11
Dec
2019

„მინდა, პირველ რიგში, ჩემი ნამუშევრებით მიცნობდნენ“ – თაკო ჭაბუკიანი

11 Dec 2019

„დიზაინერის პროფესიაში მთავარი მრავალფეროვნებაა. დღეს რომ სპორტული გუნდისთვის აკეთებ ბრენდინგს, ხვალ, შეიძლება, ფინანსური კომპანია იყოს შენი კლიენტი. ყველას ინდივიდუალური შეხედულება აქვს საკუთარ ბიზნესზე, შეიძლება ეს იყოს სწორი, ან სუბიექტური, მაგრამ დამკვეთი მოდის გარკვეული სიმპტომებით და უნდა შესთავაზო მკურნალობის კურსი, საჭირო დიზაინ გადაწყვეტა. რაც უფრო სწორი და სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები არიან ჩართული პროცესში – შენი გუნდი, კლიენტი, მისი წარმომადგენლები – უფრო ზუსტ გამოსავალს პოულობ. ეს ერთობა ქმნის ერთიან ძალას. არ არსებობს დიზაინი ბრიფის გარეშე, ან ბრენდ იდენტობა კლიენტის გარეშე. ამიტომ, მგონია, რომ გამარჯვებისთვის, ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს Pragmatika-ს არტ – დირექტორი, დიზაინერი თაკო ჭაბუკიანი. 

Pragmatika-ს არტ – დირექტორი, დიზაინერი თაკო ჭაბუკიანი

ის Spotlight 2019-ის სპიკერია და როგორც უკვე იცით, ღონისძიების მთავარი თემაა „ერთიანობა“. რა ამბავს გიამბობთ ერთობაზე, ეს სურპრიზია და 15 დეკემბერს, „სფოთლაითზე“ გაიგებთ. მანამდე კი გაიცანით თაკო ჭაბუკიანი:

„ჩემი ბავშვობა“

„ბავშვობაში ძალიან ბევრი საცხოვრებელი გამოვიცვალე. ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედა ჩემი მხრიდან გარემოს აღქმაზე. ყოველთვის ინტროვერტი ვიყავი, როგორც მაყურებელი, ისე ვაკვირდებოდი გარემოს და ეს დღემდე გამომყვა. მახსოვს პროტესტიც – ბაღში, როცა სხვებს ეძინათ, მე ვხატავდი – ბუნტი ავტეხე, რადგან დაძინება არ მინდოდა. ახლა ვხვდები, რომ გარკვეული მიდრეკილება ვიზუალური ხელოვნებისკენ, მაშინაც მქონდა. რომ წამოვიზარდე ინტერესი გამიჩნდა ხელოვნებისადმი, ოღონდ არა დიზაინის კუთხით. დიზაინი, დიდი ხანი, საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო. გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი, ფილმები და მუსიკა მიტაცებდა. ვაგროვებდი ვინილებს და ჟურნალს Rolling Stone. დიდი გავლენა იქონია ჩემზე მულტფილმმა Sailor Moon, რომელსაც ბაღის პერიოდში ვუყურებდი. ქალ სუპერგმირებზე იყო. მთელი 3 წელი ვუყურებდი, უწყვეტად“.

„ეს მე ვარ, სკოლის პერიოდში“

2008 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა. იმ ზაფხულს საქართველოში, არდადეგებზე, ჩამოვიდა. მერე, აგვისტოში, ომიც დაიწყო.

„ეს ყველაფერი რომ საკუთარი თვალით ვნახე, გადავწვიტე, უკან აღარ დავბრუნებულიყავი. რუსეთში ორგანიზაცულ მენეჯმენტს ვსწავლობდი. სულ ნახევარი სემესტრი ვისწავლე. საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩავაბარე აკადემიაში, მოდის დიზაინზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პროფესიის არჩევაში კიდევ ერთხელ შევცდი, საერთოდ არ შეესაბამებოდა ჩემს ტემპერამენტს. არა და, საქმე თანხვედრაში უნდა იყოს შენს ტემპერამენტთან. ამ პერიოდში ვნახე ფილმი A Scanner Darkly. ეს არის თავიდან ბოლომდე ანიმირებული ვიდეო, მთელი ფილმი გადახატულია. მანამდე, მსგავსი არაფერი მენახა. ძალიან დამაინტერესა ამ ტექნოლოგიებმა. დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა ამის „ილუსტრატორში“ გაკეთება და დავიწყე Youtube-ზე ტუტორიალებით სწავლა. წარმოიდგინეთ, 2010 წელია და „ონლაინ კურსები“ ასე განვითრებული არ არის. მახსოვს, ერთი ტუტორიალი იყო, ბიორკის სახეს ხატავდი და იმის მიხედვით გავაკეთე ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი. საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, გადავწყვიტე, გრაფიკული დიზაინი მესწავლა. მაგრამ, აკადემიაში უკვე მეორე კურსზე ვიყავი, ვეღარ გადამიყვანდნენ სხვა ფაკულტეტზე, ან თავიდან უნდა ჩამებარებინა. ამიტომ, მომიწია მოდის დიზაინის დამთავრება“.

გრაფიკული დიზაინის მიმართ, მისი ინტერესი, ნელ-ნელა გაიზარდა. სანამ, საბოლოოდ ეს პროფესია აერჩია, დიდი გზა გაიარა – რაღაც პერიოდი, ტუტორიალებით და დამოუკიდებლად მიღებული ცოდნით ხატავდა. ძირითადად, ილუსტრაციებს. შემდეგ,  GIPA-ში ჩააბარა, გრაფიკული დიზაინი რომ ესწავლა.

„ჩემმა კურსელმა და მეგობარმა ნიკა კუმბარმა, მოიტანა ბროშურები, უფრო პოსტ ქარდები იყო, რომლებიც ლონდონიდან, Shillington​-იდან გამოუგზავნეს. რომ ვინახე, ფაქტურა და ხარისხი, გადავწყვიტე ნებისმიერი გზით, ამ კოლეჯში მოვხვედრილიყავი. და ასეც მოხდა – „შილინგტონში“ 1 წელი ვისწავლე, პორტფოლიო შევაგროვე, საკმაოდ ნორმალური იმ დროისთვის და მაგისტრატურაში, London College of Communication-ში ჩავაბარე. შემდეგ დავბრუნდი საქართველოში“.

„მაგისტრატურაში სწავლის დროს“

საქართველოში რომ დაბრუნდა, მუშაობა გია ბოხუას სტუდიაში დაიწყო. მასთან თანამშრომლობა ყოველთვის უნდოდა და ისე მოხდა, რომ შეთავაზებაც მიიღო.

„სტუდიაში ბევრი რებრენდინგი გავაკეთეთ. მე ვმუშაობდი უშუალოდ ბრენდ ბუქებსა და ლოგოს გაშლაზე. პარალელურად, ვაკეთებდი ინდივიდუალურ პროექტებს.

„გია ბოხუას სტუდიაში ვმუშაობდი ბრენდ ბუქებსა და ლოგოს გაშლაზე. პარალელურად, ვაკეთებდი ინდივიდუალურ პროექტებს“/2016 წელი

შემდეგ გია აშშ-ში წავიდა, დიდი ხნით. ორი ვარიანტი იყო: ან სხვა კომპანიაში დამეწყო მუშაობა, ან ფრილანსერი ვყოფილიყავი. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ სარეკლამო სააგენტოში არ წავიდოდი, როგორც წესი, იქ დიზაინის მიმართულება სუსტია, ბევრ სხვა ადამიანზე და ფაქტორზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ შევქმენი ჩემი სტუდია Pragmatika. ძალით გავხდი არტ – დირექტორი. ამ პასუხისმგებლობის აღება არ მინდოდა. ბოლო დროს, ფორმატი შევცვალე – ახლა პროექტიდან პროექტამდე ბაზაზე ვართ. როცა მჭირდება დახმარება, მაშინ ამყავს დამატებითი კადრები, ძირითადად მე ვმუშაობ პროექტებზე“.

ამბობს, რომ პირველ რიგში დიზაინერია და მერე – არტ – დირექტორი. უშუალოდ შესრულების პროცესი ძალიან სასიამოვნოა და, სხვაზე ამის გადაბარებით, საკუთარ თავს ვაკლებ დიდ სიამოვნებასო.

„მგონია, რომ არტ – დირექტორობამდე ორგანულად უნდა გაიზარდო და გარკვეული ეტაპები გაიარო. მაგალითად, სტუდიაში მუშაობა, სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა. სანამ არტ – დირექტორი გახდები, კარგი დიზაინერი უნდა იყო. ტექნიკურ დეტალებს არ ვგულისხმობ. შიდა მექანიზმი უნდა გესმოდეს. თუ ეს არ იცი, უბრალოდ, ვერ იქნები ავტორიტეტული, არავინ გამოგყვება და შედეგიც შესაბამისი გექნება“.

Rapid Response

ჩვენს პროფესიაში მთავარია, გქონდეს დიდი ნებისყოფა, იყო პრინციპული და დეტალებზე ორიენტირებული. მხოლოდ ასე შეძლებ კარგი პროდუქტის შექმნას.

„დიზაინი, ხელოვნებისგან განსხვავებით, არ არის აწყობილი შემოქმედის სუბიექტურ შეხედულებებსა და აზრებზე. მას უფრო ობიექტური საზომი ერთეულები აქვს. კარგი დიზაინი სტილისტურად სხვადასხვანაირია. მაგალითად, მე კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. მთავარია, დროის შეგრძნება არ დაკარგო. ძალიან დიდია ცდუნება, რომ ტრენდებს აჰყვე. თუ ერთ წელიწადში აღარ მოგწონს შენი ნამუშევარი და მისი პორტფოლიოდან მისი წაშლა გინდა, ე.ი. დიზაინი არც ისე კარგია. ნამუშევარი 5-10 წლის შემდეგაც უნდა გაკმაყოფილებდეს. ლოგო კარგია მაშინ, როცა სიცოცხლისუნარიანი. მგონია, რომ დეტალები ქმნიან დიზაინს. ლოგო არის ჩვეულებრივი შავი ლაქა, თუ დეტალებზე არ არის გამახვილებული ყურადღება“.

SCC

“You are as good as your last project” – ასეთია მისი მიდგომა. ამბობს, რომ ყოველ შემდგომ პროექტზე ახალი აღმოჩენები უნდა გააკეთო და უკვე შექმნილი არც ერთ შემთხვევაში არ გაიმეორო.

„მარადიული სტუდენტი უნდა იყო. ტექნოლოგიები ვითარდება. ნელ-ნელ უფრო „ქოდინგში“ გადადიან გრაფიკული დიზაინერები და მოძრავი გრაფიკა უფრო მისაღები მედიუმი ხდება. რასაც საიფაი (Sci-Fi – სამეცნიერო ფანტასტიკა) ფილმებში ვხედავთ, დაახლოებით, იგივე ხდება ჩვენს სფეროშიც – მოძრავი პორტრეტები და ა.შ. ასეთი რაღაცები უნდა აითვისო, რომ შენ, როგორც პროფესიონალი, აქტუალური იყო. არ არის აუცილებელი, ტრენდებს აჰყვე. მთავარია, გქონდეს შენი სტილი, რომელსაც სხვადასხვა ტექნოლოგიით გამოხატავ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შექმნილი ასო – ბგერები

მისთვის გამორჩეული პროექტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი იყო. პირველ ეტაპზე, გია ბოხუას სტუდიაში მუშაობდა, შემდეგ კი, როცა უკვე პავილიონებზე მუშაობა დაიწყეს, უკვე „პრაგმატიკადან“ ქმნიდა ინტერიერისთვის ასოებს.

განსაკუთრებული ნამუშევრების გარდა, მის შემოქმედებაში განსაკუთრებული მოვლენები არსებობს. უფრო სწორად მოვლენა – 2008 წლის ომი. ამის გამო დათანხმდა პროექტს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეხება. თუმცა, ჯერ არ „გაშვებულა“ და მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებო. ამბობს, რომ ზოგადად, რაც რუსეთიდან მოდის, იქნება ეს თანამედროვე თუ საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილი, განიზიდავს და ანტიპათიას იწვევს მასში.

GCAP

სწავლა – სწავლების პროცესი 

პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, თაკო ჭაბუკიანი,  ციფრული ინდუსტრიის აკადემიის-ის ლექტორია.

„ჩემი დიზაინის კურსი ძალიან მოკლე და ინტენსიურია. თუმცა, მგონია, რომ დიზაინ განათლებისთვის რამდენიმე თვე არ არის საკმარისი. საჭიროა, მინიმუმ, ბაკალავრიატი. ასევე – მაგისტრატურაც. ჩემი იდეალური კურსი იქნებოდა, რომ გარკვეული დრო დაეთმოს დიზაინის ისტორიის სწავლებას. ისტორიის გარეშე შეუძლებელია, რამე შექმნა მომავალში. ყველა ნამუშევარს აქვს თავისი კომპონენტები: ვიზუალური ენა, ფერი, შრიფტი, კომპოზიცია და აშ. ეს ყველაფერი კი, შეგიძლია, ახალი ტექნოლოგიებით, გადმოიტანო და შენებური პრეზენტაცია გაუკეთო. სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში მხოლოდ იმას ასწავლიან, ტექნიკურად როგორ შეასრულო დიზაინი, რომ შედეგი მიიღო. ეს ჩემი აზრით, არასწორი მიდგომაა, ყველაფერს აუფასურებს. ასე ავთენტურ პროდუქტს ვერ მიიღებ. ამას ვასწავლი ჩემს სტუდენტებსაც. ახლა მეოთხე ნაკადი უნდა გამოვუშვა. პირველი სამი დავალება, ყველა ნაკადს ერთი და იგივე აქვს. როგორც წესი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ, მრავალფეროვან ვიზუალურ გადაწყვეტებს პოულობენ. იმის მიუხედავად, რომ წინა ნაკადის ნამუშევრები ნანახი აქვთ-ხოლმე.ლტერნატიული მიდგომა, რომლებიც დამწყებებს ახასიათებთ, უკვე ჩამოყალიბებულ პროფესიონალებს ეკარგებათ. ახალგაზრდებს კი ყოველთვის Fresh Ideas აქვთ, რომელიც, შესაძლოა, ტექნიკურად არ იყოს გამართული, მაგრამ, მე პირადად, საკმაოდ დიდ ინსპირაციას მაძლევს მათი მიდგომები. 

თაკო ჭაბუკიანი სტუდენტებთან ერთად

საქართველოში, თითქმის, ყველა სასურვლ ბრენდთან იმუშავა. თუმცა, ამბობს, რომ მთავარი პროექტი ჯერ კიდევ წინ არის. მაგრამ კონკრეტულად რა, ახლა ზუსტად არ იცის. შესაძლოა, ეს Nike-იც აღმოჩნდეს, რადგან, მისთვის, თითქოს, ამოჩემებად იქცა – „ძალიან მინდა „ნაიკისთან“ თანამშრომლობა, მაგრამ ამისთვის გარკვეულ წრეში უნდა ტრიალებდე და კონკრეტულ ადამიანებს იცნობდე. საერთოდ, ძალიან ქაოტურად პოულობენ დიზაინერებს. გარკვეულ ქვებრენდებზე შიდა გუნდს არ ამუშავებენ, ცალკეულ არტისტებთან თანამშრომლობენ. ვნახოთ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს“.

Monograms

სამომავლო გეგმები 

„ყოველ წელს ვაკეთებ To Do List-ებს. ყოველ წელს არ იწურება ეს ჩამონათვალი. მაგალითად, რაც შარშანწინ ჩავიფიქრე, შეიძლება, ის წელს შევასრულო და რაც 2019-ში ჩავიფიქრე, 2020-ში გავაკეთო. მაგრამ მთავარია, რომ მივაღწევ. ახლა პირველი, რაც დღის წესრიგში მაქვს, „ონლაინ“ კურსებია. ამაზე ფიქრი 2 წლის წინ დავიწყე და 2020-ში აუცილებლად გავუშვებ“.

ვინ არის თაკო ჭაბუკიანი?! 

„არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ თაკო ჭაბუკიანზე. მინდა, პირველ რიგში, ჩემი ნამუშევრებით მიცნობდნენ და არ აღმიქვამდნენ პიროვნული სუბიექტური მახასიათებლებით. დღეს, თაკო ჭაბუკიანი არის მისი ნამუშევრები. შეიძლება, ხვალ, დიზაინის კუთხით, სხვა რამ გავაკეთო. თუმცა, საქმიანობას აღარ შევიცვლი. 70 წლის შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, ისევ ამ სფეროში ვიქნები.

განხილვა