in

როგორ აისახება Netflix-ისა და Warner Bros.-ის გარიგება ინდუსტრიაზე

Netflix-ი Warner Bros.-ს 82.7 მილიარდ დოლარად ყიდულობს – ამ მასშტაბური გარიგების შესახებ კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა. ეს ნაბიჯი სტრიმინგ-გიგანტს, რომელიც ბაზარზე ისედაც ლიდერობს, კონკურენტებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად წასწევს წინ, რადგან მის აქტივებს Warner-ის შვილობილი HBO-ც ემატება. თუმცა, დომინაციის განმტკიცების პარალელურად, ჩნდება კითხვები – როგორ აისახება ეს ცვლილება მაყურებელსა და ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებზე.

ბოლო პერიოდში სტრიმინგ-პლატფორმების ბაზარზე აშკარა კონსოლიდაცია შეინიშნება, რამაც სამი ძირითადი მოთამაშე გამოკვეთა. Forbes-ის მონაცემებით, ამერიკაში Netflix-ს მომხმარებელთა 55% იყენებს, მას კი Amazon Prime (51%) და Disney+ (49%) მოსდევენ. მსახიობებისა და სცენარისტებისთვის პლატფორმების მსგავსი გამსხვილება ფინანსურ რისკებს ზრდის. ტრადიციული სატელევიზიო მოდელისგან განსხვავებით, სადაც მსახიობები ყოველი განმეორებითი ჩვენებიდან იღებდნენ შემოსავალს, ახალი სისტემა ფიქსირებულ სალიცენზიო გადასახადს ეფუძნება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შემოსავლებს ამცირებს. ამ პრობლემაზე ღიად საუბრობს ალიზა რაინერი, რომელიც Netflix-ის პოპულარულ სერიალში, Orange Is the New Black-ში ციხის უფროსის როლს ასრულებდა. როგორც ის იხსენებს, სტრიმინგის განვითარების საწყის ეტაპზე მსახიობებმა გარკვეული რისკი გასწიეს, თუმცა კომპანიის წარმატება მათ ანაზღაურებაზე სათანადოდ არ ასახულა. რაინერი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ცნობენ და ხალხი მის რეპლიკებსაც კი ზეპირად იმეორებს, მაგრამ თვლის, რომ მისი ფინანსური სარგებელი ამ პოპულარობის ადეკვატური არ ყოფილა.

ახალ გარიგებას მსახიობთა გილდიაც (SAG-AFTRA) გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონსოლიდაცია სერიოზულ კითხვებს ბადებს ინდუსტრიის მომავალზე. მათი პოზიციით, ნებისმიერი შეთანხმება მეტ წარმოებასა და დასაქმებულთა პატივისცემას უნდა ემსახურებოდეს. ანალოგიური წუხილი აქვთ რეჟისორთა გილდიაშიც (DGA) – რადგან Netflix ხშირად ფილმებს პირდაპირ პლატფორმაზე უშვებს და არა კინოთეატრებში, რეჟისორები მიიჩნევენ, რომ ჯანსაღი კონკურენცია და შემოქმედებითი გარემო საფრთხის წინაშეა.

ამ საკითხს ლოს-ანჯელესში მოღვაწე დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტი, ჯონ შაივიციც შეეხო. ის ყურადღებას ამახვილებს საფრთხეზე, რომელიც კინოთეატრში სიარულის ტრადიციას ემუქრება. შაივიცის აზრით, აუდიტორიას კვლავ სურს დიდი ეკრანი, შუქის ჩაქრობის მოლოდინი და ის კოლექტიური ემოცია, რასაც ასობით ადამიანი ერთდროულად განიცდის – მისი თქმით, ამ განცდის ჩანაცვლება სტრიმინგით ან ალგორითმებით შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, კინემატოგრაფისტი აღიარებს, რომ შემოქმედებითი ჯგუფების ფინანსური წუხილი სამართლიანია, რადგან არსებული მოდელი ანაზღაურების კუთხით არასრულფასოვანია. თუმცა, მას აქვს იმედი, რომ ინდუსტრია შეეცდება ხარვეზების გამოსწორებას და ეკონომიკური ფაქტორები ბიზნესს ისევ ფუნდამენტურ პრინციპებთან – ექსკლუზიურ კინოჩვენებებთან დააბრუნებს.

წყარო: Fastcompany

KiwiPost და SOLO ონლაინშოპინგის მოყვარულებს წინასაახალწლოდ ექსკლუზიურ, 30%-იან ქეშბექს სთავაზობენ

სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე – Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა