი, ნაძვის წიწვები, დავშალე მაღაზიაში ნაყიდი ხის ირმების დეკორაცია და ეს ყველაფერი ერთ დიდ ხის მორზე გავაერთიანე. აქედან იწყება ისტორია, რომელიც გრძელდება, იხვეწება, იხაზება, იქმნება და მიდის ადამიანებამდე, რომელთაც სურთ, ემოციებს ხელით შეეხონ“.
M: თამუნა, მინიატიურების შექმნის პროცესში რას აქცევ ყველაზე დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას?
ეს შეიძლება იყოს კონკრეტული შენობის, ადგილის, ნივთის ასლი ან წარმოსახვით შექმნილი სამყარო. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს ხელით ვქმნი განსაკუთრებით დიდი ყურადღება, დრო და დაკვირვება სჭირდება. მაქსიმალურად ვცდილობ, მიახლოებული იყოს სასურველ ნივთთან, სახლთან. ადამიანისთვის, რომელიც საკუთარი სახლის დიორამას გიკვეთავს, ყველა წვრილმან დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს, მისთვის კედელზე ამოკაწრული წარწერაც დიდი ემოციის მატარებელია. ჩვენთვის კი ამ ყველაფრის რეალობაში გადმოტანაა პრიორიტეტი.
M: როგორც შევატყვე, თითოეულ მინიატიურას ძალიან დიდი ემოციური კავშირები აქვს. როგორ ახერხებ ამას? რამდენად დიდ როლს ასრულებს ემოცია შენს ნამუშევრებში?
სანამ ძირითადი იდეა ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებდა, მანამდე „თაია“ იყო წარმოსახვით შექმნილი სამყარო — ფერიებით, სიმწვანით, ბუნებრივი დეტალებით, უფრო მეტად არარეალური, ის რაც თავად მომწონდა.
დროთა განმავლობაში და პოტენციურ მომხმარებლებთან კონტაქტით, სტრატეგია შევცვალეთ, ბუნებრივი ჩავანაცვლეთ ხელოვნურით, თუმცა მაქსიმალურად მიახლოებული რეალურთან. ასევე, ის, რასაც მხოლოდ ჩემი ეგოს დასაკმაყოფილებლად ვამზადებდი, შეიცვალა. უფრო მეტად მომხმარებლებზე დავიწყე ფიქრი — რა და როგორი ნამუშევარი დააინტერესებდათ გამორჩეულად. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანები ემოციები ვართ… ყველგან, ყველასთან და ყველაფერში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წინა პლანზე ემოციების გამოტანა, რათა თავიანთ საყვარელ ნიუანსებთან შესძლებოდათ ჩემს მომხმარებლებს შეხება. ასე ჩამოყალიბდა „თაია“-ს საბოლოო სახე და სლოგანი „შეეხე ემოციას“.
„თაია“ ვარ მხოლოდ მე, რომელსაც საკუთარი ხელებით, ფანტაზიით და მთელი გულით მოაქვს თქვენამდე ხელშესახები ემოციები
M: ყველაზე დიდ შთაგონებას საიდან იღებ ხოლმე?
ჩვენ ყველას გვიყვარს სურათების, ვიდეოების გადაღება, აღვბეჭდავთ გატარებულ დროს, მოგონებებს, რაც ვნახეთ ან თავს გადაგვხდა. მე კი ვცდილობ, ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ეს შენახული ემოციები ხელშესახები გავხადო. შთაგონების წყაროდ როგორც ზემოთ ხსენებული შეგვიძლია მოვიაზროთ, ასევე უბრალოდ იდეა, რომელიც დამებადა ან შემთხვევით ინტერნეტ სივრცეში აღმოვაჩინე.
ვფიქრობ, ყველა ჩემს ნამუშევარს თავისი სათქმელი და დატვირთვა აქვს, ეს არის მისტიკურიც და რეალურიც. აფხაზეთის სახლის მინიატიურის დამზადება ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან პირველი ასლია, რაც დამიმზადებია. ძალიან მინდოდა დღევანდელ რეალობაზე ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, არა სიტყვებით, არამედ ხელებით. ამიტომაც გადავწყვიტე, ინტერნეტში მომეძია აფხაზეთის სახლი და მგონია, ყველასგან გამორჩეული, ცოცხალი და დიდი ამბის მთხრობელი სახლი აღმოვაჩინე. ეს არის ჩემებური პროტესტის გამოხატულება ბოროტების მანქანის — რუსეთის მიმართ, რომელიც უკვე წლებია, ოკუპაციას ახორციელებს.
M: უცხოურ ბაზარზე გასვლაზე თუ გიფიქრია და ამ მხრივ თუ ხდება რამე საინტერესო „თაიაში“?
აუცილებლად, თუმცა ჯერჯერობით ვცდილობ, სხვადასხვა ტექნიკა ავითვისო. მინდა, საქართველოს ბაზარზე დავმკვიდრდე, ვსწავლობ, როგორ ვმართო სტარტაპი, გავერკვე რა სეგმენტზე არის მორგებული ჩემი ნამუშევრები, მოხმარებლისთვის რა უფრო მისაღებია. სამომავლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავალ, ჩამოყალიბებული იდეით და პროექტით.
ზოგადად, საქართველოში მინიატიურული კულტურა ძველი დროიდან არსებობდა, რომ გადახედოთ ძველი თაობის მინიატიურისტებს გაკვირვებულები დარჩებით, როგორი სიზუსტით, ტექნიკით არის თითოეული დეტალი დამზადებული. ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ სფეროს წამოწევას. მინდა ეს სფერო განვითარდეს და ჩვენ ყველამ, ვინც, მინიატიურებით დაინტერესებული ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კულტურის განვითარებაში და გავრცელებაში.
ავტორი ქეთია ბელქანია