in

სამსახურში უფრო მეტს უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოწვევაა და არა – სისუსტე. მეტიც, ჩვენი ფსიქიკის უკეთ გაცნობიერება იმ ძლიერი მხარეების აღმოჩენაში გვეხმარება, აქამდე მათი არსებობის შესახებ, წარმოდგენაც კი რომ არ გვქონდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როდესაც საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვიწყებთ, ამ პროცესში საკუთარ თავს უკეთ ვიცნობთ, ვიღებთ მას ისეთს, როგორებიც ვართ და ასე უფრო ნამდვილები ვხდებით ყველა იმ სოციალურ როლში, რომელიც მორგებული გვაქვს. მაგალითად, თანამშრომლის, ლიდერის, პარტნიორის, მშობლის, თუ და ა.შ.

და მიუხედავად ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიტიკული მნიშვნელოვანებისა, პირად თუ კარიერულ ცხოვრებაში ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის, კვლევები თუ დაკვირვებები ცხადყოფს, რომ მენტალური დაავადებების მქონე ადამიანთა მესამედზე ნაკლები იღებს საჭირო მკურნალობას, პირველ რიგში კი, მხარდაჭერას გარშემომყოფებისგან, მათ შორის, დამსაქმებლებისა და კოლეგებისგან.

რა უნდა შეიცვალოს?

21-ე საუკუნეში, ჩვენს ეკონომიკაში ადამიანური კაპიტალი ყველაზე ღირებული რესურსია, რაც გულისხმობს დამსაქმებლების მხრიდან, უფრო მოქნილი, ემპათიური და გონებამახვილური გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი თუ არა, იმავენაირი ყურადღება უნდა მიექცეს, ორგანიზაციების მხრიდან, თანამშრომლების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორც ვთქვათ, დეკრეტული შვებულებისას თუ ფიზიკური ჯანმრთელობის შემთხვევაში ხდება ხოლმე.

საბედნიეროდ, ზოგიერთი კომპანია უკვე ცდილობს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევას საკუთარ კორპორატიულ კულტურაში. სწორი მხარდაჭერით, თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ებრძვიან, შეუძლიათ საკმაოდ მოცულობითი და პროდუქტიული სამუშაოს შესრულება.

ადამიანების უმეტესობამ, რომელთაც შფოთი ან დეპრესია აწუხებთ, ზუსტად არ იციან, როდის ექნებათ შემოტევა. შეიძლება, კარგად გამოვიყურებოდეთ, შესაფერისად გვეცვას და ვიღიმოდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავს კარგად ვგრძნობთ. და თუ გვეცოდინება, რომ ჩვენი სამუშაო გარემო გვიღებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებითვე, უფრო დიდი შანსია, რომ მალე გამოვჯანმრთელდეთ. იმიტომ, რომ შფოთვა ხომ გრძელვადიანი მოლოდინია იმისა, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს… და თუ ამაზე ღიად არ ვისაუბრებთ, უფრო რთული გახდება ჩვენი გამომწვევების ამოცნობა და გამკლავების ჯანსაღი გზების მიგნება.

რა თქმა უნდა, გარდა დამსაქმებლის მხრიდან, მრავალფეროვანი ფსიქიკური მდგომარეობისთვის ღია და გახსნილი გარემოს შექმნისა, საჭიროა, თავადვე ამ პრობლემის მქონე ადამიანის მზაობა, რომ საკუთარ მენტალურ გამოწვევებზე საუბარი გულწრფელად შეძლოს. გამოდის, რომ ეს ორმხრივი პროცესია, რომლითაც საბოლოო ჯამში, უნდა შეიქმნას კულტურა, სადაც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი ბუნებრივია, რომ აქ დასამალი არაფერია… ბუნებრივია, ამ დამოკიდებულებების ცვლილებების შედეგად, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმებიც შემცირდება.

და მაინც, როგორ უნდა შეიქმნას ასეთი ღია გარემო საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე თავისუფლად სასაუბროდ?

დიდი ალბათობით, ასეთი გარემოს შექმნას თავად დამსაქმებლის მიერ, საკუთარი მენტალური გამოწვევების გაზიარება უზრუნველყოფს. გარდა ამისა, თანამშრომელთა დახმარების პროგრამებთან ერთად, ამაზე საუბარი და ზოგადად, განათლებაც ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია. მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი ადამიანების მიერ, თავიანთი პირადი გამოცდილებების გაზიარება, ხელს შეუწყობს თანამშრომლებში ასეთი ქცევის ნორმალიზებას, რომელიც საბოლოო ჯამში, ჯერ თითო-ოროლა კომპანიის, შემდეგ კი, მთელი კორპორაციების კულტურად, ვიმედოვნებთ, რომ იქცევა.

დეპრესიისა და შფოთის ტვირთი შეიძლება, ნებისმიერ პოზიციაზე მყოფს დაემართოს. ცვლილებები იწყება იმით, რომ მენეჯერები და HR პროფესიონალები აცნობიერებენ მათ ამბივალენტურობასა და შინაგან კონფლიქტს, რომელსაც მრავალი ნიჭიერი თანამშრომელი შეიძლება, განიცდიდეს, თუმცა კი ცდილობდეს, მაინც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს საკუთარი კარიერული საქმიანობა.

კორპორატიული კულტურა, სადაც საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი უხერხული არ არის, ანდაც სამსახურის დაკარგვის წინაპირობა არ ხდება, პირიქით, ადამიანებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება და შესაძლებლობას აძლევს, გარშემომყოფების მხარდაჭერით, უფრო პოზიტიურად შეცვალონ ცხოვრება და კარიერა.

წყარო: HBR



ყველაფერი TikTok-ით იწყება! – Ogilvy-ის ნამუშევარი

როგორია ბიზნესის ზრდა Covid-19-ის ეპოქაში – “ონვეის” ქეისი