„ქალი ხან ძლიერია, ხან ნაზი, ზოგჯერ ორივე ერთად. ხან შიმშილის გრძნობა აწუხებს, ხან ეძინება, ხან ძალიან ემოციურია. ყველანაირია, როგორიც თვითონ მოუნდება რომ იყოს. რაც მთავარია, უყვარს ბუნება, ანუ საკუთარი თავი, რაც ვიდეოს კულმინაციაშიც ისმის. ამ ქალის აღწერილობა, სინამდვილეში შეიდიშის საცვლების აღწერილობაა, რაც მათ ერთ მთლიანობად აქცევს“, — გვეუბნებიან Studio Gambit-ის გუნდის წევრები, რომლებმაც თაკო ნაცვლიშვილის პირველ ქართულ ეკომეგობრულ თეთრეულის ბრენდ „შეიდიშის“ რეკლამაზე იმუშავეს.
თუმცა ეს რაღაც ჩვეულებრივს ნამდვილად არ ჰგავს, მსგავსად უბრალოდ შემოდგომა/ზამთრის ახალ კოლექციას კი არ გვაჩვენებენ, არამედ „შეიდიშის“ ღირებულებებზე გვესაუბრებიან. ავეჯი, შოკოლადი, სამკაულები, ზეწრები… ამ ყველაფერს ვიდეოში შემთხვევით ნამდვილად არ ხედავთ, თუმცა არც უბრალოდ არჩეული ლამაზი ნივთებია, ქართველ მცირე მეწარმეებს ეკუთვნით, რომელთაც პირველი ქართული ეკომეგობრული თეთრეულის ბრენდი მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც გვითხრეს, „შეიდიშისთვის“, რომლის სახელიც ძველი ქართულიდან მოდის და სწორედ ქალის შიდა სამოსის ან საცვლების აღსაწერად გამოიყენებოდა, ბევრნაირი ქალი ერთ ვიდეოში მოაქციეს, მარკეტერი კი მათ დეტალების გასარკვევად გაესაუბრა.
M: როგორ დაიბადა ახალი კოლექციისთვის მსგავსი ფორმატის ვიდეოს შექმნის იდეა?
თაკო ნაცვლიშვილი: ახალ კოლექციაში მინდოდა, ფემინურობის ყველანაირი აღქმა ამესახა. ზოგადად, ჩემი ბრენდის ფილოსოფია, ეკომეგობრულობის გარდა, იმას უკავშირდება, თუ რამდენად ყველანაირი შეიძლება იყოს ქალი და რომ ეს მხოლოდ მისი არჩევანია. როგორ ხასიათზეცაა იმ წამს, ისეთია. საკუთარი თავის მიმართ სიყვარული ზუსტად ბუნების სიყვარულში გამოიხატება, რადგან ქალი ჩემთვის ბუნების საოცრებაა. ხელნაკეთი და გადამუშავებული ნარჩენებისგან შექმნილი საცვლების ტარებით, ქალი საკუთარ თავს, ანუ ბუნებას სცემს პატივს. ჯერ კიდევ პირველი ვიდეოს გადასაღებად ჩემი ბავშვობის მეგობარს, ამ ვიდეოს სცენარის ავტორსა და რეჟისორს ანა დავითაიას დავუკავშირდი, რომელიც Studio Gambit-ის წარმომადგენელია. ვიდეომ აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან სხვანაირი და უჩვეულოა არამარტო ქართული, არამედ, ზოგადად, Lingerie ბაზრისთვის.
M: „შეიდიშის“ ახალი კოლექციისთვის გადაღებულ ვიდეოზე რომ გვესაუბროთ…
ანა დავითაია: ამ ვიდეოში არ არის არანაირი Male Gaze, რაც საცვლების რეკლამებს ახასიათებს. პოეტური და ემოციურია. გვიზიარებდნენ, რომ ბევრს ჰქონდა სურვილი ეს ვიდეო რამდენჯერმე ენახათ. ყოველ ნახვაზე შეიძლება პატარა, ახალი დეტალი იპოვო, მითუმეტეს დიდ ეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ წინ დიდი გზაა და ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, გვიხარია იმის გააზრება, რომ ამ ნამუშევარში ყველა დეტალი ნაფიქრი და არა-შემთხვევითია. ვიდეოში გამოვიყენეთ ბევრი რეფერენსი კინოფილმებიდან. ამ პროექტზე სულ 6 ადამიანი ვმუშაობდით, გოგოები ძალიან ვდომინირებდით, რაც, ვფიქრობ, ვიდეოსაც ეტყობა. Studio Gambit-ის Production Manager-მა, ნინი ჩიქოვანმა, რომელმაც ასევე განათებაზე იმუშავა, ბევრ მცირე, საინტერესო ბიზნესს მოუყარა თავი და ჩასვა სიუჟეტში. აუცილებლად უნდა ვახსენოთ გიორგი შენგელაია, რომელმაც კამერისა და ფოკუსის ტექნიკოსობის გარდა, გიტარის სოლო დაწერა და შეასრულა. როგორც ყველა ადამიანი, მეც დე-ჟავუების, წამების და მელოდიების ძებნით, გადახვევით და შემდეგ ახლების შექმნით ვტკბები. ამიტომ, ტექსტის ეს ნაწილი განსაკუთრებულად მიყვარს, იგი განსაკუთრებულად გულწრფელია. ვიდეოს კინემატოგრაფიულ ვიზუალსა და ხასიათში, გადაღების სტილისა და სცენარის გარდა, თვითონ Red Monstro-ს კამერამაც შეიტანა წვლილი, რომელიც სხვანაირ სიღრმეს აძლევს კადრებს. თუმცა ამ გამოსახულების შექმნა შეუძლებელი იქნებოდა ტასო უგულავას გარეშე, რომელიც ასევე, ვიდეოს სცენარის ავტორი და რეჟისორია.
