6
Aug
2019

რაში სჭირდება ადამიანს კუდი? რობოტული კუდი – იაპონელი მეცნიერების გამოგონება

6 Aug 2019

veon
veon


გვსმენია, რომ უხსოვარ დროში, სანამ ადამიანი ორ ფეხზე გადაადგილებას ისწავლიდა, მას ჰქონდა კუდი, რომელსაც ისევე იყენებდა, როგორც დღეს, დედამიწაზე გავრცელებული სხვა სახეობები იყენებენ. მეცნიერთა ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ევოლუციის შედეგად, კუდისგან მხოლოდ კუდუსუნის ძვალი შემოგვრჩა, თუმცა დღეს, მსგავს ევოლუციურ გამოცდილებას სხვა გამოყენება შეიძლება მოუძებნონ.

რობოტიკაში ბუნებაში გავრცელებული ფორმებით შთაგონებული გადაწყვეტილებები სულ უფრო აქტუალური ხდება. იაპონელმა მკვლევარებმა კი ცხენთევზის კუდის შთაგონებით, შექმნეს რობოტული კუდი, რომელიც ხანდაზმულ, გადაადგილების პრობლემების მქონე ადამიანებს, წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ამას კი იმავე პრინციპით გააკეთებს, რა პრინციპითაც ცხოველებში ხდება – კუდი წონასწორობის შენარჩუნებისა, თუ ორიენტაციისთვის, სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხანდაზმულებს ის დაცემის შემთხვევებს შეუმცირებს.

ფაქტობრივად, იაპონელი მეცნიერები გვთავაზობენ სხეულის იმ ნაწილის პროთეზს, რომელიც ათასწლეულების წინ დავკარგეთ.

კუდის პროტოტიპს Arque ჰქვია და მისი დიზაინი ცხენთევზის კუდის სტრუქტურას იმეორებს. მასში გამოყენებულია ხერხემლის ხელოვნური მალები და ოთხი პნევმატიკური კუნთი, მოძრაობის უზრუნველსაყოფად. კუდი აკონტროლებს ადამიანის წონასწორობის ცენტრს და რეაგირებს ადამიანის მოძრაობაზე. კუდის მოქმედების უზრუნველსაყოფად, მასში გამოყენებულია ჰაერის კომპრესორი, რომელიც თითოეულ ხელოვნურ კუნთს 0.8 Kpa-თი (კილოპასკალი) ამარაგებს. კუდის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება კონკრეტული ადამიანის წონასწორობის ცენტრისა და სხეულის მდგომარეობის მიმართების დადგენა და შესაბამისი მოქმედება, წონასწორობის შესანარჩუნებლად.

კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ 71 სანტიმეტრიანი კუდი შეძლებს სხვადასხვა საკითხში ადამიანის დახმარებას. მაგალითად, მძიმე ტვირთის ტარებისას წონასწორობის შენარჩუნებისა თუ ხანდაზმულებში დაცემის შემთხვევების შემცირების კუთხით. ასევე, შეასრულებს სასარგებლო პროთეზის ფუნქციას გადაადგილების პრობლემების მქონე ადამიანებში. თუმცა, Arque ჯერ კიდევ პროტოტიპია და რა თქმა უნდა, დახვეწის ეტაპზეა.

განხილვა