M: მუშაობის პროცესში რაზე გააკეთეთ მთავარი აქცენტი?
ტასო უგულავა: ჩვენთვის პრიორიტეტი იყო, გადმოგვეცა პერსონაჟის, „შეიდიშის“ პროდუქციის და გარემოს ბუნებრივი ერთიანობა, რომელიც ასევე ძალიან შთამბეჭდავი და თვალისთვის სასიამოვნო იქნებოდა. გვქონდა ამოცანა, გამოგვეყენებინა განათება ძალიან მხატვრულად, რომელიც, თავის მხრივ, ისტორიის ერთ-ერთი გმირი უნდა ყოფილიყო. თუმცა ამავდროულად უხეშად არ ჩარეულიყო საცვლების ფერში, ტექსტურაში, გარემოში, ყოფილიყო შეუმჩნეველი… მიზან-სცენების სილამაზესა და დახვეწილობაში ძალიან დაგვეხმარა თეკლა კიღურაძე. ლოკაციად მისი სახლი გამოვიყენეთ, სეტის კომპოზიციებს თავად აწყობდა, მისი ფერწერა კი ბევრ კადრში ფიგურირებს. რაც შეეხება კამერის ენას, აქაც ბევრი ვიფიქრეთ, როგორი სინთეზი იქნებოდა სწორი ვიდეოს დრამატურგიას რომ ავყოლოდით. გადავწყვიტე, გაღვიძების მომენტებში უფრო გრძელი, 90-მილიმეტრიანი ლინზა გამომეყენებინა და ამით მეტი ინტიმურობა შემექმნა, შემდეგ კი უკვე მომენტების მომსწრენი ვხდებით პერსონაჟის ცხოვრებიდან და ვადევნებთ თვალს სადღაც იქვე, მაგრამ ოდნავ მოშორებით…
M: რის მიხედვით შეარჩიეთ მთავარი პერსონაჟი?
თაკო ნაცვლიშვილი: მთავარი პერსონაჟის არჩევაში ძალიან ჩართული ვიყავი, რადგან მინდოდა, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო ბრენდსა და მის ესთეტიკასთან. თეკლა ყურაშვილი ძალიან ბუნებრივია, სექსუალური, მაგრამ არა, ვულგარული. „საერთაშორისო სახე“ აქვს, ვერ მიხვდები, რა ეროვნებისაა. თან, შედარებით ახალი სახეა, რაც ძალიან მინდოდა.
M: რას გვეტყვით ვიდეოში გაჟღერებულ ხმებზე?
ანა დავითაია: ვფიქრობ, ამ ვიდეოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ხმაა. ტექსტის მთხრობელი მაშინვე მივხდით, რომ ტასო უნდა ყოფილიყო, მისი სახასიათო, ხავერდოვანი ხმის გამო. მუშაობის პროცესში ერთ-ერთი სახალისო მომენტი სხვადასხვა ხმის ჩაწერა და ვიდეოზე დამთხვევა იყო, ცოტა ხნით ფოლი არტისტები გავხდით. ასანთის ანთება, მცენარის მორწყვა, ყველაფერი ჩვენით ცალკე-ცალკე ჩავწერეთ. რაც შეეხება მუსიკას, რომელიც აგვირგვინებს ამ ვიდეოს, ჰიპ-ჰოპ არტისტს აკუა ნარუს ეკუთვნის. ბითი Poetry, how does it feel-იდან კი ჩვენთვის ზუსტად შეესაბამება ქალების ქაოტურ სიმშვიდეს.
M: კიდევ რას ეტყოდით მარკეტერის მკითხველს?
ანა დავითაია: წინ დიდი გზაა, თუმცა „შეიდიშის“ და „სტუდიო გამბიტის“ კოლაბორაცია ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩვენს არქივში.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი